საზოგადოება

მალე 255 სოფელი დაცარიელდება

საქართველოს სოფლები დემოგრაფიული კოლაფსის წინაშეა, რასაც აღწერის შედეგებიც ადასტურებს.

პრობლემა ყოველწლიურად მწვავდება და უფრო მეტი მოსახლე ტოვებს განსაკუთრებით მთიან სოფლებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს,  2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 255 სოფელია, სადაც 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს. შესაძლოა, ძალიან მალე ისინი შეუერთდეს იმ 223 სოფელს, რომლებიც გაუკაცრიელებულია.

დემოგრაფიული პრობლემების წინაშე რამდენიმე რეგიონია, მათ შორის, ყველაზე რთული ვითარება მცხეთა-მთიანეთშია. ამ რეგიონში 111 სოფელია, სადაც თითო-ოროლა ადამიანი ცხოვრობს. 71 სოფელში 5 ან ნაკლები მცხოვრებია, ხოლო 39-ში 6-დან 10 კაცამდეა. ყველაზე სავალალო მდგომარეობაა დუშეთის რაიონში, რომლის 93 სოფელში 10 კაცზე ნაკლები ბინადრობს.

შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი. იქ 20 სოფელში 5 კაცამდეა, ხოლო 17 სოფელში 6-დან 10-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ანალოგიური სიტუაციაა შიდა ქართლში, რომლის 29 სოფლიდან 18 სოფელში 5 კაცამდეა, ხოლო 11-ში 6-დან 10-მდე ადამიანი ცხოვრობს.

დემოგრაფიული ვითარების დამძიმებაზე ამახვილებს ყურადღებას დემოგრაფი ანზორ თოთაძე. მან აღწერის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სასწრაფო ზომებია მისაღები. მოსახლეობის მიგრაცია სოფლებიდან მზარდია და სტატისტიკური მატება საქართველოს რეგიონებში არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება.

“2002 წლის აღწერიდან 2014 წლის აღწერამდე სოფლის მოსახლეობა ნახევარი მილიონი მცხოვრებით შემცირდა, რაც განგაშის საფუძველია.

თუ დღეიდან არ დაიწყო სიტუაციის გამოსწორება, მომდევნო აღწერა კიდევ უფრო საშინელ შედეგს მოიტანს. უკვე 223 სოფელი გაუკაცრიელდა. კიდევ ასობით დასახლებული პუნქტია, სადაც ცხოვრობს 1-დან 5 კაცამდე ან 6-დან 10 კაცამდე. კიდევ რამდენიმე წელი და ეს სოფლებიც მუდმივი მოსახლეობის გარეშე დარჩება. ამ ყველაფერს ბიძგი მისცა სოფლად შობადობის შემცირებამ. მოსახლეობის ბუნებრივი მატების 80% მოდის ოთხ ქალაქზე – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი.

თუ რელიგიური აღმსარებლობის ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ რეგიონებში, სადაც არის მუსლიმი მოსახლეობა, მაგალითად საგარეჯოში, ბუნებრივი მატება აშკარაა. გურჯაანში კი ასეთი ვითარება არ არის, რადგან იქ მუსლიმები არ ცხოვრობენ.

ყველა სხვა პრობლემას ემატება ისიც, რომ სოფლის მეურნეობა თითქმის განადგურებულია, რაც შობადობაზე უარყოფითად მოქმედებს. ხალხს არ აქვს საარსებო საშუალება. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისე მოიშალა სოფლის მეურნეობა, რომ აღარ ვიცით, ამის გამოსასწორებლად რა უნდა გაკეთდეს.

ამ ყველაფერს ის ადამიანებიც უნდა მივუმატოთ (350 000 ადამიანი), რომლებმაც პატიმრობის მძიმე წლები გამოიარეს. მათ ქონება წაართვეს, არ დაუტოვეს საარსებო მინიმუმიც კი. ზოგიერთი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქირით ცხოვრობდა, რის გამოც ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, მოქმედებს დემოგრაფიაზე.

დიდი დაკვირვებისა და მუშაობის შემდეგ უნდა შემუშავდეს ისეთი პოლიტიკა, რომ გადარჩეს ქართული სოფელი. სხვა შემთხვევაში მდგომარეობა გაუარესდება”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ანზორ თოთაძემ.

იმაზე, რომ რეგიონს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი და შეღავათები, ყველა სპეციალისტი თანხმდება. საჭიროა სოფლის მეურნეობის სისტემური განვითარება, რომლის შემუშავებასაც მოქმედი ხელისუფლება აპირებს კიდეც. ახალმა პროგრამამ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის არა მარტო ადგილზე დაკავება, არამედ დაბრუნებაც. ეს პროცესი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

“ბოლო აღწერის მიხედვით, სოფლად მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. მძიმე სურათი გვაქვს საქართველოს რეგიონებში დემოგრაფიის მხრივ. აშკარაა, რომ სოფლებში იკლებს 16 წლამდე ბავშვების რიცხოვნობა და იზრდება 60 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა. ეს უკვე საგანგაშოა. ამას იწვევს ის, რომ სოფლად არ არის ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული პირობები.

სააკაშვილის მახინჯი პოლიტიკის გამო დაიწყო რეგიონებში სკოლებისა და საბავშვო ბაღების გაუქმება. საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიკვიდაციას კი ავტომატურად მოსდევს დემოგრაფიული ვითარების შეცვლა. წარმოუდგენელია, ბავშვმა 7 კილომეტრის დაცილებით იაროს სკოლაში. ახალი მთავრობა მუშაობს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და იმედი მაქვს, რომ ის წლის ბოლოს მზად იქნება”, – განუცხადა “რეზონანსს” აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა და იმ კონკრეტულ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სოფლის განვითარებისთვის საჭიროა.

“ეს გაცილებით დიდი თემაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. სოფლის მთავარი ფიგურა გლეხია, ეს უნდა გვახსოვდეს. როგოც კი მას გაეზრდება ხელმისაწვდომობა საბავშვო ბაღთან, სკოლასთან, კავშირგაბმულობასთან, მოხდება სოფლის გაზიფიკაცია და ელექტროფიკაცია, სამედიცინო დაწესებულებები შეიქმნება და ა. შ. უკვე დადებითი ცვლილებები გვექნება. ადამიანი აღარ გაიქცევა სოფლიდან, რათა თავს უშველოს და სადმე უკეთესი პირობები ეძიოს.

საქართველოში სოფლის მეურნეობისა და თავად სოფლის განვითარება უნდა მოხდეს კომპლექსურად. ახლა მთავარი ამოცანაა, სწორად შევიმუშაოთ ეს პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად დაარეგულირებს დემოგრაფიულ პრობლემებს”, – აღნიშნა კოღუაშვილმა.

დემოგრაფიულ პრობლემებს ცივილიზაციის განვითარების თანმდევ პროცესად მიიჩნევს დემოგრაფი გიორგი წულაძე. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, ასეთი დილემის წინაშე არა მარტო საქართველო, არამედ მთელი ცივილური მსოფლიო დგას. მის გამომწვევ მიზეზად კი შობადობა და სოციალურ-ეკონომიკური განუვითარებლობა სახელდება.

“ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა, ასეთი გადაუჭრელი საკითხის წინაშე დგას მსოფლიოც. მთავარი გამომწვევი მიზეზი, სოფლად შობადობის შემცირებასთან ერთად, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაცაა. სოფლად შობადობისა და ბუნებრივი მატების პროცესი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქალაქში, მაგრამ დღეს სტატისტიკა გათანაბრდა. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს, უკვე ბუნებრივი პროცესია და ხელოვნურად მისი შეჩერება წარმოუდგენელია.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში სოფლად რჩება მოსახლეობის ის წილი, რომელიც უზრუნველყოფს მეურნეობის განვითარებას. ჩვენთან ეს ნაწილი ქალაქისკენ იძვრის, უნდათ, რომ დასაქმდნენ, უფრო მეტად განვითარდნენ, რადგან საქართველოს რეგიონები ამის საშუალებას არ იძლევა. ამ დროს ქალაქი ამდენ მოსახლეს ვერ იტევს და ვერც უზრუნველყოფს სოციალურად. ვითარება რომ გამოსწორდეს, საჭიროა, ქვეყანამ იზრუნოს რეგიონალურ განვითარებაზე, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით”, – განაცხადა გიორგი წულაძემ.

გაზეთი “რეზონანსი”