17/05/2024
Latest:
საზოგადოება

მძღოლებისთვის 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა – შსს–ს განმარტება

2016 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობაზე მინიჭებული შეფასების ეგრეთწოდებული 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის გახილვის საგანია და ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახითაა წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს,რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ მართვის მოწმობებთან მიმართებით მსგავსი რეგულაცია ფუნქციონირებდეს, არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონის ძალას მიიღებს, დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციაო კამპანია და შესაბამისად, ამის თაობაზე თითოეული მძღოლი ინფორმირებული იქნება”, – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემა შემოდის. შსს-ს ინიციატივით, მოძრაობის წესების დარღვევისას, მძღოლებს ასქულიანი ლიმიტიდან დააკლდებათ კონკრეტული დარღვევისთვის განკუთვნილი ქულა. ლიმიტის განულების შემთხვევაში კი, მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ სიახლე არ შეეხება ვიდეოჯარიმებს და საუბარია მხოლოდ უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე.

„არის ქულების სისტემის შემოღება, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მძღოლს, ვინც ფლობს მართვის მოწმობას, მიანიჭებს ას ქულას ერთი წლის განმავლობაში, ხოლო დარღვევების შემდეგ, მძღოლებს მოაკლდებათ ამ ქულების ლიმიტიდან შესაბამისი ოდენობის ქულა. რომელიც ამ კონკრეტულ დარღვევაზე იქნება მიბმული. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს იმას, რომ მხოლოდ ჯარიმის გადახდა არ იყოს ინდულგენცია და ბოდიში დარღვევისთვის”, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.