06/05/2024
Latest:
მსოფლიო

„ვითიბი“ კერძო ბანკი ხდება

რუსეთის სახელმწიფო ფინანსური კონგლომერატი „ვითიბი“ კერძო ხდება. შესაბამისი მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტრატეგიული საწარმოებისა და სააქციო საზოგადოებების ჩამონათვალში შეიტანა, და ამით გასცა ნებართვა, „ვითიბის“ საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილი 45%–მდე შემცირდეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვითიბი სტრატეგიულ ობიექტადაა აღიარებული. ამასთან, წინა ვერსიაში მსგავს საწარმოებში სახელმწიფოს წილი იყო 50% პლუს ერთი აქცია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემა Forbes–მა სახელმწიფო აქტივების შეძენის მსურველთა ვინაობა შეიტყო, რომლებიც ძირითადად რუსი ოლიგარქები არიან, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუს მილიარდერებს შორის ამ აქტივებისადმი დიდი დაინტერესება არ არის.

Bloomberg –ის ინფორმაციით, უცხოელმა ინვესტორებმა არ დაიჯერეს პუტინისა და მისი პრივატიზაციის გეგმის. კიდევ ერთი გამოცემა Reuters–ი წერს, რომ რუსული სახელმწიფო კომპანიების წილებს კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი ოლიგარქები შეიძენენ.

არსებულმა რეცესიამ, ბიუჯეტის დეფიციტმა და ნავთობის ფასის ვარდნამ რუსეთის ეკონომიკა, რომელიც ნავთობზე დიდწილად არის დამოკიდებული, საგრძნობლად დაასუსტა. ამასთან, აღნიშნულმა პროცესებმა უბიძგა პუტინს, განიხილოს პრივატიზაციის საკითხი. „რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება ღია უცხოური ინვესტიციებისადმი,“ განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა ძირითადი პირობები, რომლებითაც 2016 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ჩატარდება: აქტივების მყიდველები უნდა იყვნენ რუსულ იურისდიქციაში, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას „რუხი“ სქემები, აქტივების ოფშორებში გატანა, მესაკუთრეების წილების დაფარვა.

მანამდე ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად ტრილიონი რუბლის მიღებას ვარაუდობს ორი წლის განმავლობაში.

commersant.ge