7 რადიკალური ცვლილება, რომელიც 2017 წლიდან შევა ძალაში
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ დაგეგმილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.
1. 2017 წლის 1 იანვრიდან 100 000 ლარამდე სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში
„2017 წლის 1 იანვრიდან მცირე ზომის სესხები, 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200 ათას ლარამდე გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველა დაზარალებულ ჯგუფს“, – გიორგი კვირიკაშვილი
2. მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აღებული იპოთეკური სესხის კონვერტაცია
“მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათას ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2,5, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,3. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიო. ბანკები ვალდებული იქნებიან გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებას ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
3. ონლაინ სესხები აიკრძალება
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა.
4. სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი გაიზრდება
„დაგეგმილი ცვლილებები გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემდეგ ჩვენ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გაგვიჩნდება“, – აღნიშნა პრემიერმა.
5. 2017 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზი
“როგორც მოგეხსენებათ, თამბაქოს ფასი ერთ-ერთი დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება.
აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე – ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
6. ფასდადება სავალდებულო გახდება ლარში
„მომზადდება რეკლამის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ნებისმიერი საქონლის, ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით. სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე, დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას მოახდენს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
7. მთავრობა 10-10 პროცენტით შეამცირებს სახელფასო ბიუჯეტის ფონდს და ადმინისტრაციულ ხარჯებს
„ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი. ასევე, 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო: BPI