09/05/2024
Latest:
პოლიტიკა

9 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე რუსების ტყვეობაში ჩავარდა – 15 წელი ისტორიული თავგანწირვიდან

2008 წლის 9 აგვისტოს უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე რუსებს ტყვედ ჩაუვარდა. 15 წლის წინ, ამ დღეს რუსმა სამხედროებმა ქართველი გმირი, ცხინვალში, ძმათა სასაფლაოზე წამებითა და ცემით მოკლეს.
რუსი ჯარისკაცები გიორგი ანწუხელიძეს მიწაზე კოცნას, ზურგში ფეხის რტყმით აიძულებდნენ. ამის ამსახველი კადრები, რომელიც ოკუპანტებმა წამების დროს თავად გადაიღეს, 2009 წლის იანვარში გამოქვეყნდა.
ის, რაც უნდა გვახსოვდეს! – ისტორიები აგვისტოს ომის გმირებზე
უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი შინდისის ბრძოლაში მონაწილეობდა. ქართველი გმირი მტერს, რომ არ დანებებოდა, მის ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.
ქართველ გმირებს შორისაა 24 წლის ჯარისკაცი, შმაგი სოფრომაძე, რომელიც ოსებს ტყვედ ჩაუვარდათ. მას საქართველოს დროშის შეურაცხყოფა მოსთხოვეს, რაც ქართველმა გმირმა არ გააკეთა. როდესაც ოკუპანტებმა გაიგეს, რომ შმაგი სოფრომაძე ტანკისტი იყო, დახვრიტეს.
შინდისის ბრძოლა – აგვისტოს ომის გმირების თავდადება
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. შეტაკებებს 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

One thought on “9 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე რუსების ტყვეობაში ჩავარდა – 15 წელი ისტორიული თავგანწირვიდან

კომენტარის დატოვება