მსოფლიო

Vimpelcom ქრთამის გაცემის გამო 795 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის

კომპანია Vimpelcom –მა აშშ–ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC) და იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე ნიდერლანდების პროკურატურასთან დადო შეთანხმება იმ პრეტენზიების დარეგულირების შესახებ, რომლებიც უზბეკეთში განხორციელებული გარიგებების გამოძიებას უკავშირდება. შეთანხმება კომპანიას საშუალებას მისცემს, აირიდოს ხანგრძლივი სასამართლო განხილვები.

 Vimpelcom–მა ოფიციალურად აღიარა ქრთამის მიცემის ფაქტი უზბეკეთის პრეზიდენტის ნათესავი მაღალჩინოსნისთვის, რომლის ვინაობაც არ სახელდება. ქრთამის მიცემის მიზანი იყო ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლა და სიხშირეების ლიცენზირებისას პრეფერენციების მიღება. აშშ–ის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ აპირებს 850 მილიონი დოლარის ამოღებას ამ ადამიანის შვეიცარიის და სხვა ევროპული ქვეყნების საბანკო ანგარიშებიდან.

Vimpelcom–ს მოუწევს 795 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა და უკანონო გარიგებების შედეგად მიღებული შემოსავლების დაბრუნება, მათ შორის 167,5 მილიონს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას გადაუხდის, 230,1 მილიონს კი იუსტიციის სამინისტროს. 397,5 მილიონ დოლარს ჰოლანდიის მარეგულირებელი მიიღებს. ამასთან, კომპანია ვალდებული იქნება, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი კორპორატიული მონიტორინგი განახორციელოს.

Vimpelcom–ის, „ემ ტე ეს“–ისა და TeliaSonera–ს მიმართ გამოძიება, რომელიც „უზბეკურ საქმეს“ ეხება,  2014 წლიდან მიმდინარეობს. მარეგულირებელს ეჭვი აქვს, რომ კომპანიებმა 2000–იან წლებში ბაზარზე შესვლა ქრთამის დახმარებით შეძლეს, რომელიც პრეზიდენტის ქალიშვილის გულნარა ქარიმოვას გარემოცვასთან დაკავშირებული სტრუქტურების საშუალებით გასცეს.

„Vimpelcom–მა უზბეკეთში მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო 100 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდის შედეგად მაღალჩინოსნისთვის, რომელსაც არსებითი გავლენა ჰქონდა უზბეკეთის მთავრობის ხელმძღვანელებზე, “ – აცხადებს SEC–ის წარმომადგენელი ენდრიუს ერესნი.

ქრთამს ჰქონდა ფიქტიური კონტრაქტებისა და საქველმოქმედო შენატანების ფორმა.

2015 წლის ივნისში აშშ–ის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოსგან მიიღო ირლანდიაში, ლუქსემბურგსა და ბელგიაში 300 მილიონი დოლარის დაბლოკვის უფლება, რომლებიც სავარაუდოდ ქარიმოვას ეკუთვნოდა.

 ასევე ცნობილი ხდება, რომ „ემ ტე ეს“–მა და Vimpelcom–მა 2004–დან 2011 წლამდე ქარიმოვას კუთვნილ სტრუქტურებს დაახლოებით 500 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.

Vimpelcom–ის მიერ გადახდილი ჯარიმა სიდიდით მეორე იქნება ამერიკული Foreign Corrupt Practices Act–ის არსებობის მანძილზე. ლიდერობა ეკუთვნის Siemens–ს, რომელმაც 2008 წელს 800 მილიონი დოლარი გადაიხადა მექრთამეობასთან დაკავშირებული პრეტენზიების გამო, მათ შორის რუსეთში. 2015 წელს Alstom–მა 772 მილიონი დოლარის ჯარიმა გადაიხადა ინდონეზიაში კორუფციის გამო.

კომერსანტი