საზოგადოება

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ გაიმართა

„თიბისი გალერეამ“ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენას და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.

კონკურსი „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ორგანიზებით წელს უკვე მეექვსედ ტარდება. პროექტის მხარდამჭერი „თიბისი ბანკია“. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაესწრნენ.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ ფონდმა 2016 წლის თებერვალში გამოაცხადა. წარდგენილი 42 განაცხადიდან კონკურსის მეორე ეტაპისთვის შეირჩა 26 ნამუშევარი, რომლებიც „თიბისი ბანკში“ გამოიფინა, გამოფენის პარალელურად, ჩატარდა პრეზენტაციები პროექტების შესახებ. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები. კერძოდ, გრანპრი გადაეცათ ახალგაზრდა გამომგონებლებს გიორგი ნიორაძეს და ვახტანგ კონტრიძეს, რომლებმაც პროექტი „მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“ წარმოადგინეს. ისინი საზღვარგარეთ გაემგზავრებიან შემეცნებითი ტურით. I ადგილის მფლობელები გიორგი ფხაკაძე და მარია ერაძე გახდნენ პროექტისთვის „ახალი თაობის „ცოცხალი“ საკვების შემუშავება საქართველოს სანედლეულო რესურსების რაციონალური გამოყენებით“. ისინი 5 000 ლარით დაჯილდოვდნენ. რაც შეეხება მე-2 და მე-3 ადგილებს, ისინი შემდეგნაირად გადანაწილდა: II ადგილისა და 3 000 ლარის მფლობელები გახდნენ გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე, რომლებმაც პროექტი „გვირილა მზის პანელის პარაბოლოიდური რეფლექტორის განშლადი კონსტრუქცია“ წარმოადგინეს, III ადგილზე კი ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და თამარ კორკოტაშვილი გავიდნენ პროექტისთვის „მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა“. ისინი კონკურსის ორგანიზატორებისგან 2 000 ლარით დაჯილდოვდნენ. „თიბისი ბანკმა“ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში საკუთარი რჩეული გამოავლინა და ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული საათი ახალგაზრდა გამომგონებელს რეზო კაპანაძეს გადასცა პროექტისთვის „გონიერი ავზი“. საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ავტორები (მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეები) საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე – Intel ISEF (https://student.societyforscience.org/intel-isef) ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. კონკურსი ხორციელდება ორი მიმართულებით: სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები, ფიზიკა და ასტრონომია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები და სხვა. წლევანდელ კონკურსზე 10 ექსპერტისაგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ იმუშავა. ექსპერტები მოიცავენ კონკურსით გათვალიწინებულ ყველა მიმართულებას. გამოგონებად ითვლება იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტის იდეა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება რამდენიმე კრიტერიუმისა (საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი) და კონკურსის ეტაპებზე მოპოვებული ქულების გათვალიწინებით.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის“ ადმინისტრირებას „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ 2010 წლიდან ახორციელებს. ამ დროიდან დღემდე კონკურსში წარდგენილი იყო 326 საკონკურსო განაცხადი, რომელთაგან 45 პროექტმა გაიმარჯვა და გამოგონებად ჩაითვალა.