ვაშლიჯვარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, საკრებულოსა და სამშენებლო კომპანია ,,გიკო’’-ს წარმომადგენელთან ერთად ჩადო.
თბილისის მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მათთვის თბილისის მერია 10 ახალი ბაღის მშენებლობას იწყებს.
„ათივე ბაღის მშენებლობა დაიწყება ზაფხულში და მომდევნო წლისთვის დასრულდება. ამაზე კარგ საჩუქარს ჩვენ ბავშვებს ვერ გავუკეთებდით. ქალაქში, საბავშვო ბაღებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, ბაღების მშენებლობა არის ნომერ პირველი ჩვენი ამოცანა და მას ღირსეულად ვასრულებთ. სულ უფრო მეტ ბავშვს გავუჩენთ იმ სივრცეს, რაც მათ ნორმალური აღზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ვაშლიჯვრის ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წლის პირველ ნახევარში შევა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის 2 194 868 ლარია გათვალისწინებული.
საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება და სააღმზრდელო პროცესში ჩართვას, დამატებით, 350-მდე ბავშვი შეძლებს.