საზოგადოება

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – როლანდ ბლადაძის ოჯახი გიორგი პაპუაშვილს მიმართავს და საზოგადოებას სადავო ბინის გაყიდვაზე აფრთხილებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებასთან დაკავშირებით, როლანდ ბლადაძის ოჯახი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს, სადავო ქინება არ შეიძინონ. როლანდ ბლადაძის ოჯახის განცხადებას მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„მინდა საზოგადოებას მივმართოთ და ცნობილი გავხადოთ ჩვენთვის მიღებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ჩვენთვის ჩამორთმეული სადავო საცხოვრებელი სახლის გასხვისების მცდელობების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენთვის ცნობილი გახდა გიორგი პაპუაშვილის გარკვეული მოქმედებების შესახებ. გიორგი პაპუაშვილი ცდილობს სადავო ქონების გასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ. ბათუმში, ჩამორთმეული სახლის მეზობლების ცნობით, რომლებთანაც წლების მანძილზე ვინარჩუნებთ ურთიერთობას, მივიღეთ ინფორმაცია, რომ გიორგი პაპუაშვილმა სადავო სახლიდან, მტვირთავი მანქანებით, ღამის საათებში, გაიტანა კუთვნილი ავეჯი. ოჯახი საცხოვრებლად მუდმივად იმყოფება თბილისში. ბოლო პერიოდი, არც გიორგი პაპუაშვილი სარგებლობს ჩამორთმეულ სახლში ცხოვრებით, ხოლო სახლთან დაცვის პოლიციის თანამშრომლები, მხოლოდ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას.

ჩემს ოჯახს ქართული სასამართლო და ქართული სახელმწიფო შესაძლებლობას არ აძლევს დაცვის შესაბამისი უფლებით ისარგებლოს. მაშინ, როდესაც სასამართლო დავა გრძელდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, გაუქმებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის გამოყენების უფლება. სასამართლომ ყადაღა სადავო ქონებაზე ისე გააუქმა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯერ არც ის ფაქტი იყო გარკვეული, საქმეს ადმინისტრაციული კოლეგია განიხილავდა თუ სამოქალაქო კოლეგია. ასეთი ფაქტი დაუჯერებელია დემოკრატიული სახელმწიფოს სასამართლო პრაქტიკისთვის. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მოცემულ ეტაპზე, ვერ შეძლო გიორგი პაპუაშვილთან დიალოგი და მისი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება, როდესაც ხელისუფლებამ აღნიშნული ნების ცალსახა პოზიცია სასამართლოს წინაშეც არაერთგზის დააფიქსირა. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ აჩვენებს საქმეზე პოლიტიკურ გავლენას და მოქალაქის უფლებების საწინააღმდეგოდ, შესაძლო გარიგების ნიშნებს, რაც კიდევ ერთხელ მიტოვებს უფლებას, დავა გავაგრძელოთ სააპელაციო წესით. თუკი ჩემმა ოჯახმა საქართველოში დარღვეული უფლებების აღდგენა ვერ შეძლო, სასამართლოც და სახელმწიფოც დარჩება სახელგატეხილი და შერცხვენილი. ჩვენ მოგვიწევს დავა გავაგრძელოთ ევროპის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სასამართლოში.

მოვუწოდებ ბატონ გიორგი პაპუაშვილს, არ მოახდინოთ ჩემი ოჯახისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გასხვისება. ჩვენ უკიდურესად მშვიდ ვითარებაში, სამართლებრივი გზებით ვცდილობთ დარღვეული ქონებრივი უფლებების აღდგენას და საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებში გადაწყვეტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების თაობისთვის. ნებისმიერ ადამიანი, რომელიც სადავო ქონების შეძენას დააპირებს, იქნება ქონების არაკეთილსინდისიერი მესაკუთრე, რომელიც უნდა გრძნობდეს, მათ შორის მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს. ამასთან, პასუხისმგებლობა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, სრულად ეკისრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელის მიმართაც, ჩვენი მხრიდან, წარმოქმნილია სამართლებრივი დავა და სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს წინდახედულობის პრინციპის გამოყენებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქმეზე არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, ჩემი ოჯახისთვის კატეგორიულად მიუღებელია ზოგიერთი სატელევიზიო სიუჟეტის მთავარი გზავნილები მოსახლეობის მიმართ, რომ თითქოსდა სადავო ქონება გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში რჩება. აუცილებელია, მათ შორის ჟურნალისტურმა კორპუსმა ფრთხილი დამოკიდებულება გამოიჩინოს თემის გაშუქების მიმართ და არ მოხდეს გადაუმოწმებელი ფაქტების პოპულარიზაცია. მიუხედავად ცალკეული გადაცდომებისა, მინდა ქართულ მედიას მადლობა ვუთხრა საქმეზე მაღალი ინტერესისთვის და მუდმივი ყურადღების გამო.

ბათუმში, 2016 წლის 13 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „ჩვენი განვითარების პროგრამის ქვაკუთხედი გახლავთ თითოეული ადამიანის ძირეული უფლებები და მისი პატივისცემა. ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც არარად აგდებს ადამიანს, მის ღირსებას. არცერთი ხიდი, ესტაკადა, გზა, კოშკი არ ღირს დაჩაგრული ადამიანის დაღვრილ ცრემლად“, იმედს მაძლევს, რომ სახელმწიფო საკუთარი სიტყვის ერთგული დარჩება. ნამდვილად მინდა ჩამოვიდეთ საქართველოში, სადაც ერთადერთი სახლი გველოდება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37, ბინა #8, ფართი: 277,91 კვ.მ. საკადასტრო კოდი #05.23.17.008.01.008, არ იყიდება. ჩვენ გვაქვს თქვენი სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი“. – ნათქვამია როლანდ ბლადაძის ოჯახის განცხადებაში.