02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

თბილისში ტრანზიტული ავტომანქანებისთვის ალტერნატიული გზა გაკეთდება

თბილისში ტრანზიტულად შემომავალი ავტომანქანებისთვის ალტერნატიული გზა გაკეთდება. მოძრაობის განსატვირთად თბილისის მერია მომავალი წლისთვის ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლითაც კახეთის გზატკეცილი თბილისის ზღვას დაუკავშირდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ მოდერნიზებული კახეთის გზატკეცილიდან თავისუფალი მოძრაობა შეიქმნას თბილისის ზღვამდე და განიტვირთოს თბილისში ტრანზიტულად შემომავალი ავტომანქანების რაოდენობა.

როგორც „კომერსანტთან“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზიტული ავტომანქანები თბილისის ცენტრში აღარ იმოძრავებენ, თუმცა, მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება.

პროექტის ღირებულება და დეტალები ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის. როგორც დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, ჯერ პროექტირებაზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რაც მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

„ჯერ ხდება ნებისმიერი პროექტის პროექტირება, გამოცხადდება ტენდერი, შემდეგ კი დაიწყება სამუშაოების განხორციელება. ამ ეტაპზე ეს დაწყებული არ არის, რადგან ეს არის გეგმა, რომელიც 2016 წელს უნდა განხორციელდეს. სწორედ პროექტირებია და სამუშაოების დაწყების შემდეგ გვეცოდინება თანხებიც, ვადებიც და სხვა დეტალებიც“,- აცხადებენ კეთილმოწყობის სამსახურში.

წყარო: commersant.ge