17/05/2024
Latest:
საზოგადოება

13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის თავზე

რა თანხა დაუჯდა თბილისს წყალდიდობის შედეგების რეაბილიტაცია

2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა. ვერეს ხეობა არის ადგილი, სადაც წყალდიდობამ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე. მოვარდნილმა წყალმა მთლიანად მოშალა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ეგრეთწოდებული “ახალი გზა”. დაინგრა გმირთა მოედნის ნაწილი, დაზიანდა მზიურის პარკი, სვანაძის ქუჩის მაცხოვრებლები უსახლკაროდ დარჩნენ, წყნეთთან დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ახალდაბის მოსახლეობა რაიონულ ცენტრს მოწყვიტა, პრაქტიკულად განადგურდა ზოოპარკი და დაიხოცა მისი ბინადარი ცხოველების უმრავლესობა.

ერთი წლის წინ სტიქიამ გააერთიანა მოსახლეობა და ერთობლივი ძალებით მიმდინარეობდა სტქიისაგან მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის სამუშაოები. გამორჩეული იყო დახმარებები ბიზნეს სექტორიდანაც, რომლებმაც გადმორიცხული თანხების ერთგვარი „აუქციონი“ მოაწყვეს. თანხა, რა თქმა უნდა, გამიზნული იყო სტიქიისაგან დიდი რაოდენობით მიყენებული ზარალის ფინანსური მხარდაჭერისკენ.

ვერეს ხეობა ერთი წლის შემდეგ

2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი დაიხარჯა.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს (ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილი), აშენდა ახალი ხიდი, ნაპირდამცავი კედელი, აღდგა 6 გვირაბი, პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზების ასფალტის საფარი, განათების სისტემა, მოეწყო ახალი თვალამრიდები და გაბიონის ტიპის ნაგებობები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები. გმირთა მოედანზე განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, კუნძულები და მდ. მტკვრის მოაჯირები.

„სტიქიის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და დასრულდა ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება. ჩვენ სწრაფად დავიწყეთ ინფრასტრუქტურის აღდგენა. ყველაზე უმთავრესი, რაც გავაკეთეთ, იყო დაზიანებული გზის სხვადასხვა მონაკვეთების აღდგენა, იქ, სადაც ყველაზე დიდი იყო წყლის დარტყმა. გზა და გვირაბი მთლიანად განადგურდა. გავაკეთეთ სახიდე გადასასვლელი, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყველა გვირაბის სათავისი კეთილმოეწყო, რათა მათი მდგრადობა და უსაფთხოება გაუმჯობესებულიყო. სვანიძის ქუჩაზე დაიგო გზის საფარი, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდა გმირთა მოედანი, ზოოპარკის უკანა ნაწილი, სადაც ასევე მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა სამუშაო არის დასრულებული, თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. შეიძლება, დღევანდელ დღეს ვუწოდოთ წყალგამყოფი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მეორეს მხრივ, სამომავლო განვითარებას შორის. ჩვენ უკვე გვაქვს მზა კონცეფცია მზიურის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით. კეთდება კონკრეტული პროექტი მზიურის ტერიტორიის გამწვანებისა და მისი შემდგომი განაშენიანებისა, რომლის საფუძველზეც დაიწყება მზიურის განვითარება და მზიური იქცევა თანამედროვე, ძალიან გამწვანებულ და ლამაზ პარკად. ასევე მოხდება მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, რომელიც ერთის მხრივ, ადიდების შემთხვევაში მდინარის გადმოსვლას ხელს შეუშლის და მეორეს მხრივ, დაიცავს გარშემო ტერიტორიებს. ეს ორი პროექტი არის ის პროექტები, რომელსაც ჩვენ მომავალში განვახორციელებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა სალიკვიდაციო სამუშაოები გასული წლის 14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნების გაწმენდა-გასუფთავების და შემოტანილი მასის (გრუნტი, ლამი, მერქანი) გატანით დაიწყო, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს ერთ მილიონ ლარამდე დაუჯდა. დაზიანებული შენობების დემონტაჟი, მათი გატანა და ლანდშაფტის მოწესრიგება, ახალი სანიაღვრე ქსელისა და წყალამრიდი ნაგებობების მოწყობა სტიქიის ზონაში – სვანიძის ქუჩაზე და მზიურის ტერიტორიაზე.

გასული წლის ივნისში დაიწყო სტიქიის შედეგად დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორების რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოები: ბაგების ელ. სადგურის ტერიტორიაზე, ძოწენიძისა და გრიშაშვილის (წყნეთი) ქუჩებზე.

ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ (წყნეთის ქუჩის #3 -თან) აშენდა 220 მ. სიგრძის დამცავი ნაპირსამაგრი კედელი.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განხორციელდა ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილზე მდ.ვერეს გამტარი გვირაბების აღდგენა რეკონსტრუქცია:
ვერეს ხეობაში სულ შვიდი ფოლადის გვირაბი არსებობდა. 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გვირაბები სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა გვირაბების სათავისების (მდინარის შესასვლელი და გამოსასვლელი) გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეორე გვირაბის ნაცვლად (დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე) აშენდა ხიდი, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა 19 ცალი 60 ტონიანი კოჭა (ახალი ხიდის მშენებლობის ღირებულებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა).

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მდ.ვერეს ხეობაში მიმდინარე წელს აშენდება ნატანდამჭერი ცხაურები, რაც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემთვევაში, ვერეს ხეობას დაზიანებისგან დაიცავს.

მიმდინარეობს კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი 6 კმ-ანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, წყნეთი-ახალდაბის გზის გაფართოების და სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულდა წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა, ასევე, წყნეთში მდებარე „მასწავლებელთა გადამზადების ცენტრთან“ დამცავი კედლის მოწყობა.

მიმდინარე წლის 13 ივნისს იხსნება ტენდერი და დაიწყება მუშაობა მდ. ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე – ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობაზე.

თბილისის მერი სვანიძის ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც 13 ივნისის სტიქიით მეორე კატეგორიის დაზარალებულთათვის სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაზარალებულთა მეორე კატეგორიას 19 ოჯახი მიეკუთვნება. დასრულებულია 6 სახლის კეთილმოწყობა, ამ დროისთვის 6 სახლს აღდგენა-რეაბილიტაცია უტარდება. 4 ოჯახთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის პროცესი გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც სახლების რეაბილიტაცია დაიწყება. 1 ოჯახთან დაკავშირებით ქონების ლეგალიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის ზოოპარკი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ

თბილისის მერი დავით ნარმანია ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო.

“13 ივნისის სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანდა როგორც პარკის ინფრასტრუქტურა, ასევე, დაიღუპა და დაიკარგა 280 ერთეულზე მეტი ცხოველი. ჩვენ შესაბამის უწყებებთან ერთად ძალიან სწრაფად დავიწყეთ ზოოპარკის გაწმენდითი სამუშაოები, დიდი ნაშალი მასალა იქნა ზოოპარკის ტერიტორიიდან გატანილი, რომლის შემდეგაც, აღვადგინეთ დაზიანებული ვოლიერები, დავიწყეთ ახალი ვოლიერების მშენებლობა და შესაბამისად, დავაბინავეთ ის ცხოველები, რომლებიც გადაურჩნენ სტიქიას. გარდა ამისა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზოოპარკები გვეხმარებიან, ეტაპობრივად ჩამოდის ცხოველები და ფრინველები. აღნიშნული ტერიტორია, რამდენიმე წელი იქნება შენარჩუნებული, ვიდრე ახალი ზოოლოგიური პარკი არ განვითარდება, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები ახალი ზოოპარკისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ და 48 ჰა ტერიტორია მთლიანად შემოიღობა, გაკეთდა კავკასიური ჯიშის ნაგაზებისთვის სპეციალური ძაღლსაშენი, გარდა ამისა, მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, ნაწილი დაპროექტების პროცესშია, რათა ეტაპობრივად გადავიტანოთ ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხოლო ეს ტერიტორია განვავითაროთ, როგორც სარეკრეაციო სივრცე~, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს ზოოლოგიური პარკის ახალი ბინადრები გააცნო. ცოტა ხნის წინ, თბილისის ზოოპარკს 29 ახალი ცხოველი და ფრინველი შეემატა, 13 ივნისამდე, კი, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკების დახმარებით, ზოოლოგიურ პარკში, დამატებით 46 ცხოველი განთავსდება. ზაფხულსა და შემოდგომაზე თბილისის ზოოპარკი საჩუქრად კიდევ 55 ცხოველს მიიღებს.

სტიქიამდე ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე, სულ, 1155 ინდივიდი ბინადრობდა, მათ შორის იყო თევზები და ქვეწარმავლები. 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად კი, ცოცხალი კოლექციის დიდი ნაწილი განადგურდა, დაიღუპა 281 ცხოველი.

ამ დროისათვის, დასრულებულია დათვების, მგლების, მარტორქის, კეთილშობილი ირმების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერების აღდგენა-რეკონსტრუქცია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს.

აშენდა სრულიად ახალი პავიანების, ბერბერული მაკაკების, ლემურების, კენგურუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ვოლიერები. მოეწყო ბეჰემოთის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით, ორი ახალი აკვარიუმი ეგზოტარიუმში (9 ტონიანი და 4 ტონიანი).

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, ზოოპარკის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებების, ფიზიკური პირების და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაიწყო ტერიტორიის გაწმენდა და კეთილმოწყობის სამუშაოები.

სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულად არის აღდგენილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, პარკი შემოიღობა ლითონის ბადით (850 გრძივი მეტრი). აღდგა მწვანე საფარი, ვოლიერები, მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები.

რაც შეეხება ახალი ზოოპარკის ტერიტორიას (თბილისის ზღვის მიმდებარედ), აღნიშნული ადგილი შემოიღობა, მოეწყო ძაღლსაშენი, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მიერ დაფინანსდა დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120 000 ლარი), რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეა. GIძ-ის დაფინანსებითვე მოეწყობა ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები (40 000 €).

მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სიტემა დამონტაჟდა

აღსანიშნავია, რომ მდ.ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სიტემა დამონტაჟდა. დავით ნარმანია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ბაგრატიასთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სიტემის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. მდ. ვერეს აუზში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს.

აღნიშნული სისტემის მონტაჟი მნიშვნელოვანია წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით დროული შეტყობინების მიღებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით.

ბაჩო ჯინჭარაძე