21/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის მეტნაკლებად პროდუქტიული გამოდგა”

2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. საზოგადოება მომსწრე გახდა ქვეყანაში ისტორიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების. 2015 წელს ეკონომიკაში მომხდარ პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენებზე, ასევე შემდგომ წლებში მთავრობის მიერ განსახორციელებელ სასურველ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, გვესაუბრება “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შოთა გულბანი:

– როგორ შეაფასებთ 2015 წელს ეკონომიკური კუთხით, რა დადებით და უარყოფით მოვლენებს გამოყოფთ?
– საერთო ჯამში 2015 წელს ეკონომიკური თვალსაზრისით მეტნაკლებად დადებითად შევაფასებდი. რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფ, პირველი ეს შეიძლება იყოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ყოფილი პრემიერის, ღარიბაშვილის ინიციატივით, ყოველ წელს გაიმართება თბილისში. ეს გახლავთ მაღალი დონის ფორუმი, რომლის მიზანია ახალი ხედვების აღმოჩენა და პარტნიორობის გაძლიერება თანამშრომლობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ხალხთა შორის კავშირები.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო თბილისში გამართული EBღD–ის წლიური, მაღალი დონის ეკონომიკურო ფორუმი, სადაც მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოწვეულ სტუმრებს, ბიზნესმენებს და მთავრობის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს. ბუნებრივია, მათ ქართველი ბიზნესმენები დახვდნენ და გარკვეული ტიპის საქმიანი ურთიერთობებიც ჩამოყალიბდა, რაც შემდგომში დიდი ალბათობით სარფიან ინვესტიციებად გადაიქცევა.

აღსანიშნავია, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაც, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანას სჭირდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ყოფნა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანასთან. ეს ეკონომიკის ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, ვაჭრობას ყველას მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. ასე რომ, ჩვენთვის არამარტო ევროკავშირის, არამედ ჩინეთის და დსთ-ს ქვეყნების ბაზრებიც მნიშვნელოვანია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაჭრობა მრავალმხრივია და ის ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება მაშინ, თუ ჩვენ ცალკეულ დარგებში პროდუქციისა და მომსახურების წარმოების შედარებითი უპირატესობა გაგვაჩნია. ამის მიღწევას კი ბევრი შრომა სჭირდება, როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის მხრიდან.

აქვე, პოზიტიურ მოვლენებზე თუ ვსაუბრობთ, აუცილებლად ვახსენოთ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი რეგიონებში, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მცირე ბიზნესის ფუნქციონირების სტიმულირებასთან, ვინაიდან, თუ არ მოხდა ამ დარგის სუბსიდირება, მთელი რიგი მიზეზები, ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა, კომპეტენციის ნაკლებობა და საგადასახადო ტვირთი, არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ დარგმა განვითარება დაიწყოს.

აღნიშნულ მოვლენებს, როგორც საქართველოსთვის შანსს, რომ საერთაშორისო დონეზე პოზიციონირება მოახდინოს, როგორც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით, ისე მისი ეკონომიკური მიმზიდველობით ინვესტიციების განსახორციელებლად, ცალსახად დადებითად ვაფასებ.

რაც შეეხება ნეგატიურ მოვლენებს ეკონომიკისთვის, იყო ცალკეული მიმართულებები, რამაც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესება გამოიწვია და ამ მხრივ პირველ რიგში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციას დავასახელებდი, რაც განპირობებული იყო რამოდენიმე უმთავრესი მიზეზით.

პირველი ეს იყო საგარეო შოკები, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. მეორე, ქვეყნიდან დიდი რაოდენობით კაპიტალის გადინება კომერციული ბანკების მიერ, ხოლო ამ პროცესებს დაემატა ეროვნული ბანკის არასწორი ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, რაც, ძირითადად, გამოიხატა მის მიერ ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულ ქმედებებში და სებ-ის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებებში, თითქოს ლარის კურსი ეროვნული ბანკის საზრუნავი არ იყო. მარტივად რომ ვთქვათ, სებ-ის ხელმძღვანელობამ, არ გაითვალისწინა იმ უამრავი მეწარმის თუ კერძო პირის მდგომარეობა, ვისაც დოლარში ვალდებულებები ჰქონდა, ამ ფონზე ისინი დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მათი კონსტიტუციით გათვალისწინებული უმთავრესი მიზანი ფასების სტაბილურობა იყო, რასაც ასევე წარუმატებლად გაართვეს თავი, ინფლაცია ბოლო ოთხი თვეა გადაცდა მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს და ამჟამად წლიური 6,3%-ა.

– ამ პროცესებში მთავრობის როლს არ ხედავთ?
– რა თქმა უნდა, ვხედავ. მე ვიტყოდი, რომ არამარტო მოქმედი მთავრობის, არამედ რაც ჩვენს ქვეყანას მთავრობები ყოლია, ყველას როლი არის შესაფასებელი ობიექტურად, თუ რა გააკეთეს მათ ეროვნული ეკონომიკის გასაძლიერებლად და რა მემკვიდრეობა დაუტოვეს მომავალ ხელისუფლებას. ფაქტი კი ერთია, დღეს ჩვენი ეკონომიკა არ არის კონკურენტუნარიანი და ამის მიზეზი მარტივია, ჩვენ არ ვაწარმოებთ სათანადო რაოდენობით პროდუქციას და მომსახურებას, რის გამოც საგარეო შოკები ჩვენზე იოლად ახდენს გავლენას, ანუ, ჩვენ არ გაგვაჩნია იმუნიტეტი, ძირითადად, იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ხოლო ამის გადაბრალება მოქმედ მთავრობაზე, რატომ არ გაზარდა წარმოების პოტენციალი სამ წელიწადში, ეკონომიკური თვალთახედვით, არ არის მართებული. ვინაიდან, იმგვარი განვითარება, რასაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდა მოყვება, პირველ რიგში, დროს და შემდეგ შრომას, სწორი პრიორიტეტების დასმას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და მთელი რიგი საჭირო ღონისძიებების გათვალისწინებას მოითხოვს.

ამ სამ წელიწადში კი შესაძლებელი იყო, რომ ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს ჩაყროდა საფუძველი, ისეთები როგორიცაა, ევროკავშირის ბაზრის გახსნა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ გადადგმული ნაბიჯები, რამაც უკვე გამოიღო შედეგები. მიმდინარე მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 84%-ით არის გაზრდილი. დაიწყო მიწების დაკანონების და კატეგორიზაციის პროცესი, დაიწყო მუშაობა დაგროვებით საპენსიო სისტემის რეფორმაზე, რაც უნდა გახდეს მომავალი თაობის ღირსეული სიბერის გარანტი, მიმდინარეობს ცალკეული სამთავრობო პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის.

თუმცა, როცა ვსაუბრობთ მთლიანობაში ეკონომიკის სისუსტეზე და ვიწყებთ `განტევების ვაცის~ ძიებას, გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური განვითარება მოდის 30-40 წლიანი შრომის და ჯაფის შედეგად და ერთი კონკრეტული ჯგუფი ვერ გადაწყვეტს, მოკლე პერიოდში, იმ საქმეებს, რაც წლების განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან 25 წელი გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს უამრავი დაშვებული შეცდომა და არასწორად წარმართული ეკონომიკური პროცესები, – ჯერ კორუფცია საზოგადოების ყველა ფენაში, შემდეგ ელიტური კორუფცია და პარალელურ რეჟიმში ფსევდო ეკონომიკური რეფორმები, რომელმაც ვერანაირი ხელშესახები შედეგი ვერ მოგვცა, მარტივად რომ ვთქვათ, რაც დავთესეთ, იმას ვიმკით ახლა.

– როგორი უნდა იყოს შემდგომ წლებში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, იმისთვის, რომ რეალური შედეგი მივიღოთ, რაც პირველ რიგში მოქალაქის ჯიბეზე აისახება?
– მთავრობამ მაქსიმალური ორინტირი უნდა აიღოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ევროკავშირის მაგალითი ცხადყოფს, რომ ამ სეგმენტის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის სიძლიერესთან. მაგალითისთვის მე–2 მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის შემთხვევაც გამოდგება, როცა გერმანელმა ხალხმა, გონიერი ეკონომისტის, ლუდვიგ ერჰარდის მოძღვრებას დაუჯერა, რომელიც ფულად რეფორმას და ფასების გამოთავისუფლებას უწევდა პროპაგანდას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადასახადების მაქსიმალურად გაუქმების მომხრე იყო, ხოლო ამ რეფორმებს რაც მოყვა გერმანიისთვის, მთელმა მსოფლიომ ვიხილეთ.

ჩვენი მთავრობაც ანალოგიურად უნდა მოიქცეს, გარკვეულ ბიზნესებზე, მაგალითად სტარტაპებზე, გადასახადები პირველი ორი წელი უნდა გააუქმოს, რომ ბიზნესს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცეს. გერმანელებს ძალიან კარგად ესმოდათ, რომ მაღალ საგადასახადო წნეხს, ინფლაციას და ფასების კონტროლს მხოლოდ უარყოფითი შედეგის მოტანა შეეძლო. ამიტომ თუ გვინდა, რომ პროდუქტიულობას მივაღწიოთ, უნდა გამოვნახოთ გზები გადასახადების შესამცირებლად იმ სექტორისთვის, რომელიც ქვეყანაში დოვლათს და სამუშაო ადგილებს ქმნის. ეს კი შეიძლება იყოს ვაჭრობა, მცირე მეწარმეობა, სოფლის მეურნეობა და მსგავსი დარგები.

იზი ალადაშვილი