საზოგადოება

აჭარაში საუკეთესო ტურისტული ობიექტები „მაგნოლია 2016“-ზე დაჯილდოვდება

 

აჭარაში, საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების  ვინაობა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს დეკემბრის ბოლოს „მაგნოლია 2016“-ზე დააჯილდოვებს. დაჯილდოების ცერემენიალზე გამოვლინდება თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტული მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. დეპარტამენტი წელს აჭარაში, ყველაზე მაღალი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს გამოიყენებს.

 

მომხმარებელთა შეფასებების მისაღებად დეპარტამენტმა სექტემბრიდან დაიწყო მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ონლაინ  კვლევას, ასევე Trip Adviser-ზე, Booking. Com-სა და Facebook.com-ზე  ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. ტურისტების გამოკითხვა მიმდინარეობს, როგორც ონლაინ რეჯიმში ასევე რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში. ამ ეტაპზე კვლევაში 1000-მდე ტურისტი და უბრალო მომხმარებელია ჩართული.

 

„მნიშვნელოვანია, როცა ცალკეული ტურისტული ობიექტის სერვისს ტურისტი აფასებს. სწორედ ტურისტისა და უბრალოდ მომხმარებლის აზრია გასათვალისწინებელი, როცა ტურისტული ბიზნესის განვითარება და სერვისის გაუმჯობესება გვსურს. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მიზანია ტურისტმა და უბრალო მომხმარებელმა  გამოავლინოს აჭარაში საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტები. რა თქმა უნდა ამას ემატება  ტურიზმის სექტორის გამოკითხვაც, მაგრამ მნიშვნელოვანი წილი მაინც ტურისტებზე მოდის,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებსაც გამოიყენებს. საუკეთესოს გამოვლენისას დეპარტამენტი ასევე გაითვალისწინებს პროექტის  „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ შედეგებს.