ეკონომიკა

“საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ”

მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმა მონაწილეებს საქართველოში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი შეფასებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის.

“დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში და მზად არის იქცეს დამწყები ბიზნესისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნად”,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი საგადასახადო რეფორმასაც შეეხო, რომელიც მოგების გადასახადის გადახედვას ითვალისწინებს.

“საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას. იმისთვის, რომ ბიზნესმა განახორციელოს ინვესტიციები განვითარებაში და ამით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დივიდენდების სახით გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მართალია, ეს რეფორმა მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის უზრუნველყოფს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გრძელვადიან მდგრადობას.

გარდა ამისა, ჩვენ ვაუმჯობესებთ გადასახადების ადმინისტრირების სისტემას, რისთვისაც ვაძლიერებთ მართლმსაჯულების როლს საგადასახადო ინსპექციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც გაზრდის კერძო სექტორის დაცულობის ხარისხს”,- აღნიშნა პრემიერმა.