01/05/2024
Latest:
ეკონომიკა

Turkish Airlines–ის, TAV Holding–ის და Pegasus–ის აქციები უფასურდება

ვერშემდგარმა ამბოხმა, შესაძლოა, თურქეთის ეკონომიკაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინოს. ინვესტორები ყიდიან თურქულ აქტივებს, რადგან ეშინიათ ახალი რყევების ქვეყანაში. თურქეთი, რომელსაც სასიცოცხლოდ ესაჭიროება უცხოური ინვესტიციები, შესაძლოა, კაპიტალის მასშტაბური გადინების ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს.

სტამბოლის საფონდო ბირჟის გახსნამდე ერთი დღით ადრე ცენტრალურმა ბანკმა საგანგებო სხდომა გამართა ქვეყნის ბანკების ასოციაციის წევრებთან. გამოცემა Haberturk–ის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ბაზარზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგების მინიმიზაცია. თურქეთის ცენტრალური ბანკი არწმუნებს ინვესტორებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მზადაა ბანკები უზრუნველყოს ულიმიტო ლიკვიდურობით, რათა შენარჩუნებულ იქნას ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა.

ინვესტორების დაწყნარებას თურქეთის პრემიერმინისტრი მეჰმეთ შიმშეკიც შეეცადა, რომელმაც Twitter–ზე დაწერა, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური საფუძველი მყარია და შეშფოთების არავითარი მიზეზი არ არსებობს.

თუმცა ინვესტორებში შეშფოთების ნიშნებმა უკვე პარასკევს იჩინა თავი, როგორც კი სამხედრო არეულობის შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა.

არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების პირველი დარტყმა თურქულ ვალუტამ იგრძნო: პარასკევს ლირას კურსი 7–წლიან მინიმუმამდე დაეცა და დოლარზე 3,0157 ლირა შეადგინა (–4,6%).

საინვესტიციო ფონდ iShares MSCI Turkey ETF–ის აქციები, რომლებიც თურქული კომპანიების ფასიან ქაღალდებთანაა მიბმული, 2,5%–ით, 41,6 დოლარამდე გაიაფდა ნიუ–იორკის სესიის შედეგად.

დღეს თურქულმა ლირამ მოახერხა პოზიციების ნაწილობრივ აღდგენა და დოლარზე 2,93 ლირას ნიშნულს დაუბრუნდა.

სტამბოლის საფონდო ბირჟაზე Borsa Istanbul–ზე ვაჭრობა ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების კოტირებების შემცირებით დაიწყო. BIST National-100 2,48%–ით, 80769,14 პუნქტამდე დაეცა.

თურქეთის ერთერთი უმსხვილესი ბანკის Akbank–ის აქციები 2,13%–ით გაიაფდა, სიდიდით მეორე ფინანსური ორგანიზაციის Garanti Bank–ის აქციები კი 3,21%–ით დაეცა. თურქული რითეილერის Bim A.S.–ის ფასიანმა ქაღალდებმა 0,52%–ით დაიკლო. თურქული სატელეკომუნიკაციო ქსელის Turkcell–ის აქციები 0,71%–ით შემცირდა, თურქეთის უმსხვილესი სამრეწველო კონგლომერატის Koç Holding–ის კოტირებები კი 1,34%–ით დაეცა.

ყველაზე მეტად პოლიტიკური არასტაბილურობა ტურისტული და სატრანსპორტო–ლოგისტიკური კომპანიების აქციებზე აისახა.

მაგალითად, ნაციონალური ავიაკომპანიის Turkish Airlines–ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება ვაჭრობის დასაწყისში 5,2%–ით შემცირდა. აეროპორტის თურქული ოპერატორის TAV Holding–ის აქციები 5,93%–ით გაუფასურდა, ლოუკოსტერ Pegasus–ის ფასიანი ქაღალდები კი 3,79%–ით.

თურქეთი შედის მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკების ოცეულში. 2015 წელს ქვეყნის მშპ 3,8%–ით გაიზარდა, 2016 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,8% შეადგინა და ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 წლის შედეგებით თურქეთის მშპ 3,8%–ით გაიზრდება, რაც 0,6%–ით აჭარბებს საერთო მსოფლიო ზრდის მაჩვენებლებს.

საფონდო ბაზრის ზრდის ტემპებით თურქეთი მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს– ზრდამ 15% შეადგინა.

ერთერთი დარგი, რომელიც თურქეთისთვის უცხოური ვალუტის მსხვილი წყაროა, ტურიზმია. თუმცა გახშირებული ტერაქტებისა და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე თურქეთში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა.

2016 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში თურქეთს 8,3 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც თითქმის 23%–ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე.

წელს თურქეთის ტურიზმმა შესაძლოა 15 მილიარდი დოლარი დაკარგოს – ასეთია თურქეთის ინვესტორთა და ტურიზმის ასოციაციის (TYD) პროგნოზი.

2015 წელს ტურიზმმა ქვეყანას დაახლოებით 31,5 მილიარდი დოლარი მოუტანა. ანტალიის სავაჭრო–სამრეწველო პალატის შეფასებით, დარგმა შესაძლოა წელს 80–100 ათას სამუშაო ადგილი დაკარგოს ტურისტული ნაკადის შემცირების გამო.

თურქეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს 16,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 26%–ით აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. 2016 წელს ინვესტიციების ნაკადმა შემცირება დაიწყო.

2016 წლის იანვარ–მაისის პერიოდში უცხოური კაპიტალის მოცულობამ 15,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მხოლოდ 2,3 მილიარდია. ეს კი ორჯერ ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორები ერიდებიან თანხების ჩადებას თურქეთის გრძელვადიან საინვესტიციო პროექტებში და „ცხელი,“ მოკლევადიანი საინვესტიციო აქტივობებით შემოიფარგლებიან თურქეთის საფონდო ბირჟაზე.

15 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ შესაძლოა უცხოელი ინვესტორების მხრიდან საინვესტიციო გეგმების გადახედვა გამოიწვიოს.

ამერიკული Key Private Bank–ის მთავარი საინვესტიციო სტრატეგოსის ბრიუს მაკკეინის შეფასებით, თურქეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, გაააქტიურებს კონტროლს ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც ბიზნესზე ზეწოლას გააძლიერებს. ეს, თავის მხრივ, უცხოელ ინვესტორებს დააფრთხობს.

2015 წელს თურქეთში უკვე დაფიქსირდა კაპიტალის მაქსიმალური გადინება 2009 წლის შემდეგ – ამ მაჩვენებელმა 10 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ბიზნესი ისეთი ვეღარ იქნება, როგორც ადრე იყო, – დარწმუნებულია Wells Fargo Funds Management–ის წარმომადგენელი ბრაიან ჯეიკობსენი, – ჩვენ, სავარაუდოდ, დავინახავთ უცხოური კაპიტალის გადინებას ქვეყნიდან, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობა ქმნის დამატებით რისკებს, რომლების თავიდან აცილებასაც ინვესტორები შეეცდებიან.“

წყარო: კომერსანტი