რუსთავში განახლებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მატკავამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ გიორგი შუხოშვილთან, ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან ერთად, რუსთავის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რუსთავის ნაგავსაყრელზე ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობის სამუშაოები ახლახანს დასრულდა.
„რუსთავის ძველ ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობას ასევე ეკოლოგიას. ნაგავსაყრელზე ქალაქ რუსთავიდან და გარდაბნიდან ყოველთვიურად დაახლოებით 2 957 ტონა ნარჩენი შედიოდა. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ პროექტი გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, სახლემწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა“, – აცხადებენ უწყებაში.