100-ლარიანის შემდეგ 5 და 10-ლარიანი ბანკნოტების განახლებაც იგეგმება
დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახლებული 100-ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვიდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად.
”განახლებულ 100 ლარიან ბანკნოტზე დატანილია მოსახლეობისთვის მარტივად აღქმადი დამცავი ნიშნები და ამავე დროს გაუმჯობესებული ბანკნოტის ტექნიკური მახასიათებლები. რაც შეეხება 5 და 10 ლარიან ბანკნოტებს, მათი განახლება მოხდება მომდევნო წლებში და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებას მოგვიანებით მოვახდენთ. განახლებულმა ლარმა პირველი საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. 2016 წლის 15 მარტს, ბუქარესტში HSP™ Europe – ის კონფერენციაზე ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონული ბანკნოტის ნომინაციაში “2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტების სერია” ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები) გაიმარჯვა”, – განაცხადა მელაშვილმა.
სებ-ის ინფორმაციით, 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი. 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა. 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1-ელი თებერვლიდან.