საზოგადოება

რას მოუტანს სოფლებს საყოველთაო ინტერნეტიზაცია

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობასთან ერთად ადგილებზე დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარებაც იგეგმება

მთავრობამ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრამის მიხედვით გაწერილია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების ქალაქისა და სოფლისათვის.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

“მოგეხსენებათ, რომ თვეების წინ ჩვენ მივიღეთ სტრატეგია. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი საქართველოს ტერიტორია იდენტიფიცირებულ და დაყოფილი იქნა რამდენიმე ზონად. სახელმწიფო პროგრამა ფაქტობრივად, კერძო სექტორთან ერთად, ისე მომზადდა, რომ განისაზღვრა სხვადასხვა დაინტერესების ზონები და არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული ან საერთოდ არ არსებობს დღეს ინტერესი და ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, რომ ინტერნეტი იქნას შეყვანილი, მთლიანად ფონდი “ქართუ” აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. ეს პროგრამა, სავარაუდოდ, წინასწარი ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, ვინადაინ ინფორმაციის წვდომა არის მთავარი წინაპირობა თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების. ვფიქრობთ, რომ როგორც განათლებისთვის, ისე ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ძალიან კარგია, რომ ჩვენ ასეთ მოკლე პერიოდში შევძელით ისე დაგვესტრუქტურირებინა ეს პროექტი, რომ მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თავლსაზრისით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი ხორციელდება ფონდი “ქართუსა” და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია Open Net, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის.

“მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ავაგებთ, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში მოინდომებს, რომ მიუერთდეს ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, იქნება დაშვებული მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე. ასე, რომ ეს არის მკაფიო მაგალითი, ერთი მხრივ, ქველმოქმედების და მეორე მხრივ, ისეთი პროექტი, რომელიც არის ნამდვილად თვალსაჩინო მაგალითი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარნიტორობის თვალსაზრისით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, – რას მოუტანს სოფლებს საყოველთაო ინტერნეტიზაცია და როგორ შეეძლებათ ადგილობრივებს სახელმწიფო პროექტით სარგებლობა.

ბიზნესი და მთავრობის წევრები სამთავრობო პროგრამაზე დიდ იმედს ამყარებენ. პროექტი რამდენიმე საფეხურისგან შედგება და მათ შორის ერთ-ერთია ვაუჩერული დაფინანსება.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური აცხადებს, რომ ინტერნეტის ქსელის რეგიონებში გაყვანის შემდეგ მთავრობამ პროდუქტის მოთხოვნის სტიმულირება უნდა მოახდინოს, რისთვისაც ვაუჩერულ სისტემას გამოიყენებს. “დაგეგმილია 3 წლის განმავლობაში და შემდეგაც, მოსახლეობის ვაუჩერიზაცია. პირველ ეტაპზე სახელმწიფომ მოსახლეობას გარკვეული პრინციპით დაურიგოს ვაუჩერები, რომლითაც მოხდება მათ მიერ ამ პროდუქტის შესყიდვა”,- აცხადებს ბექაური. ვაუჩერიზაციის სისტემისთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი დოლარის სესხიდან 9 მილიონ დოლარამდე თანხაა გათვალისწინებული.

“უკვე არსებობს მსოფლიო ბანკის სესხი – 40 მილიონი დოლარი, რომლის ერთი ნაწილიც მოხმარდება ტექნოპარკების და ინოვაციური ცენტრების გახსნას რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ინტერნეტზე ჰქონდეს წვდომა. აქედან, 9 მილიონ დოლარამდე დამტკიცებულია ვაუჩერიზაციისთვის”, – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი.

კახა ბექაურის თქმით, ასევე გაფართოვდება განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები პროექტისთვის, რომელიც სკოლების კომპიუტერიაზაციას ითვალისწინებს. სამომავლოდ ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებისთვის გაჯეტების დარიგება. როგორც ბექაურმა განაცხადა, თვითონ ვაუჩერიზაციის მოდელი დაზუსტებული არ არის, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ამ ყველაფრის განხილვა მოხდება საჯაროდ და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება შემოდგომაზე იქნება მიღებული.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამას დადებითად აფასებენ ის მეწარმეები, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ სოფელთან და მათი ბიზნესიც სამეურნეო საქმიანობას უკავშირდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის “თაფლის საჩინოს” თავმჯდომარე მინდია ქავთარაძე ამბობს, რომ ინტერნეტიზაცია რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოიყვანს. მისი შეფასებით, ადგილობრივები მიიღებენ ინფორმაციას თუნდაც იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს და შეეცდებიან, გამოიყენონ მათთვის შეთავაზებული შესაძლებლობები.

ინტერნეტიზაცია მაღალმთიან სოფლებში დარჩენილი ახალგაზრდობის მთაში დამაგრებასაც შეუწყობს ხელს. “ახალგაზრდა რატომ მიდის სოფლიდან? იმიტომ, რომ არ არის ინტერენტი, გზა, სკოლა, ბაღი. ეს რომ მოგვარდება, შემდეგ გზის პრობლემა მოგვარდება, შემდეგ რამე საწარმო აშენდება და დასაქმდება ხალხი”, – აცხადებს კოოპერატივის ხელძღვანელი.

“მარნეულის” სასურსათო ქარხნის დირექტორი ირინა გაფრინაშვილი კი ფიქრობს, რომ ინტერნეტიზაცია მცირე მეწარმეებს ბევრად გაუიოლებს საქმიანობას და ისინი უფრო მარტივად შეძლებენ თუნდაც პარტნიორების მოძიებას ინტერნეტის მეშვეობით.

“დღეს საქმის წარმოება ინტერნეტის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ ბევრად გაუმარტვდებათ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობა. მარტივად შეძლებენ საქმის წარმოებას, რადგან ინტერნეტი ინფორმაციის დიდი წყაროა, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის საშუალებაა. მცირე მეწარმეები გაეცნობიან სიახლეებს თავიანთ დარგში და შეძლებენ, რომ პრაქტიკაშიც დანერგონ თანამედროვე სტანდარტები”, – აცხადებს ირინა გაფრინდაშვილი.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ საქართველოს, ყველა დასახლებულ პუნქტს დაფარავს, სადაც 200 მოქალაქეზე მეტია მაცხოვრებელი. საბოლოო ჯამში, 2025 წლისთვის, როდესაც მოთხოვნა გაიზრდება, რეგიონებში 30 მეგაბიტი/წამის მიწოდების შესაძლებლობა უნდა იყოს.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, პროექტისთვის დონორი ორგანიზაციისგან შესაძლებელია გაღებული იყოს 70-დან 100 მილიონ დოლარამდე სახსრები.

“სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ ჩვენ თავიდანვე გრანტს ვიღებთ. ანუ დონორი ორგანიზაცია პირდაპირ გრანტს გამოყოფს და კომპანია “ოუფენ ნეტს” ურიცხავს. დონორი ორგანზიაცია იძლევა გრანტს და ის არ რჩება არც ოპერირებაში, არც მართვაში და არც არაფერში. თავის მხრივ, არც სახელმწიფო რჩება ამაში და მთლიანად კერძო სექტორი აკეთებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება.

 

 

ლევან მარტაძე

[wpolling id=”13″ width=”” height=””]