საზოგადოება

ეკონომიკური რჩევები საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩევლებისთვის

რჩევა #2 – გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ “ბანკები და ფინანსების” 476 ნომერში

რჩევა პარტიებს:

იმისათვის, რომ ეკონომიკის მონოპოლიზაციის და მონოპოლიური საწარმოების საქმიანობა რეალურად დაექვემდებაროს სახელმწიფო ზედამხედველობას და მაქსიმალურად გამოირიცხოს მათი მხრიდან დომინანტური მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა, თავმოყვარე პოლიტიკურმა პარტიებმა:

საჯაროდ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ მზად არიან, ხელისუფლებაში მოსვლის კვალობაზე, ბაზრის კონკურენციის ხელისშემშლელ ნებისმიერ მონოპოლიურ გამოვლინებასთან უშეღავათო სამართლებრივი ბრძოლა აწარმოონ;

უნდა დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის ხარისხს მთლიანობაში გააუარესებს;

უნდა მოახდინონ დეკლარირება იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ანტიმონოპოლიური ღონისძიებების გატარების აუცილებლობისა და მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ფართო მასების ინფორმირებას მოახდენენ და ამ საქმეში მასმედიის აქტიურ ჩართულობას შეუწყობენ ხელს;

უნდა დაასაბუთონ, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მოახერხებენ კონკურეციის კანონის დახვეწას და წამყვანი ქვეყნების კანონმდებლობებთან მის მაქსიმალურად მისადაგებას;

უნდა დაამტკიცონ, რომ მოახდენენ ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობის რეალურ გარდაქმნას – უწყების ეფექტიანობის თვისებრივად ამაღლებას მისთვის ფუნქციების, უფლება-მოვალეობების, კადრების კვალიფიკაციისა და საბიუჯეტო ასიგნებების სოლიდური გაზრდით;

რჩევა ამომრჩეველს:

თუ ამომრჩეველი არ არის ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ პარტიას ეყოფა გამბედაობა გაატაროს რეალური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა ქვეყანაში – ასეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას მოქალაქემ ხმა არ უნდა მისცეს!

***

მონოპოლია რომ საბაზრო ეკონომიკის თანმდევი, მთლიანობაში ნეგატიური მოვლენაა, ეს საყოველთაოდაა ცნობილი – ის ასუსტებს შრომისა და მეწარმეობრივ მოტივაციას, სპობს კონკურენციას, ამუხრუჭებს სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს და ეკონომიკის განვითრებას მთლიანობაში, პრაქტიკულად დაუცველს ხდის მომხმარებელს. სწორედ ამიტომ ებრძვიან მონოპოლიას ყველგან მსოფლიოში, და ამ ფუნქციას ძირითადში სახელმწიფო ასრულებს.

რამდენად კონკურენციულია საქართველოს ეკონომიკური ბაზარი და როგორ ართმევს თავს ანტომონოპოლიურ საქმიანობას სახელმწიფო?

დავიწყოთ იმით, რომ

(((2005-2013 წლებში საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური უბრალოდ არ არსებობდა – ის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გააუქმა (ცნობისათვის აქვე დავამატებთ, რომ ევროპის კონტინენტზე ანტიმონოპოლიური სამსახურები არ არის მხოლოდ ანდორასა და ფარერის კუნძულებზე). ))))

მართალია, ახალმა მთავრობამ 2014 წლის აპრილში კი შექმნა კონკურენციის სააგენტო, მაგრამ 2014 წელს ამ უწყების მიერ გაწეული საქმიანობა, ასე ვთქვათ, “ჩაეტია” წლიური ანგარიშის მხოლოდ 6 გვერდზე, მომდევნო პერიოდში კი სააგენტო შემოიფარგლა კონკურენციის დარღვევის ფაქტზე მიღებული ერთადერთი გადაწყვეტილებით (სანქცია დაუწესდა ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ იმპორტიორს) და ათიოდე ჩატარებული მოკვლევით.

ნიშნავს კი ეს, რომ კონკურენციის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში ყველაფერი წესრიგშია? არა, სამწუხაროდ.

აი, რას გვეუბნება ამასთან დაკავშირებით ეკონომიკური სტატისტიკა:

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის (2014–2015 წლებში გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის) თანახმად:

  • ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობის თვალსაზრისით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 127–ე პოზიციაზეა (ჩვენზე მაღალი რეიტინგი აქვს სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს);
  • ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის დონის მიხედვით 144 ქვეყანას შორის 105–ე ადგილზე ვიმყოფებით და ა.შ.

ეს მონაცემები კი იმაზე მიუთითებს, რომ სამამულო ბაზარი მეტად სუსტი კონკურენციულობით გამოირჩევა, ანტიმონოპოლიური ღონისძიებები ქვეყანაში კი არაეფექტიანია!

ზოგადად მიჩნეულია, რომ ფირმა მონოპოლიურ, დომინანტურ მდგომარეობაში იმყოფება, თუკი მას ბაზრის საკმაოდ მაღალი წილი (პროდუქციის საერთო მიწოდებაში სოლიდური საკუთარი წილი) უკავია, მაგალითისათვის:

  • გერმანიაში ასეთ კომპანიად მიიჩნევა 33% ბაზრის წილის მქონე ერთი საწარმო; ასევე ორი ან სამი კომპანია, რომელიც ერთობლივად ბაზრის 50%-ს ფლობს; ან არანაკლებ ხუთი კომპანიისა, თუ კი ისინი ჯამურად ბაზრის 2/3-ს ფლობენ;
  • ბრიტანეთში დომინანტური მდგომარეობის მქონე სუბიექტად მიიჩნევა ბაზრის 25% და მეტი წილის მქონე კომპანია და ა.შ.

ცხადია, თავისთავად მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანიამ (ან კომპანიებმა) მიწოდებული საქონელ-მომსახურების მოცულობის თვალსაზრისით გადააბიჯა (გადააბიჯეს) კანონმდებლობით დაშვებულ ზღვარს, არც ზემოხსენებულ ქვეყნებში და, პრინციპში, არც სხვაგან არ არის ხოლმე საკმარისი იმისათვის, რომ მათ მიმართ უცილობლივ სადამსჯელო ანტიმონოპოლიური ღონისძიებები გატარდეს – ეს რომ გაკეთდეს, მთელი რიგი გარემოებების დადგენა და შესწავლაა აუცილებელი (მაგალითად, იმისა, ხომ არ აქვს ადგილი იმავდროულად ფასების დაუსაბუთებელ მატებას; ან მყიდველის იძულებას შეიძინოს პროდუქცია მხოლოდ ამ კომპანიებისაგან და ა.შ.; ანუ საჭიროა იმის განსაზღვრა – ხომ არ იყენებს კომპანია თავის დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად, სხვის საზიანოდ).

ამასთან, კომპანიის (კომპანიების) დომინანტური გარემოების დადგენა თითქმის ყველგან საკმარისი წინაპირობაა საიმისოდ, რომ ამ კომპანიის საქმიანობაზე შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ყურადღება გააძლიეროს, მასზე სათანადო მონიტორინგი განახორციელოს, შესაბამისი მოკვლევის სამუშაოები ჩაატაროს და ა.შ.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან და რამდენადაა ადეკვატური კონკურენციის სამსახურის მოქმედება ქვეყანაში არსებულ ვითრებასთან?

დავიწყოთ იმით, თუ რას გვეუბნება “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონი ბაზარზე დომინანტური პოზიციის განსაზღვრის თაობაზე:

  1. კომპანია დომინანტად მიიჩნევა, თუ მას შესაბამისი ბაზრის (საბაზრო ბრუნვის) არანაკლებ 40 პროცენტი უკავია (ანუ ჩვენთან დასაშვები ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე გერმანიაში ან ბრიტანეთში; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებამდე ეს ბარიერი 33%–ს შეადგენდა);
  2. არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტისა დომინანტებად მიიჩნევიან, თუ მათი ერთობლივი წილი ბაზარზე 50 პროცენტს აღემატება (ამასთან, თითოეულის საბაზრო წილი 15 პროცენტზე მეტია);
  3. ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტი დომინირებს ბაზარზე, თუ მათი ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება (და აქაც თითოეულის საბაზრო წილი 15 პროცენტზე მეტია).

ახლა კი გავეცნოთ ზოგიერთი მსხვილი კომპანიის წილობრივ მონაწილეობას ჩვენს ბაზრებზე:

დავიწყოთ საბანკო სექტორით.

(საინტერესოა, რომ თვით საბანკო სექტორის მთლიანი წილი საფინანსო ბაზარზე მეტად მაღალია და 93%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ, ფულადი კაპიტალის განთავსებისა და შემოსავლის მიღების თვალსაზრისით, დანარჩენ საფინანსო ინსტიტუტებზე (საფონდო ბირჟებზე, სადაზღვეო კომპანიებზე, სხვა შემნახველ ორგანიზაციებზე) ბანკები დომინირებენ აბსოლუტურად.

ქართული საბანკო სივრცის თითქმის 60%-ს ფლობს 2 ბანკი: “საქართველოს ბანკი” (მთლიანი აქტივების 33%) და “თიბისი ბანკი” (27%). ბაზრის 20%-ს ინაწილებენ “ლიბერთი ბანკი” და “ბანკი რესპუბლიკა” (ანუ 4 ბანკი ერთობლივად ფლობს საკრედიტო რესურსების 80%-ს, ყველა დანარჩენი 15 ბანკი კი ბაზრის 20%-ს იყოფს) – მაშასადამე, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით გამოდის, რომ პირველი ოთხი ბანკის პოზიცია საფინანსო ბაზარზე ცალსახად დომინანტურია;

ფარმაცევტული ბაზარი:

ბაზრის თითქმის ნახევარი “ავერსს” და PSP-ს უკავია ერთობლივად (შპს ,,ავერსი’ -24%, შპს PSP – 23%);

მობილური კომუნიკაციების ბაზარი:

ბაზრის 70%-ს (თითქმის თანაბარი მომსახურების მოცულობით) “მაგთი” და “ჯეოსელი” აკონტროლებენ.

საკმაოდ ინფორმირებულები არიან ჩვენი თანამოქალაქეები (ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა) იმის თაობაზე, თუ როგორი სიტუაციაა, მონოპოლიური თვალსაზრისით, მაგალითისათვის, ნავთობპროდუქტების ბაზარზე, სადაც, დიდი ალბათობით, უმსხვილესი კომპანიები “სოკარი”, “ლუკოილი”, “ვისოლი”, “გალფი” დღემდე განსაზღვრავენ პროდუქციის ტარიფებსა და ხარისხს; ინტერნეტმომხმარებლებმა კარგად იციან, თუ რომელი ფირმა განაგებს ინტერნეტის მიწოდების ბაზარს – ესენი ყველასათვის ცნობილი ,,სილქნეტი” და ,,კავკასუს ონლაინი” არიან;

არსებობს საზოგადოებაში არც თუ უსაფუძვლო ეჭვები იმის შესახებ, რომ საქონელ-მომსახურების სხვა ბაზრებზეც, მეურნეობის სხვა სფეროებშიც მსგავსი სურათია და იქაც დომინანტური მდგომარებით სარფიანად სარგებლობს ერთი ან რამდენიმე მსხვილი ეკონომიკური სუბიექტი, ასევე იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად და კანონიერად იმართება ბუნებრივი მონოპოლიები მათი ერთპიროვნული მესაკუთრეების (სახელმწიფოს თუ კერძო პირების) მხრიდან.

ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და მეტწილად პასუხგაუცემელი კითხვებია ბევრ საკითხზე, მაგალითად:

რატომაა ძვირი საბანკო მომსახურების პროდუქტი – სესხი (რომელიც თითქმის ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში: მაგალითისათვის,

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში იპოთეკური კრედიტის წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი 4,5%-ია, აღმოსავლეთ ევროპაში – 7-8%, საქართველოში – კი იპოთეკური სესხის ღირებულება დოლარში დაახლოებით 12%-ს, ლარში კი – 18% შეადგენს;

თითქმის ანალოგიური სიტუაციაა კომერციულ და სხვა ტიპის სესხებთან მიმართებაშიც);

რატომ მოხდა ისე, რომ ნავთობზე ფასების საგრძნობლად შემცირების კვალობაზე ჩვენთან ბენზინის ფასი დიდად არ შემცირებულა (იგივეს თქმა შეიძლება ხორბალთან დაკავშირებითაც);

რატომაა ქვეყანაში ძვირი მედიკამენტები (მთელი რიგი დასახელების მედიკამენტებზე ფასები 2-3-ჯერ აღემატება ევროპულ ფასებს);

რატომაა ერთობ მაღალი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური მონოპოლიური პროდუქტის საფასური.

თუ კი ეს და ბევრი სხვა ტენდენცია და ფაქტი არ უკავშირდება ქართული ეკონომიკის ფაქტობრივად სრულ მონოპოლიზაციას (შესაძლოა, ნაწილობრივ ეს ასეცაა), თუკი კონკურენციული გარემო ქვეყანაში იმდენად თავისუფალია, რომ ახალ მოთამაშეს არ ურთულდება სასურველ ბაზარზე შესვლა, მაშინ:

რატომაა, რომ ქართულ საფინანსო ბაზარზე აქამდე არ გამოჩენილა მსხვილი უცხოური ბანკი, გარდა ბრიტანული HSBS ბანკისა, რომელიც, როგორც გვახსოვს, კლიენტების მოზიდვას დაბალი საპროცენტო განაკვეთით შეეცადა, თუმცა მალევე დატოვა საქართველო აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით?

რამდენად შეესაბამება თვისუფალი კონკურენციის პირობებს შპს “მაგთიკომი”-ს ქმედება, რომელმაც მიმდინარე წლის (2016 წლის) 27 აპრილიდან 2-ჯერ გაზარდა სატელეფონო საუბრის ტარიფები (ე.წ. “ბანის” აბონენტებს გაუძვირა წუთის ღირებულება 10-დან 24 თეთრამდე)?

რა აუცილებლობითაა გამოწვეული ისეთი სამთვრობო დადგენილების გამოცემა, რომლის მიხედვით საფოსტო ამანათების შემოტანა, დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარების უფლება მხოლოდ ერთ პირს, შპს “საქართველოს ფოსტას” უნდა მიენიჭოს?

რატომ ხდება ისე, რომ მშენებლობის სექტორში (სადაც მაღალია სახელმწიფოს წილი) გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც არა აქვთ შესაბამისი გამოცდილება?

რატომ ეშლება ხელი თურქულ კომპანიებს ქართულ სოფლებში თხილის თვისუფლად შესყიდვაში?

რამდენად გამართლებულია, სწორია და ეფექტიანია ქართული ბიზნესისთვის ის, რომ ჩვენს ბაზარზე ბუნებრივი აირის მოწოდება მხოლოდ აზერბაიჯანიდან ხორციელდება?

ხომ არ იქცა ,,სახელმწიფო დაზღვევის კომპანია’’ სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე უმსხვილეს და პრივილეგირებულ მოთამაშედ და ხომ არ შეიზღუდა ამით კერძო სექტორის საქმიანობა?

რატომ იღებენ ბანკები საკომისიოს ანგარიშის გახსნისათვის ან დახურვისათვის, რა დანახარჯს გასწევენ ამისთვის?

აბონენტისათვის ტელეფონის გათიშვის შემდგომ რატომ ახდევინებენ საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორი ფირმები ამ აბონენტებს ყოველთვიურად ე.წ. “გამორთვის საფასურს”?

კითხვები ბევრია.

პასუხი კი პირველ რიგში კონკურენციის სააგენტომ უნდა გასცეს, რომლის საქმიანობა, არც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა, არც ეფექტიანობით და არც პრინციპულობით: სამწუხაროდ, უწყებამ მოკვლევის შედეგად ვერ შეძლო “ბათუმის ნავთობტერმინალის” მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტის დადგენა; ვერ დაადასტურა საავტომობილო გაზის რეალიზატორების მხრიდან კონკურენციის კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა და ვერც ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე დომინანტი (40%-იანი წილის მქონე) აზერბაიჯანული ფირმის საქმიანობაში აღმოაჩინა გადაცდომის ფაქტები.

ზემოთქმული გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის უმეტეს სფეროებში შეინიშნება მონოპოლიზაციის მეტად მაღალი დონე, მონოპოლიური პრობლემების კვლევის, კონკურენციის შემზღუდავი გარემოებების გამოვლენისა და მათი დაძლევის გზების ძიების პროცესი ქვეყანაში ჯერ კიდევ დასაწყის სტადიაზეა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქვეყანაში არ იგეგმება და არ ტარდება რაიმე ქმედითი ხასიათის მასშტაბური ღონისძიებები, რის გამოც მყიდველები წლებია, კარგავენ საკუთრი შემოსავლის ნაწილს მონოპოლიების სასარგებლოდ.

თუ გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებთ, თავიდან იხილეთ რჩევა #2

გაგრძელება იქნება