03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

თემურ ჭყონია: ,,ჩვენ ფაქტობრივად თურქეთის ეკონომიკის ნაწილი ვართ”

თემურ ჭყონია ბიზნესმენია, რომელსაც სამი სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში მოუწია ბიზნესის კეთება. ,,კოკა კოლას” და ,,მაკდონალდსის” შემდეგ, ახლა უკვე ,,კასტელს”, ,,ზანდუკელს” და კიდევ რამდენიმე კომპანიას ფლობს. როგორ აფასებს ის ეროვნული ვალუტის გაუფასურების საპასუხოდ, მთავრობის მიერ შემუშავებულ 10 პუნქტიან გეგმას, რამდენად მნიშვნელოვანია რეინვესტირებული მოგების გადასახადის რეფორმა, რა მიმართულებით სჭირდება ბიზნესს ხელშეწყობა და რა გეგმები აქვს უახლოეს პერიოდში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ესაუბრა.

გთავაზობთ ერთ-ერთ მონაკვეთს ინტერვიუდან, სადაც ჭყონია ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. 

– ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარმა უკვე ყველანაირი რეკორდი მოხსნა, როგორ ფიქრობთ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ გაუფასურების შესაჩერებლად და როგორ აისახება ეს ყველაფერი ბიზნესზე?
– ზოგადად ლარის კურსი და ფულის მართვა ამ დარგის სპეციალისტების საქმეა. მე ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ მხოლოდ ჩემი შეხედულება, რომელიც დაფუძნებულია იმ მცირე ცოდნაზე რაც მე გამაჩნია ამ კონკრეტული მიმართულებით.

ლარის კურსზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ექსპორტის ზრდას, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ ქართველი ბიზნესმენები არ ვართ ისეთი ძლიერები, რომ ამ 25 წლის განმავლობაში შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში დიდ პოპულარობას მოიპოვებდა. მაგალითად ისეთი, როგორიც ავსტრიაში შექმნეს ,,რედ ბული”.
ლარის კურსის ასეთი მდგომარეობა მხოლოდ მთავრობის ბრალი არ არის. საუბრობენ რომ კურსის გაუფასურება გამოიწვია აჟიოტაჟმა, ეს საერთოდ გაუგებარია ჩემთვის. თუკი აჟიოტაჟი იწვევს ამხელა ცვლილებებს, დააწყნარე მაშინ ეს აჟიოტაჟი და ყველაფერს ეშველება. თუკი მხოლოდ აჟიოტაჟის გამო ხდება რაიმე ქვეყანაში, მაშინ ძალიან იოლად ყოფილა ყველაფერი. არადა, ხშირად ლარის კურსზე საუბრობენ პოლიტიკოსები რომლებსაც ეს საკითხი საერთოდ არ ეხებათ და ფინანსებთანაც არანაირი კავშირი არ აქვთ.

მე მიმაჩნია რომ კურსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა თურქეთში და თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა. ჩვენ ფაქტობრივად თურქეთის ეკონომიკის ნაწილი ვართ, პატარა წილი დიდ ეკონომიკაში.  ამიტომ, სანამ იქ პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება გაგვიჭირდება კურსის დაჭერა. ასევე, კურსის გაუფასურების შესაჩერებლად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება რაზეც მუდმივად ვსაუბრობ ხოლმე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” #487 ნომერში