02/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

ლარის გაუფასურების გამო ივლისის თვეში თბოსადგურებს ელექტროენერგიის გენერაციის ტარიფი გაეზარდათ. ამ მოვლენამ რათქმაუნდა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, რაც შემდგომში, ბუნებრივია დენის სამომხმარებლო ტარიფზეც აისახა.

პირველრიგში დენის სამომხმარებლო ტარიფი 3,95 თეთრით გაეზარდა “ენერგოპრო ჯორჯიას” ქსელში მიერთებულ რეგიონის მოსახლეობას. შემდგომ კი ჯერი თბილისზე დადგა და თელასმა მარეგულირებელ კომისიას ტარიფის კორექტირების მოთხოვნით მიმართა.

კომისიამ აგვისტოს თვეში განიხილა თელასის ტარიფში შემავალი ყველა კომპონენტი (ნორმატიული დანაკარგები, კაპიტალური დანახარჯები, საოპერაციო ხარჯები, ელექტროენერგიის შესყიდვა, ინვესტიციები) აღნიშნულ კომპონენტებში მნიშვნელოვანი ცვლილება 2 კომპონენტს შეეხო.

მარეგულირებელმა თელასს ქსელში არსებული ნორმატიული დანაკარგები, 12,4%-ის ნაცვლად 5,34% განუსაზღვრა, რაც ბუნებრივია ტარიფზე აისახა კლების ტენდენციით, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თელასს ასევე ახალი სახით დაუდგინდა ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი და შეწონილი ფასი 5,480 თეთრის ნაცვლად 11,173 თეთრით განესაზღვრა. აღნიშნულ კომპონენტში მატებამ ზუსტად 5,693 თეთრი შეადგინა.

ყველა კომპონენტის შეჯერებისა და კორექტირების საფუძველზე დღევანდელ სხდომაზე სემეკმა თბილისის მოსახლეობას ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაუდგინა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 11.000 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 14.400 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი – 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ.