02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

აფბა: 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ლარის კურსზე მასტაბილიზებელ გავლენას მოახდენს

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დღევანდელ რეალობაში არსებულ ყველაზე მწვავე პრობლემაზე – ლარის კურსზე მასტაბილიზებელ გავლენას მოახდენს – ასე აფასებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა დაბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს.

„აფბა“–ში მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურების პრობლემა, რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა მოსახლეობის და ბიზნესსექტორის მნიშვნელოვან ნაწილს, უყურადღებოდ არ უნდა იქნას დატოვებული. როგორც „აფბა“–ს ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა პირველის პრეს–კლუბში განაცხადა, მისასალმებელია, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დაგეგმილია იმგვარად, რომ ლარის კურსზე წესით დადებითად უნდა აისახოს. ანუ ბიუჯეტს კურსზე ექნება არათუ ნეიტრალური, არამედ დადებითი გავლენა. ეს დადებითი გავლენა განპირობებული იქნება ბიუჯეტის დეფიციტის დაბალი დონით.

„როგორც 2016 წლის ბიუჯეტის პროექტშია მითითებული, მომდევნო წელს გათვალისწინებულია ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 3%-ის დონეზე, რაც ბოლო ათი წლის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გვინდა გამოვეხმაუროთ ასევე შრომის ანაზღაურების საკითხს, რომელიც ყველაზე ხშირად არის ცხარე კამათის და არასწორი ინტერპრეტაციის საგანი. 2016 წელს შრომის ანაზღაურების ხარჯები 57 მილიონი ლარით იზრდება, რაც წარმოადგენს 4,1%-იან ზრდას. შეგახსენებთ, რომ 2009 წელსაც კი, ანუ 2008 წლის ომის შემდგომ შრომის ანაზღაურების ხარჯები გაიზარდა 3%-ით. საშუალოდ კი გასულ წლებში შრომის ანაზღაურების ხარჯები წელიწადში საშუალოდ 15%-ით იზრდებოდა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია არა აბსოლუტური, არამედ შეფარდებითი მაჩვენებლები, ანუ არა თავად ის, თუ რამდენია გათვალისწინებული კონკრეტულ მუხლზე, არამედ ის, თუ როგორია მისი წილი მთლიან ხარჯებში. ამ მხრივ შემდეგი ვითარებაა, 2016 წელს შრომის ანაზღაურების ხარჯების წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში იქნება 17,1%, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია. გარდა შრომის ანაზღაურებისა, მოგეხსენებათ ბიუჯეტიდან ხარჯი გაიწევა სახელმწიფო სექტორის მიერ სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შეძენაზე, იქნება ეს ავტომობილები, ტექნიკა, ავეჯი თუ სხვა რამ. ჯამში ამ მიმართულებით მომავალ წელს 2,4 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი ხარჯების 29%-ია. შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ეს მაჩვენებელი 38-40%-ის დონეზე ფიქსირდებოდა. ამდენად, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა მომავალ წელს იქნება მოკრძალებული, რაც ლარის სტაბილურობის კუთხით დადებითი ფაქტი იქნება“

– აცხადებს გულბანი.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია პრივატიზაციის საკითხი – „მოგეხსენებათ, 2015 წლისთვის, თავდაპირველი გეგმით, გათვალისწინებული იყო არაფინანსური აქტივების კლების მუხლში 85 მილიონი ლარი. ლარის კურსის გაუფასურების პრობლემის მოსაგვარებლად, მთავრობამ პრივატიცაზიის პროცესის გააქტიურება გადაწყვიტა და ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად 85-დან 235 მილიონ ლარამდე გაზარდა. მომავალი წლისთვის კვლავ აქტუალური რჩება პრივატიზაციის თემა და პროექტის მიხედვით მომავალ წელს მთავრობა არაფინანსური აქტივების 200 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მთავრობა გაყიდის ამ ღირებულების აქტივებს.

მომავალი წლის ბიუჯეტი ნაკლებად იქნება დამოკიდებული ვალზე. კერძოდ, 2016 წელს მოხდება 314 მილიონი ლარით ნაკლები ვალის აღება. მნიშვნელოვანია, რომ საშინაო ვალი, ანუ მთავრობის ვალი ბანკების მიმართ იზრდება მხოლოდ 200 მილიონი ლარით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკებში არსებული ლიკვიდობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იქნება ათვისებული მთავრობის მიერ. მოგეხსენებათ, ეს იყო სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გამოც იზრდებოდა რეფინანსირების სესხების მოცულობა. ამდენად, ამ მიმართულებით დადებითი გავლენა ექნება ლარის კურსზე“ – აღნიშნავს შოთა გულბანი.

„მინდა ასევე ჩემი ორგანიზაციის სახელით გამოვეხმაურო იმ უზუსტობას, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელდა მედიაში. ვგულისხმობ, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირებასთან დაკავშირებული მონაცემების არაზუსტ ინტერპრეტაციას. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკის 3%-იანი ზრდის პირობებში თითქოს ალოგიკურია საგადასახადო შემოსავლების 5,14%-ით გაზრდა. ეს არ არის თანაბარმნიშვნელოვანი მონაცემების შედარება, ეკონომიკაში ნომინალური ცვლადი დარდება ნომინალურს და რეალური რეალურს, საგადასახადო შემოსავლების ზრდა არის ნომინალურ გამოსახულებაში, ეკონომიკური ზრდა კი რეალურ გამოსახულებაში. მართალია მომავალ წელს დაგეგმილია რეალური 3%-იანი ზრდა, თუმცა ნომინალური მაჩვენებელი 7,6%-ის დონეზეა. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, როგორც საგადასახადო და ისე მთლიანი შემოსავლების, აგრეთვე ხარჯების ზრდის ტემპი, „აფბას“ შეფასებით, სრულიად კანონზომიერია“ – აღნიშნავს „აფბა“–ს ვიცე პრეზიდენტი.