10/05/2024
Latest:
პოლიტიკა

15 წელი აგვისტოს ომიდან – რუსეთი ოკუპანტია!

აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული ჯარი შემოიჭრა და ქართულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნა.

ომს საქართველოს 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა, მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები ხშირია.

08.2008 – ომის ქრონოლოგია:

1 აგვისტო – ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილთან დისტანციურად მართვადი ორი ნაღმი აფეთქდა, რის შედეგადაც 5 პოლიციელი დაშავდა. ერგნეთიდან და ნიქოზიდან გახსნილი ცეცხლის გამო, 6 სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიჭრა.

2 აგვისტო – საქართველო, რომელმაც საპასუხო ცეცხლი გახსნა, მალევე შეწყვიტა, რათა აცილებული ყოფილიყო სამხედრო კონფლიქტის გამწვავება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ცხინვალის რეგიონი 500-ზე მეტი ადამიანმა დატოვა.

3 აგვისტო – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცილი დასწამა საქართველოს, რეგიონში სამხედრო ძალებისა და მძიმე ტექნიკის შეყვანის შესახებ. ღამით, როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი.

4 აგვისტო – ღამით, რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და გაუნაწილდა დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

5 აგვისტო – განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა. ამავე დღეს, 15:10 საათზე რუსული მედია ცხინვალის რეგიონში 150 დაქირავებული ჩრდილოეთ კავკასიელის ჩასვლის შესახებ იუწყებოდა. 5 აგვისტოსვე, როკის გვირაბი გადმოკვეთა რუსეთის არმიის თვითმავალი არტილერიის 40-მა ერთეულმა და ბოტლიხის 33-ე მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონმა.

6 აგვისტო – გაგრძელდა ქართული სოფლების დაბომბვა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა უარი თქვა 7 აგვისტოს დაგეგმილ შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.

7 აგვისტო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ამავე დღეს, უწყებამ მოიპოვა კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი საუბრობს ქართულ სოფლებზე, ავნევსა და დვანზე დაგეგმილი შეტევის შესახებ. ამავე დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია გამოაცხადა. უკვე ღამით, საქართველომ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 7 აგვისტოსვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ცნობილი გახდა 37 დაშავებული მოქალაქისა და 26 დაბომბილი სოფლის შესახებაც.

8 აგვისტო – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. დაიბომბა 36 სოფელი. დაშავებულია 135 ადამიანი ხოლო დაღუპულია 19.

9 აგვისტო – რუსეთის იმჟამინდელი პრემიერი, ვლადიმერ პუტინი რუსული შეიარაღებული ძალების სამართავად ვლადიკავკაზში ჩავიდა. გამთენიისას რუსეთის ბომბდამშენებმა დაბომბეს სენაკის სამხედრო ბაზა, რის შედეგადაც დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა. შეტევა განხორციელდა კოდორის ხეობაზეც. ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებმა ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი, რომლის 2 პილოტიც ტყვედ აიყვანეს.

10 აგვისტო – ღამით, როკის გვირაბის გავლით საქართველოში 300 რუსული ტანკი და 10 000 რუსი ჯარისკაცი შემოვიდა. ქართულმა მხარემ ცხინვალის დატოვება დაიწყო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. რუსული ჯარები აგრძელებდნენ შეტაკებებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და გორისკენ მიიწევდნენ. 10 აგვისტოსვე, დაიბომბა ვაზიანის სამხედრო ბაზა, ბაქო-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენი და კოდორის ხეობა. ასევე, დაიბომბა გორი და ანაკლია, ქართულმა მხარემ კოდორიდან მოსახლეობის გაყვანა დაიწყო.

11 აგვისტო – არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთმა ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა კვლავ გააგრძელა. რუსეთის ძალებმა დაიკავეს პატარა ლიახვის ხეობა. დაიკავეს სოფლები: ვარიანი, ხვითი, ბროწლეთი, ტირძნისი. ამავე დღეს, დასრულდა მოსახლეობის ევაკუაცია კოდორის ხეობიდან. რუსეთის ჯარები შევიდნენ ქალაქ ზუგდიდში, დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და ადგილობრივ პოლიციას განიარაღების ულტიმატუმით მიმართეს. 11 აგვისტოსვე, გაიმართა შინდისის ბრძოლა, რომელშიც სოფელ შინდისში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული ებრძოდა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. რუსებმა აიღეს სოფელი. დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა ბრძოლა, რომელსაც 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად შეეწირა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

12 აგვისტო – რუსებმა გორის რაიონის სოფლები დაიკავეს. რუსეთის ვერტმფრენმა ავტომაგისტრალზე, გორის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ასევე, 70 ერთეული ჯავშანტექნიკითა და 600 ჯარისკაცით რუსებმა დაიწყეს კოდორის ხეობის დაკავება.
ამავე დღეს, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ დაჭრილია 45 ჯარისკაცი და დაღუპულია 47 სამოქალაქო პირი, ხოლო დევნილთა რაოდენობა 25000-ია. 12 აგვისტოსვე, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილება საფრანგეთის მიერ შეთავაზებული ქართული მხარისთვის მისაღები რეზოლუცია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
თბილისს ეწვივნენ აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, სენატორი ჯონ მაკკეინი, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ლატვიის პრემიერმინისტრი, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი და პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ამავე დღეს, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრეზიდენტ, ვალდას ადამკუსთან, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან და ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან ერთად. მიხეილ სააკაშვილი აქციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო სარჩელს აღძრავდა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ 2008 და 1993 წლებში ეთნიკური წმენდის გამო.

REUTERS/Gleb Garanich (GEORGIA)

13 აგვისტო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ამ დღეების განმავლობაში ქურდობის 1040, ძარცვის 89, ყაჩაღობის 132, გაუპატიურების 13, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 7 და ნივთის დაზიანების 164 შემთხვევა დაფიქსირდა.

14 აგვისტო – გორსა და ზუგდიდში კვლავ რუსული ტანკები გადაადგილდებოდნენ.

15 აგვისტო – რუსეთის ვერტმფრენებმა ბორჯომი-ცემის ტყეების თავზე ცეცხლგამჩენი ჭურვები გადმოყარეს. ტყის მასივში 26 დღის განმავლობაში ხანძარი იყო.

16 აგვისტო – საქართველოსა და რუსეთს შორის 6-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, რაც გულისხმობდა, რომ ორივე მხარეს სამხედროები ომამდე არსებულ ხაზზე უნდა დაებრუნებინა. კრემლმა შეთანხმება დაარღვია.

26 აგვისტო – რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ხელს აწერს ბრძანებულებებს „რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე“.

აგვისტოს ომის დაწყებაში რუსეთის პრეზიდენტმა ქართული მხარე დაადანაშაულა და ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო გამოაცხადა.

რუსეთი ოკუპანტია! – ისტორიები აგვისტოს ომში მონაწილე ქართველ გმირებზე:

უმცროსი სერჟანტი, 24 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსმა ჯარისკაცებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ცხინვალში, ძმათა სასაფლაოზე მოკლეს. მას ზურგზე ფეხებით შედგნენ და ამ ფორმით აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. ოკუპანტებმა თავად გადაიღეს ამის ამსახველი კადრები, რომელიც 2009 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

ქართველ გმირებს შორისაა უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, რომელიც შინდისის ბრძოლაში მონაწილეობდა. ქართველი გმირი მტერს, რომ არ დანებებოდა, მის ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.

ცნობილია კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ისტორია, 24 წლის ქართველი ჯარისკაცის, შმაგი სოფრომაძის შესახებ. ის ოსებს ტყვედ ჩაუვარდათ. შმაგი სოფრომაძეს საქართველოს დროშის შეურაცხყოფა მოსთხოვეს, რაც ქართველმა გმირმა არ გააკეთა. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ 24 წლის ჯარისკაცი ტანკისტი იყო, დახვრიტეს.

საქართველოს გამარჯვება აგვისტოს ომის საქმეზე

2022 წლის 16 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება.

დადასტურდა, რომ აგვისტოს ომში საქართველოს ბრალი არ მიუძღვის – ჰააგამ წერტილი დაუსვა „ქართული ოცნების” სპეკულაციას, თითქოს ომი წინა ხელისუფლებამ, ანუ ქართულმა მხარემ დაიწყო.

აგვისტოს ომის საქმეზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი 3 ოსი, 1 რუსი და არცერთი ქართველი.

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ 3 ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა:

  • მიხაილ მინძაევი – 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი – აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი – სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

საქართველოს მორიგი გამარჯვება

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ევროსასამართლომაც რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.

კომპენსაცია ნაწილდება სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის, ძარცვის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის და სხვა მსხვერპლთა მიმართ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ჰქონდა იურისდიქცია საკითხის განხილვისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროპის საბჭოდან 2022 წლის 16 მარტიდან გასულია და არ ითანამშრომლა სასამართლოსთან.

ავტორი: გურიკა შაუთიძე.

One thought on “15 წელი აგვისტოს ომიდან – რუსეთი ოკუპანტია!

კომენტარის დატოვება