ეკონომიკა

7-საფეხურიანი ნახტომი მსოფლიო ბანკის რეიტინგში მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 7-საფეხურიანი ნახტომი მსოფლიო ბანკის რეიტინგში მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული კვლევის – “ბიზნესის წარმოება 2017: თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის” შეფასებისას განუცხადა.

„მსოფლიო ბანკის რეიტინგს რაც შეეხება, ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ფაქტობრივად, 7 საფეხურით აიწია საქართველომ ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში – 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში. 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ნახტომი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც ფიქრობს საქართველოში ინვესტირებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა “ბიზნესის წარმოება 2017: თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის – მაკედონიის და ლატვიის შემდეგ. საქართველო ასევე იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.