03/05/2024
Latest:
საზოგადოება

ვახტანგ ხმალაძე – თამბაქოს რეგულაციების რადიკალური გამკაცრების მომხრე არ ვარ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თამბაქოზე რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს რადიკალურია და ამის გამო ნაკლებად ეფექტური იქნება.

„კანონპროექტში არის საკითხები, რომლებიც, ვფიქრობ, შესაძლებელია რეალურად განხორციელდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცვლილებები არის ძალიან რადიკალური. რადიკალური ცვლილებები კი ყოველთვის რთულად აღსასრულებელია, რადგან იმ ჩვეულებების მკვეთრი ცვლილება, რომლებიც ადამიანებშია ერთბაშად ძნელი შესაცვლელია, იწვევს შინაგან პროტესტს და ამიტომ ადამიანები ადვილად არღვევენ ხოლმე ამ აკრძალვებს.

მე ნაბიჯ-ნაბიჯ შეზღუდვების მომხრე უფრო ვიქნებოდი, ვიდრე ერთბაშად ყველას და ყველაფრის შეზღუდვის“,- აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, არ შეიძლება ერთნაირად აიკრძალოს თამბაქო და ე.წ ელექტრონული სიგარეტი, ვინაიდან ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლებ საზიანოა.

„მაგალითად, ვფიქრობ, არასწორია ერთნაირად შეიზღუდოს თამბაქო და ე. წ ელექტრონული სიგარეტი. ამას მარტივი მიზეზი აქვს. ფაქტია, ელექტრონული სიგარეტი ნაკლებად მავნეა, ვიდრე თამბაქო. თუ თამბაქოს მწეველი თავს ანებებს მას და გადადის ელექტრონულ სიგარეტზე ამით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მაშინ, რატომ ავკრძალოთ ელექტრონული სიგარეტიც ზუსტად ისე, როგორც თამბაქო?

პირველ ეტაპზე იქნებ ჯობდეს, არ ავკრძალოთ და ამით ხელი შევუწყოთ იმას, რომ თამბაქოს მოწევას თავი დაანებონ. შემდეგ ვიფიქროთ უკვე ელექტრონული სიგარეტის აკრძალვაზეც. ეს არის დაახლოებით ის დამოკიდებულება, რის გამოც მე ასეთ ცვლილებებს, რადიკალურ შეზღუდვებს მხარი არ დავუჭირე“, – განმარტა ხმალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამბაქოზე რეგულაციების გამკაცრების სხვა მხარეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული კანონპროექტის მიღება დამაზარალებელი იქნება.

„რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, რასაკვირველია, ყველანაირი შეზღუდვა შესაბამისი ბიზნესით ვინც არის დაკავებული მათ დააზარალებს. მაგრამ როდესაც დგას ალტერნატივა, ჯანმრთელობა, თუ შეზღუდვის არქონა, მე მხარს დავუჭერ ჯანმრთელობას.

ეკონომიკური მოგება რისთვის არის საჭირო? რისთვის სჭირდება ხალხს ფული? იმისთვის, რომ უკეთ ვიცხოვროთ და უკეთ ცხოვრების ერთ-ერთი და უმთავრესი განმსაზღვრელი არის ჯანმრთელობა. ამიტომ ჩემთვის ეკონომიკური მხარე ნაკლებად მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და შემცირდეს ამით ზიანის მიყენება მათთვის, ვინც არ მოიხმარს, მაგრამ შესაბამის გარემოშია. ოღონდ ეს უნდა მოხდეს გონივრულად, არა ისეთი ნაბიჯებით, რომელიც შეიძლება დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი და რეალურად არარეალიზებული.

ვახტანგ ხმალაძე თამბაქოს ალიანსის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ხმალაძე პირადი (მწეველის) ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობს და არა საზოგადოებისა.

„ყველამ თავისი ბრალდებები თავისთვის შეინახოს. მე ავხსენი ჩემი პოზიცია. იმდენი ბრალდება მომისმენია, რომ სანამ არ მოსწყინდებათ, მანამდე ილაპარაკონ“,- განაცხადა ხმალაძემ.