06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ ანაკლიაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტექნიკურ დეტალებს გაეცნენ  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგი, პორტის მშენებელი კონსორციუმის, ამერიკული პარტნიორი კომპანია „კონტი ჯგუფის“ ვიცე პრეზიდენტი პოლ ფორსი,  ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ის ფინანსური დირექტორი ზურაბ ფიჩხაია   და სამეგრელე-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.

„ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ კი ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მიმიდნარე წლის ზაფხულში დაიწყება. აქტიურ ფაზაში კი სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის იანვრიდან შევა“,-განაცხადა ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ის ფინანსურმა დირექტორმა, ზურაბ ფიჩხაიამ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ტექნიკური დეტალები, პორტის განვითარების ეტაპები, ინდუსტრიული ზონის ტერიტორია, მოქალაქეების დასაქმების, მუშახელის გადამზადების საკითხები და სხვა თემები განიხილეს. პორტის მშენებლობის ეტაპზე პირდაპირ 3400 ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ უშუალოდ პორტში მუდმივად 6400 ადამიანი იმუშავებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.

პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის საზღვაო ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო. პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალ ინდუსტრული ზონა და აშენდება რკინიგზა.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „გეოგრაფიკმა“ უკვე დაასრულა იმ მიწის ნაკვეთბის და შენობა ნაგებობების აღწერა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა. ასეთი კი ათასამდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა ნაგებობაა, აქედან საცხოვრებელი 110-მდე ობიექტია. მესაკუთერეებისგან მიწის გამოსყიდვა კანონით დადგენილი ნორმებით და საბაზრო ფასებით მოხდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით 2014 წლის 5 აგვისტოს გამოაცხადა.

ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” (Anaklia Development Consortium) მიმდინარე წლის თებერვალში გაიმარჯვა, რომელიც თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძლებული კომპანიაა.

წყარო: 2030