“ადრე თუ გვიან, ალბათ, კოალიცია აუცილებლად დაიშლება და ამაში ტრაგედია არაფერია”
ადრე თუ გვიან, ალბათ, კოალიცია აუცილებლად დაიშლება და ამაში ტრაგედია არაფერია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში ამ საშიშროებას ვერ ხედავს.
მიუხედავად “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის არსებული დაპირისპირებისა, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმავე შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის.
“ადრე თუ გვიან, ალბათ კოალიცია აუცილებლად დაიშლება. ამაში ტრაგედია არაფერია. პოლიტიკა არის დინამიკური პროცესი და შესაძლებელია, ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს, თუმცა უახლოეს მომავალში ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, კოალიცია არჩევნებზე წარსდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის, თუმცა არჩევნებამდე ძალიან ბევრი დროა და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.