საზოგადოება

საქართველოში უცხოეთიდან შემომავალი სატელეფონო ზარები რეკორდულად გაძვირდა

საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ღირებულება, როგორც მობილურ, ასევე ფიქსირებულ (ე.წ. ქალაქის ქსელზე) მნიშვნელოვნად გაძვირებულია. მიზეზად 2012 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაწესებული ქვედა ზღვრული ტარიფი სახელდება, რომელიც გარკვეული სახეცვლილებებით მოქმედებს და ტარიფის გაძვირების ტენდენციით დღემდე ძალაშია.

იურიდიული ფირმა GLCC დაინტერესდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროთი და უკვე რამდენიმე წელია წარმოადგენს საერთაშორისო ზარების ტრანზიტით დაკავებულ არაერთ კომპანიას. GLCC ამავდროულად იცავს მათ ინტერესებს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, ისე სასამართლოში.

ტარიფის გაძვირებამ გამოიწვია შემომავალი საერთაშორისო ზარების მნიშვნელოვანი (50%-ზე მეტით) კლება წლიდან წლამდე. მაგალითისათვის, თუ 2012 წელს ყოველთვიურად 41 მილიონი შემომავალი ზარი ფიქსირდებოდა, ამჟამად ეს ციფრი მხოლოდ 14 მილიონს შეადგენს და იგი დღითიდღე კლებულობს.2012 წლის მარტში დროებითი რეგულაციის შემოღება,სწორედკომუნიკაციების კომისიის ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ გამოიწვია. მნიშვნელოვანია, რომ კვლევამ  აჩვენა უარყოფითი ბალანსი ადგილობრივ და უცხოურ ოპერატორებს შორის ანგარიშსწორებისას, კერძოდ, ადგილობრივი ბაზრიდან უფრო მეტი თანხა გაედინებოდა ვიდრე შემოდიოდა ქვეყანაში,“ – განმარტავს იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი.

ცნობისათვის, შექმნილი მდგომარეობის დარეგულირების მიზნით, კომისიამ ჩათვალა, რომ ადგილობრივი ბაზრის სტიმულირებისა და ხელშეწყობისათვის სასარგებლო იქნებოდა დროებითი რეგულაციის შემოღება, რომელიც განსაზღვრავდა უცხოეთიდან შემომავალი ზარების ქვედა ზღვრულ ტარიფს და დააწესა 0,1 აშშ დოლარი მობილურ საერთაშორისო შემომავალ ზარზე და 0,05 აშშ დოლარი ფიქსირებულ ქსელზე. აღნიშნულმა რეგულაციამ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება და ამ ეტაპზე, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ღირებულება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  მქონე ადგილობრივი ოპერატორებისთვის 0,25 აშშ დოლარს, ხოლო ბაზარზე შედარებით მცირე მოთამაშეებისათვის 0,16 აშშ დოლარს აღწევს.აღნიშნულ რეგულაციას დაემატა ის, რომ 2015 წლიდან საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დაწესდა აქციზის გადასახადი, რომელიც შეადგენს 15 თეთრს მობილურ, ხოლო 8 თეთრს ფიქსირებულ ქსელში განხორციელებული თითოეული წუთისთვის.

იურიდიული ფირმა GLCC-ში მიიჩნევენ, რომ ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ, რომელიც გამოიხატება ერთის მხრივ, შემომავალი საერთაშორისო ზარების მკვეთრ შემცირებაში (თვეში 41 მილიონი წუთიდან 14 მილიონ წუთამდე) და მეორეს მხრივ კი, ე.წ. „შავი ტრაფიკის“ მატებაში, ცხადყო, რომ სწორედ  რეგულაციის შემოღებამ უბიძგა ბაზარზე არსებულ გარკვეულ კომპანიებს, უფრო მეტი მოგებისა და შემოსავლების მიღების მიზნით, სხვადასხვა სქემების გამოყენებით, დამალონ შემომავალი ზარები და რეგულაციის გვერდის ავლით, უფრო იაფად გაყიდონ შემომავალი საერთაშორისო წუთები.

„შესაბამისად, ხდება როგორც შემოღებული აქციზის გადასახადის გადაუხდელობა, ასევე ზოგადად, ადგილობრივი ბაზრისათვის და კონკრეტულად მცირე და საშუალო ოპერატორებისათვის მნიშვნელოვანი და გამოუსწორებელი ზიანის მიყენება,“ – განმარტავს ირაკლი გაფრინდაშვილი და აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ დროებით რეგულაციას, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებს, შეიძლება ითქვას, დაკარგული აქვს თავისი პირვანდელი ფუნქცია, რომელიც ბაზარზე არსებული ნეგატიური მოვლენების პრევენციას ემსახურებოდა.

გასათვალისწინებელია ერთი დეტალი, კომუნიკაციების სფეროში ბაზარზე არსებულმა ტენდენციამ ცხადყო, რომ რეგულაციის შემოღებისა და მასზე საგადასახადო წნეხის დამატებით, ფაქტობრივად მოხდა საერთაშორისო ზარების ტრაფიკის გაქრობა ბაზრიდან, თუმცა ეს ზარები არსად  გამქრალა, უბრალოდ მოხდა მათი ოფიციალური სტატისტიკური და ფინანსური მონაცემებიდან ამოღება, ხოლო ფულის ის ნაკადი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე უნდა დარჩენილიყო და მისი ნაწილი აქციზის გადასახადის სახით უნდა შესულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, სხვადასხვა სქემების მეშვეობით იმალება, რისი კონტროლიც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი მცირე კომპანიებისათვის დამატებითი ტვირთის მატარებელია მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მხრიდან ისეთი მოთხოვნების წარდგენა, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო ზარების მათ ქსელში განხორციელების ნებართვის მიღების სანაცვლოდ, საბანკო გარანტიისა და დეპოზიტის დადება ან საავანსო ანგარიშსწორება, რაც ზემოთ მოცემული მაღალი ტარიფების ფონზე, საკმაოდ რთული შესასრულებელი ფინანსური ტვირთია ბაზრის მცირე მოთამაშეებისათვის. ექსპერტებისაქართველოში მოქმედი რამდენიმე მცირე და საშუალო ოპერატორი კომპანიის საქმიანობის შეჩერებას სწორედ საქართველოს ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას უკავშირებენ. „მათთვის შეუძლებელია ასეთ საბაზრო პირობებში ფუნქციონირება და ბიზნესის რენტაბელურობის შენარჩუნება,“ – აღნიშნავს იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან  აღნიშნული საკითხის უფრო მკაცრად და ეფექტიანად კონტროლის აუცილებლობაზე მიანიშნებს, კერძოდ, დაწესდეს ქსელის მფლობელი ოპერატორების მონიტორინგის ახალი და მძლავრი რეგულაციები, რათა მოხდეს ბაზრის გაჯანსაღება და ყველა ოპერატორის ინტერესების გათვალისწინებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ან მოცემული „დროებითი“ რეგულაციის გაუქმება საერთაშორისო და ადგილობრივი ზარების ღირებულების გათანაბრების მიზნით, რაც  შექმნილი მდგომარეობიდან ლოგიკური გამოსავალი იქნება.