საზოგადოება

აჭარის ტურისტულ ობიექტებში სერვისის გაუმჯობესებისთვის ტრენინგები ჩატარდება

აჭარის ტურისტულ ობიექტებში ”იდუმალი სტუმრის” მეთოდით კვლევა ჩატარდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე კვლევაში 150 ობიექტი იყო ჩართული. მათ შორის: 15 ტურისტულ სააგენტო; 60 კვებისა და 75 განთავსების ობიექტი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი ამბობს, რომ ბოლო 1 წელიწადში ხარისხის დონე მნიშვნელოვნადაა ამაღლებული, თუმცა პრობლემები მაინც რჩება.

„ძირითადი პრობლემა რაც კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა არის ის, რომ სერვისის დონე ჯერჯერობით არ შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს. ტურიზმი სწრაფად განვითარებადი სფეროა და მას ყოველწლიურად დახვეწა და განვითარება სჭირდება. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ჩვენი სურვილები და ბაზარზე არსებული სერვისის დონე არ ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ დავეხმაროთ კერძო სექტორს, ამ ეტაპისთვის, მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად კერძო სექტორს სარეკომენდაციო წინადადებებს შევთავაზებთ და პარალელურად ვიწყებთ ტრენინგების ახალ ტალღას, რომელიც  სწორედ იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული რაც კვლევის შედეგად გამოვლინდა”, – ამბობს თამარ კაიკაციშვილი და აღნიშნავს, რომ „თუ  შევადარებთ სერვისის სფეროში გასული წლების მონაცემებს და არსებულ მდგომარეობას, სიტუაცია მნიშვნელოვნად და თვალშისაცემად არის უკეთესობისკენ შეცვლილი.

„მისასალმებელია, რომ სიახლეებს რეგიონმაც ფეხი აუწყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისავის, რომ მშვიდად ვიყოთ და განვითარებაზე აღარ ვიფიქროთ”, აცხადებს კაიკაციშვილი.