02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რას წარმოადგენს “ფაზის ოილი”, რომელმაც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს

 

ფაქტობრივად, პროექტს სახელშეცვლილი ,,მალტიპლექს სოლუშენსი” განახორციელებს, საქართველოს მთავრობასთან 2012 წლის სექტემბერში დადებული ხელშეკრულების შესაბამისად

მიმდინარე კვირაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საქართველოში, კერძოდ ყულევში, ნავთობგადამამუშავებელი  ქარხნის აშენება იგეგმება. ციფრები, რომლებიც აღნიშნულ ქარხანას უკავშირდება, საკმაოდ შთამეჭდავია. ინვესტიციის მოცულობა 120 მილიონი დოლარია, ქარხანას კი წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო-5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური საწვავის წარმოების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ასევე,  ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად, 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.

კითხვები, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო იბადება, ეხება ინვესტორი კომპანიის ვინაობას. პირვანდელი ინფორმაციით ყულევში ქარხნის აშენება აზებაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს დაეკისრა. ინფორმაციას აზერბაიჯანული “რეპორტი” ავრცელებს, რომლის მიხედვითაც SOCAR-ს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება მიღწეული აქვს.

თუმცა ყველაფერი აურ-დაურია SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ზაჰირ მამედოვმა.

“ამ ეტაპზე SOCAR-ს საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის გეგმა არ აქვს”, – განაცხადა მამედოვმა.

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე დღეში ქარხნის მშენებლობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ქარხნის მშენებლობის, ასევე ადგილზე თიზ-ის მოწყობის ვალდებულება “სოკარ ჯორჯია ინვესტმენტის” უფლებამონაცვლე კომპანიამ “ფაზის ოილმა” აიღო. საჯარო რეესტრში კომპანიის რეგისტრაციის თარიღად 2012 წლის 12 იანვარია მითითებული. ასევე, საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შვეიცარიაში დარეგისტრირებული სს “სტრიმტრეიდია” (ყოფილი Multiflex Solutions).

კომპანიამ “სოკარ ჯორჯია ინვესტმენტში” “ტრიდანის” და “აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის” (SOCAR) წილები, ჯამში 100% შეიძინა და აიღო ვალდებულება, რომ გააუქმებს ამ პროექტებისთვის გაცემული წინა მფლობელების  თავდებობას ან გამოითხოვს გარანტიებს.

ეკონომიკის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ ახალი  ინვესტორია შპს “ფაზის ოილი”. იგი წარმოადგენს შპს “სოკარ ჯორჯია ინვესტმენტის”  უფლებამონაცვლეს, რომელსაც ყურადღება მიაქციეთ,  2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება რეგიონში მრეწველობის განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე, რამდენადაც კომპანიის დაპირებისამებრ, წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე.

სამწუხაროდ, დეტალების კიდევ უფრო დაზუსტების მიზნით, “ფაზის ოილ”-თან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან  საქართველოში მათი წარმომადგენლის ვინაობის დადგენა ძალიან რთული ამოცანა აღმოჩნდა.