”თიბისი ბანკი” გულშემატკივრებს საქართველო-იაპონიის მატჩის დაწყებამდე სხვადასხვა ღონისძიებებს სთავაზობს
საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური პარტნიორი ”თიბისი ბანკი” გულშემატკივრებს დღეს, საქართველო-იაპონიის მატჩის დაწყებამდე საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობს.
სპეციალურად გულშემატკივრებისთვის მოწყობილ ადგილებში – სტადიონის შესასვლელთან, შესაძლებელი იქნება სახის მოხატვა, “ბორჯღალოსნებთან” სამახსოვრო ფოტოების გადაღება და მათი ავტოგრაფების მიღება; იქვე იქნებიან ქართული რაგბის მხარდამჭერთა კლუბის „ბორჯღალოსნების“ წევრებიც, რომლებიც მსურველებს რაგბის წესებს გააცნობენ და კლუბშიც გააწევრიანებენ.
საქართველოს რაგბის ნაკრები დღეს იაპონიის ნაკრებს მასპინძლობს. ნოემბრის ტესტ-მატჩებიდან პირველი თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15.00 საათზე დაიწყება, თუმცა გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა ორი საათით ადრე შეეძლება.
”ბორჯღალოსნებს” ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი აქვთ ჩასატარებელი, აქედან ორი შეხვედრა იაპონიასთან და სამოასთან თბილისში გაიმართება, ხოლო მესამე, შოტლანდიასთან – 26 ნოემბერს. 2016 წელს საქართველოს ნაკრებმა რვა თამაში ჩაატარა – 7 მოგება და ერთი ფრე, რის შედეგადაც გუნდმა მსოფლიო რეიტინგში მე-11-ე ადგილზე გადაინაცვლა. გუნდი მიზნად ისახავს წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას და მსოფლიოს მოწინავე ათეულში დამკვიდრებას.