06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

წინა წელთან შედარებით, სამუშაო ადგილები იზრდება – დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უწყება სწრაფი გადაწყვეტილებების ნაწილში შეეცდება, ერთ-ერთი წარმოსაჩენი უწყება გახდეს. ეს განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისში მიმდინარე ბიზნესფორუმზე გააკეთა.

მედია დაინტერესდა მინისტრის პასუხით იმაზე, რომ ბიზნესი მთავრობისგან უფრო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს.

„რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, ჩემი უწყების სახელით შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების ნაწილში შევეცდებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმოსაჩენი უწყება ვიყოთ. რაც შეეხება ბიზნესგარემოს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის განწყობა, რომელიც დღეს ბიზნესს აქვს. რიცხვები, ერთი მხრივ, ძალიან დადებითია. რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ წინა წელთან შედარებით, გვაქვს სამუშაო ადგილების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ ღრმა კრიზისია, წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 2-დან 3 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა გვექნება. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ განვაცხადეთ და შესაბამისად, ყველაზე დიდი წილი — 380 მილიონ დოლარზე მეტი წარმოებაშია განხორციელებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ავტორი: ეკატერინე ტუკვაძე

წყარო: medianews.ge