ეკონომიკა

წელს პროექტ „ახალ ტფილისზე“ 21 მილიონი ლარია გამოყოფილი

ინტერვიუ “თბილისის განვითარების ფონდის”  დირექტორ  გიორგი ბაიდარაშვილთან

– რას გულისხმობს პროექტი „ახალი ტფილისი”, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ შედგა?

– პროექტი „ახალი ტფილისი” არის კომპლექსური მოქმედებების ერთობლიობა. გათვლილი რამდენიმე ფაზაზე და მიზნად ისახავს ქალაქის ეკონომიკური , ტურისტული და სოციალური  პოტენციალის გამოყენებას.  ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის, რეკრეაციული შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც დღეისათვის არ არის კარგად გამოყენებული, ასევე კერძო ინტერესების წახალისება, ტურისტული ობიექტების გაჩენა. ამ პროექტის განხორციელებით, რომლის პირველი ფაზაც უკვე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება, მიზნად ვისახავთ სწრაფი ეფექტი მივიღოთ, მშრალი ხიდის ტერიტორიის კეთილმოწყობის და აღმაშენებლის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის შედეგად. აღმაშენებლის მეორე ნახევარში მოხდება ისტორიული ძეგლების, ასევე შენობების აღდგენა- რეაბილიტაცია , ყველა ტიპის კომუნიკაციების განახლება,  ქუჩების კეთილმოწყობა, აქსესუარების განახლება, განიხილება საფეხმავლო ზონის მოწყობის შესაძლებლობაც.

– როგორია პროექტის ბიუჯეტი, პირველ ეტაპზე რამდენი დაიხარჯება?

– ამ წელს ჩვენ ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა გვაქვს 21 მილიონი, აღმაშენებლის მეორე ნახევრის რეაბილიტაციისთვის, ასევე მის საწყისში არის დარჩენილი რამდენიმე ობიექტი, ასევე მშრალი ხიდის კეთილმოწყობისთვის. პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 3-4 თვე გრძელდებოდა.  ჩართული იყო ყველა დარგის 200-მდე სპეციალისტი.  სახელოვნებო, მკვლევარები, დეველოპერები, საკმაოდ კარგადაა გააზრებული პროექტი იმისათვის, რომ ქალაქის ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კარგად გამოვიყენოთ და ამით თანამოქალაქეების სოციალური კეთილდღეობა  და უძრავი ქონების ღირებულება  მნიშვნელოვნად გაიზარდოს და მივიღოთ პოზიტიური ეფექტი.

– კერძო სექტორის ჩართულობა რამდენად არის გათვალისწინებული ან რა სახის წახალისებას გულისხმობთ პროექტის შედეგად?

– „თბილისის განვითარების ფონდის” მუშაობის მთავარი პრინციპი არის, რომ სწორად ვიპოვოთ ქალაქის განვითარების ის პრიორიტეტული შესაძლებლობები, რომელშიც მუნიციპალური თანხების სახით, სარებილიტაციო თანხების დახარჯვამ  ანუ სწორმა ინექციამ  უნდა გამოიწვიოს მაქსიმალური  ინტერესი ინვესტორების მხრიდან, რომ მათ შემდგომ გააგრძელონ რეაბილიტირებული არეალების განვითარება. იქ შეიძლება შევიდეს ბიზნესი და კონკრეტული მიზნით დაიწყოს სამუშაო, გააკეთოს სასტუმრო, კაფე, რესტორანი და ა.შ.

– მთლიანობაში პროექტი რამდენი ეტაპისგან შედგება?

–  მოხარული ვიქნებოდით, რომ ყველაფერი მოკლე დროში იყოს შესაძლებელი. დაახლოებით 3–წლიან პერიოდზეა გათვლილი პროექტი. შემდეგ წელს ვფიქრობთ,  აღმაშენებლის პარალელურად სარეკრეაციო სივრცეები აღდგეს და მათ შორის გაჩნდება კავშირები, კავშირები გაჩნდება მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მდებარე ტურისტულ საეეკრეაციო ზონებს შორის და ასევე ორბელიანის მოედანს თავისი ისტორიული ნაწილებით გავუკეთებთ რეაბილიტაციას.

– პროექტის სრული ბიუჯეტი რამდენია?

– მთლიანობაში ბიუჯეტზე საუბარი საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მეორე და შემდგომი ფაზების პროექტირება წელს დაიწყება. გვინდა, რომ ყოველ წელს  იყოს ფიზიკური სამუშაოების და შემდგომი წლის სამუშაოების ტანდემი ამიტომ ბიუჯეტის შესახებ წლის განმავლობაში გვეცოდინება.

–  კომპანიები, რომლებიც რეაბილიტაციაზე იმუშავებენ, უკვე შერჩეულია?

– დიახ, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მოსამზადებელი ფაზა დაწყებულია და იმუშავებენ კომპანიები „ინსი „ და „დაგი”,  რომელსაც აქვს ისტორიულ-კულტურული  რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი  გამოცდილება აღმაშენებლის პირველ ნაწილზე, ასევე სხვა რეგიონებში.

– აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი პრეტენზიებს აფიქსირებდა უხარისხო სამუშაოების გამო, თუ გაითვალისწინეთ ეს ფაქტები?

– ეს მოსაზრება ჩვენ ვიცოდით და გავითვალისწინეთ. იქ  საუბარი ეხებოდა ერთეულ მისამართებზე კონკრეტული უკმაყოფილების ფაქტებს. ჩვენ მოგვიწია მათი აღმოფხვრა. არავინ დაგვიტოვებია უკმაყოფილო.

–  ამ პროექტის გარდა „თბილისის განვითარების  ფონდი”  წელს კიდევ რა პროექტებს განახორციელებს და რამდენია თქვენი ბიუჯეტი?

–  წლევანდელი ბიუჯეტი 42 მილიონი ლარია. აქტიურად ვმუშაობთ. რაზეც ვისაუბრე იმის გარდა ვმუშაობთ დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებაზე. ეს პროექტიც დიდი ტურისტული მარშრუტის ნაწილია, ასევე ღვინის აღმართი, რომლის რეაბილიტაცია დაწყებულია  და წელსვე დასრულდება. ასევე გუდიაშვილის მოედანი, მშრალი ხიდი, აღმაშენებელი აქ შედის და ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტის განვითარება და უკვე რეაბილიტირებული და სარეაბილიტაციო ზონების დაკავშირება ერთმანეთთან ქალაქს მნიშვნელოვან შემოსავლებს მოუტანს, როგორც ადგილობრივი ნაკადების ინტენსივობის ზრდით, ასევე უცხოური ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად.

წყარო