საზოგადოება

არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი უნიკალური წარწერა ძვ.წ. XI-X საუკუნით დათარიღდა

ინტერვიუ ადამიანთან, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძველი წარწერა აღმოაჩინა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი უნიკალური წარწერა მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძველი წელთაღრიცხვით XI-X საუკუნით დაათარიღა. წერდნენ თუ არა გრაკლიანელები ფინიკიელებზე 200 წლით ადრე, ეს დეშიფრირების შედეგად გაირკვევა, თუმცა გრაკლიანზე ქართველმა არქეოლოგებმა მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა უკვე გააკეთეს.

2007 წლიდან ამ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი უძღვება, რომელსაც ALLNEWS.GE ესაუბრა.

– არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაკეთებული აღმოჩენები რას ამბობს იმ საზოგადოებაზე, რომელიც მაშინდელ საქართველოში ცხოვრობდა?

– ამ ტერიტორიაზე 11 სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარის ნაშთებია აღმოჩენილი. შესაბამისად, საზოგადოების განვითარების თერთმეტ სხვადასხვა საფეხურზე მიგვანიშნებს. ამათგან წარწერების აღმოჩენამდე, საქართველოს ისტორიისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ძვ.წ-ით, მეხუთე-მეოთხე საუკუნეების ნაგებობათა და სამარხების ნაშთები იყო.

საქმე იმაშია, რომ მანამდე საქართველოში ამ პერიოდის ნამოსახლარი არ იყო აღმოჩენილი და შესაბამისად, ჩვენ არ ვიცოდით რა ხდებოდა მთელი ორი საუკუნის მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოში. იყო ასეთი მოსაზრება, რომ ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე-მეოთხე საუკუნეები იყო ქართლის დაკნინების, ეკონომიკური და კულტურული დაქვეითების ხანა, რა დროსაც მოსახლეობამ მიატოვა ბარი და მთებში გაიხიზნა.

გრაკლიანი გორის გათხრების შედეგად, დადასტურდა სრულიად განსხვავებული სურათი.

რეალურად, ძვ.წ-ით მეხუთე-მეოთხე საუკუნეებში აქ ცხოვრობდა უაღრესად დაწინაურებული მოსახლეობა, რომელსაც ძალიან ინტენსიური კულტურული და სავაჭრო უთიერთობები ჰქონდა გარე სამყაროსთან. აქ აღმოჩენილია ყველა პერიოდისთვის დამახასიათებელი მასალა, დამზადებული-თიხისაგან, ხისაგან, ბრინჯაოსაგან, ვერცხლისაგან თუ ოქროსაგან.


რამდენიმე დღის წინ, აღმოვაჩინეთ ძვ.წ-ით, მეოთხე ათასწლეულის მიწურულის საბეჭდავები, რომელიც დამზადებულია მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს ურბანულ ცენტრში სამხრეთ მესოპოტამიაში, გარდა ამისა, სხვადასხვა ფენებში გვხვდება ფინიკიური, ბერძნული, სპარსული ნაწამი და ასე შემდეგ.

– ეს ტერიტორია მაშინდელი საქართველოსთვის რა მნიშვნელობის მატარებელი იყო?

აქ აღმოჩენილი ნივთები, როგორც ადგილობრივი ნაწარმი ისე იმპორტირებული ნივთები, მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიას, განსაკუთრებით, ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, ჰქონდა სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა. სამოსახლო, რომელსაც ორი მხრიდან მდინარე ჩაუდიოდა, სტრატეგიულად მოხერხებულ ბორდზე მდებარეობს. ტერიტორიაზე განვითარებული იყო სოფლის მეურნეობაც. ამაზე კი აქ აღმოჩენილი ძალიან დიდი რაოდენობით ხორბალი და ფეტვი მიუთიუთებს, ასევე ხორბლის ასეულობით ხელსაფქვავი.

– აღმოჩენილი წარწერა და მისთვის მინიჭებული თარიღი, რას ცვლის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ ამ მცირე სათავსოში, რომელიც როგორც ჩანს საკულტო დანიშნულებისაა, აღმოჩნდა ორი ერთმანეთისაგან განსხავავებული სისტემით შესრულებული წარწერა. როდესაც ვიყენებ, ამ ტერმინს წარწერა – მხედველობაში მაქვს არამხოლოდ მისი შესრულების ტექნოლოგიური და ვიზუალური მხარე, არამედ ის გრაფიკული იდენტურობა, რომელიც ამ წარწერებს აქვს ძველი სამყაროს სხვადასხვა ადგილებში აღმოჩენილ წარწერებთან. ამ ფაქტმა მიუხედავად იმისა, როგორ გაიშიფრება, უკვე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა იმ თვალსაზრისით, რომ დამწერლობის არსებობა არის ცივილიზაციის უპირველესი ნიშანი და თუკი ამდენ ხანს უბრალოდ მაღალგანვითარებულ კულტურაზე შეიძლებოდა გვესაუბრა, საქართველო ჩვენ უნდა განვიხილოთ, ძვ წ. 11-10 საუკუნეების ცივილიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად, რომელიც აქამდე უცნობი იყო. შესაბამისად მისი საერთაშორისო მნიშვნელობა აქედან გამომდინარეობს, რადგან ცივილიზებული და განვითარებული სამყაროსთვის გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ცენტრი, სადაც საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების დონე უაღრესად მაღალი იყო.

– საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშანი არის თუ არა ეს ნამდვილად წარწერა?

ფოტოების მიხედვით ამისი თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ ვინც უშუალოდ ნახა, ეს ეჭვი გაუქრა. ადგილზე რომ ნახავ გიქმნის სრულიად უეჭველ შთაბეჭდილებას, რომ ეს ნამდვილად წარწერაა.

A-წარწერას, რომელიც დასავლეთის საკურთხეველზე არის გამოვლენილი, გრაფიკულად პირდაპირი ანალოგი ეძებნება სირიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერებთან, რომელიც ასევე ძვ.წ. მეთერთმეტე-მეათე საუკუნეებით თარიღდება.ეს ჩემი აზრით, გრაფიკული თვალსაზრისით არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თუმცა რა თქმა უნდა, სასურველია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ მას შემდეგ, რაც წარწერები დეშიფრირებული, ანუ წაკითხული იქნება.

– რამდენ ხანში შეიძლება დასრულდეს დეშიფრირების პროცესი?

ამ მიმართულებით არანაირი კანონზომიერება არ არსებს. არის წარწერები, რომელიც მალევე იქნა გაშიფრული, თუმცა ამავდროულად, არსებობს ისეთებიც, რომლებიც ასი წელია აღმოჩენილია და ჯერჯერობით გაშიფრული არაა.

– კვლევა ჩატარდა ამერიკის წამყვან ლაბორატორიაში. კიდევ თუ იგეგმება განმეორებითი კვლევები?

კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი, რომ მაიამის ლაბორატორიაში დადგინდა ქრონოლოგია. ამ თარიღი მიღების შემეგ მე გადავწყვიტე მისი კიდევ ერთხელ გადამოწმება და ამჯერად იტალიური ლაბორატორია მუშაობს დათარიღებაზე. ასევე გაიგზავნება საფრანგეთის ლაბორატორიაში და გაკეთდება მსგავსი ქრონოლოგიური ანალიზი.

– იტალიიდან პასუხს როდისთვის ელოდებით?
ამას დასჭირდება ორი, სამი თვე და იმედი მაქვს ამავე პერიოდში შევძლებთ, პასუხი მივიღოთ საფრანგეთიდანაც.

– მსოფლიოსთვის რამდენად არის ცნობილი ამ აღმოჩენის შესახებ და სამეცნიერო დონეზე თუ მოხდა გრაკლიანის წარწერის პოპულარიზაცია?

პირადად მე მქონდა რამდენიმე ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით შეხვედრა და სპეციალისტები ადგილზეც იყვნენ ჩამოსულები. სამეცნიერო საზოგადოებისათვის ცნობილია და ინტერესი ძალიან დიდია.

როგორც კი ეს აღმოჩენა გაკეთდა, ის განთავსდა საიტზე, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ყავს.

(academia.edu) იქ დავდეთ ფოტოები იმისათვის რომ განსჯის საგანი ყოფილიყო და არა ერთი ადამიანის ახირებული აზრი.

– სკეპტიკოსებს რას ეტყოდით?

სკეპტიციზმი არის სრულიად ბუნებრივი მოვლენა არქეოლოგიაში. არ არსებობს მაგალითი, რომ რომელიმე აღმოჩენა გააზრებული ყოფილიყოს ერთნიშნადად და ყველას ერთი პოზიცია და შეფასება ჰქონოდა. აქაც ასეა, ნაწილს იგი მიაჩნია ორნამენტად, ნაწილს ზოომორფულ გამოსახულებად. ეს ჩვეულებრივი პროცესია და დეშიფრირების შემდეგ გაირკვევა ვინ იყო მართალი. ამ ფაქტს სრულიად ბუნებრივად ვხვდები.

– ვის მიერ ფინანსდება გრაკლიანის გორაზე მიმდინარე სამუშაოები და არის თუ არა საკმარისი ეს დაფინანსება?

სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. დაფინანსება ყოველწლიურად გამოიყოფა. რამდენიც არის დაფინანსება იმის შესაბამისად მიმდინარეობს სამუშაოები, იგეგმება გათხრები ამა თუ იმ სეზონზე.

ამ ეტაპზე კვლევისათვის დაფინანსება სრულიად საკმარისია.

ქრისტინე გამთენაძე

Allnews.ge

[wpolling id=”13″ width=”” height=””]