17/05/2024
Latest:
მსოფლიო

შვეიცარია ფულის შენახვისთვის საუკეთესო ადგილის სტატუსს კარგავს

შვეიცარიამ დაკარგა ის მიმზიდველობა რომელიც მას წინა წლებში ჰქონდა როგორც კერძო ბანკების ჰაბს. ასეთ განცხადებას აკეთებს 76 წლის ინდოელი მილიარდერი-ინვესტორი გოპიჩანდ ჰინდუჯა, მთავარი მეწილე ჟენევაში დაფუძნებული კერძო ბანკისა, რომელსაც მისი ოჯახი ფლობს. მიზეზიც სახელდება – ესაა საგადასახადო გამჭვირვალობის ბოლოდროინდელი გამკაცრება. ამ თემას აშუქებს ინტერნეტ-გამოცემა “ბლუმბერგი” სტატიაში, რომლის თანახმად:

“მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ყურადღება გადააქვთ დუბაიზე, ყატარსა და სინგაპურზე თავიანთი დიდძალი ფინანსური თანხების დასაბინავებლად, რამეთუ შვეიცარია აღარაა მიჩნეული საუკეთესო ადგილად ფულის შენახვისთვის. ასე რომ, შვეიცარიამ დაკარგა თავისი ტრადიციული მნიშვნელობა,“ – ამბობს ინდოელი მილიარდერი.

უწინ შვეიცარიაში არავის უსვამდნენ შეკითხვებს ფულადი თანხების წარმოშობის შესახებ. ამ ტრადიციას ძირი გამოუთხარა შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ამჟამად წარმოებული საგადასახადო შემოწმებების გამკაცრებამ და ახლადშემოღებულმა სისტემამ ქვეყნებს შორის საბანკო ინფორმაციის გაცვლისა.

ამიერიდან, შვეიცარიის ბანკები უწინდელივით ვეღარ მოემსახურებიან შეძლებულ უცხოელებს.

ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბანკები ტოვებენ ჟენევასა და ციურიხს, რამეთუ კომპანიები ვეღარ უმკლავდებიან ფინანსური საიდუმლოების დაკარგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამას ემატება შვეიცარული ფრანკის ჭარბი გამყარებაც, დაბალი საკრედიტო განაკვეთებით გამოწვეული მომგებიანობის შემცირება და გამკაცრებული სარეგულაციო წესდებები.

გოპიჩანდ ჰინდუჯა თავის სამ ძმასთან ერთად კონტროლს უწევს “ჰინდუჯას ჯგუფს”, კერძო ინდუსტრიულ კონგლომერატს, რომელსაც კაპიტალი აქვს დაბანდებული ავტოწარმოებაში, ფინანსურ ინსტიტუტებში, მას-მედიასა და ენერგეტიკაში. მათი საქმიანობის გეოგრაფიული არეალი მსოფლიოს ხუთ კონტინენტს მოიცავს. ინდოელი მაგნატი ძმების ერთობლივი ქონება 14 მილიარდ 400 მილიონ დოლარს შეადგენს.

“შვეიცარიის ბანკში, რომელიც თავის სახელწოდებაში მათ გვარს ატარებს, თავმოყრილია 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარის აქტივები”- ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ვკითხულობთ:

“შვეიცარიის ბანკებმა ბოლო დროს მოუხშირეს ინევესტირებას ევროპული კომპანიების სუბსიდირებულ ფილიალებში. ამის მიზეზია შეძლებული ხალხის სურვილი- მეტი მობილურობა ჰქონდეთ, მეტი თავისუფლება. გადასახადების გადახდაზეც უარს არ ამბობენ.

ინდოელი მილიარდერმა მაგნატმა გოპიჩანდ ჰინდუჯამ 30 წელზე მეტი გაატარა ლონდონში. მისი თქმით, იგი არაა შეშფოთებული ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მომავალი შედეგებით. იგი იმ აზრისაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ლონდონის უძრავი ქონების ბაზარი არ იზარალებს. შესუსტებული ბრიტანული ფუნტი და მომხმარებელთა ფრთხილი პოზიცია სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც შექმნილ ვითარებას ხელსაყრელს ხდის ჩამოფასებული, სტრესული აქტივების შესაძენად.

ინდოელი მაგნატის ოჯახი ლონდონში ფლობს უძრავ ქონებას, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონ დოლარს. ამაში შედის ქონება ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ რაიონებში. გასულ მარტს, შეძენილ იქნა ბრიტანული არმიის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც ოჯახმა 350 მილიონი ფუნტი, ანუ 460 მილიონი დოლარი გადაიხადა. გეგმის თანახმად, სამომავლოდ ამ შენობაში მოეწყობა პრესტიჟული სასტუმრო. უკვე შერჩეულია სასტუმროს ოპერატორიც.

ინდოელი მაგნატი იმედს გამოთქვამს, რომ შეძლებული ხალხი, ინვესტორები, ფინანსისტები ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის რეგიონიდან სულ მალე მიაწყდებიან ლონდონის უძრავ ქონებას, თუნდაც შესუსტებული ფუნტის გამო. უძრავ ქონებაში კაპიტალს არავინ აბანდებს მოკლე დროით, დასძენს იგი.

წყარო: კომერსანტი