ეკონომიკა

„აფბა“ ივანიშვილის ანგარიშის ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილს დადებითად აფასებს

„აფბა“ მიიჩნევს, რომ მმართველი კოალიციის ანგარიში ადეკვატურად ასახავს ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევების დასაძლევად მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს–კლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველოს ეკონომიკა როგორც უახლოეს წარსულში, ისე მიმდინარე ეტაპზე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ მთავრობის საქმიანობის შეფასებისას, მათი სათანადოდ გაანალიზება მნიშვნელოვანია:

„მიუხედავად 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომისა, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური და საფინანსო კრიზისისა, რომელიც ამ წელს სრული ძალით გაჩაღდა და მის დასაძლევად ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა 4,5 მილიონი აშშ დოლარი მოგვაშველეს, პრობლემები მთლიანად ვერ გადაიჭრა, ხოლო ახალმა საგარეო და საშინაო საფრთხეებმა ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა. ნავთობზე ფასების ვარდნა არა მარტო ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქვეყნებისთვის აღმოჩნდა საზიანო. ჯერ ირანის, შემდეგ რუსეთის სანქციებმა, საბერძნეთის დეფოლტის საფრთხემ, სერიოზულმა პრობლემებმა თურქეთის ეკონომიკაში საქართველო არა მარტო გადმორიცხვების შემცირებით დააზარალა. მიუხედავად პრობლემების ერთობლიობისა, ეკონომიკური ზრდა 2013-15 წლებში რეგიონში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ბუნებრივია ევროპულ დონემდე გასასვლელად საქართველოს ორ ნიშნა ციფრში გამოხატული ეკონომიკური ზრდა ჭირდება და ეს რომ მიღწეული არ იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს და ამ მხრივ მთავრობის საქმიანობის შეფასებისას, მნიშვნელოვანია სათანადოდ იქნას გათვალისწინებული ყველა საგარეო თუ საშინაო გარემოება, რამაც პირდაპირ თუ ირიბად გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“ – განაცხადა გულბანმა.

„მიუხედავად იმისა, რომ თუ გასული 4 წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს შევადარებთ წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს და ვნახავთ, რომ ყველა პარამეტრი არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ზრდის ტემპი რთული პოლიტ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შენარჩუნებული, მე მაინც ორ ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფდი, რაც ამ ხელისუფლების დიდი დამსახურებაა: პირველი ეს არის დიდი ნახტომი საკუთრების უფლების დაცვის კუთხით მსოფლიო რეიტინგში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესი აღარ არის შეზღუდული ფლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას შეუზღუდავად, რის გარეშეც განვითარების შანსი არის ძალიან მცირე, განვითარდებიან მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესები, რისი ნათელი მაგალითიც უახლოეს წარსულში საქართველოს მრავლად აქვს და მეორე ეს არის მთავრობა,  რომელიც არის პრობიზნესური. ახალი მთავრობის მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა სამთავრობო პროექტების განხორციელებით, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესისთვის ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებას, ესენია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და კომპეტენციის ნაკლებობა. პირველ შემთხვევაში მთავრობა ახდენს სესხის პროცენტის თანადაფინანსებას და ბიზნესი ბანკს უბრუნებს იმ თანხას რაც ისესხა, ხოლო მეორე შემთხვევაში ტარდება ტრენინგები და სპეციალური კურსები იმ კომპეტენციის მისანიჭებლად მეწარმეებისთვის, რაც დაკავშირებულია, როგორც საზღვარგარეთის ბაზრების მოძიების სპეციფიკასთან, ასევე ისეთი საკითხების გადაწყვეტასთან, როგორიცაა ფინანსების მოძიება, ბიზნეს-გეგმის შედგენა, გადასახადებთან და საკანონმდებლო აქტებთან ურთიერთობა.

ეხლა მნიშვნელოვანია, რომ არსებული პრობიზნესური კურსი შენარჩუნებული იყოს, რაც თავის ხელშესახებ შედეგებს აუცილებლად მოიტანს“ – აღნიშნა შოთა გულბანმა.