საზოგადოება

ახალი საბაგირო რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე მანძილს 4 წუთში დაფარავს

თბილისში სსიპ ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის” მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით, დაახლოებით, 980 მ-ის სიგრძის საბაგირო გაკეთდება, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე მანძილს 4 წუთში დაფარავს.

სამუშაოები, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება. ამ ეტაპზე დასრულებულია საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურების საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა და მიმდინარეობს საყრდენიანძების გეოლოგიური კვლევა.

როგორც „სითი კვირას“ შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, საბაგირო გზის მოწყობა ავსტრიულ კომპანია „დოპელმაიერს” დაუკვეთეს, რომელიც ბაზრის ამ სეგმენტში ერთ-ერთი უმთავრესი მოთამაშეა ხარისხითა და აღებული ვალდებულებების შესრულებით.

„სამუშაოების დაწყების სავარაუდო ვადაა ოქტომბრის თვის მეორე ნახევარი, ხოლო ჩვენი გეგმის მიხედვით, ექსპლუატაციაში საბაგირო მომდევნო წლის ზაფხულიდან ჩაეშვება”, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს 8 MGD ტიპის (მონოგონდოლა) საბაგიროს მონტაჟს. მარშრუტს ექნება ორი სადგური, რუსთაველის გამზირზე და მთაწმინდის პარკში არსებული ძველი სადგურების ადგილას. საბაგიროს გამტარუნარიანობა გათვლილია საათში 1 100 კაცზე. გზას მოემსახურება 20 გონდოლა, საშუალოდ, 6 ადამიანზე გათვლილი.
“გონდოლების რაოდენობრივ დატვირთვას უზრუნველყოფს ის კომპანია, რომელიც იქნება ამ ქონების საბოლოო განმკარგველი. ასევე, დაადგენს საბაგირო გზის მუშაობის განრიგს. საბაგიროს ძირითადი ნაწილი უკვე დამზადებულია და დასაწყობებულია ავსტრიაში, გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ მისი ტრანსპორტირება განხორციელდება“, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზის თავდაპირველი მარშრუტი იქნება სასტუმრო „რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა, თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისში არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, მისი ქვედა სადგურისლოკაციად განისაზღვრა სსიპ ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის” მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით მიმავალი საბაგირო გზა.

წყარო