საზოგადოება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული სავალდებულო ტესტირება იწყება

საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.

„ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტით, 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი. ამდენად, მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით,  საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

„ტექნიკური დათვალიერების სისიტემის დანერგვას უნდა მოყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. ყურადსაღებია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირება მოქმედებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ამას საქართველოსაც ავალდებულებს.

„ამ საგანგაშო მონაცემების საპასუხოდ საქართველოს მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს. ახლა კი კონკრეტულად – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგად: მოხდება საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს; ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები; დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას; შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად.

„პერიოდული ტესტირების ვადა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად. დადგინდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული კონკურენტული ფასი. 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ისპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული. ინსპექტირების ნორმები კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად (2018 წლის 1-ელი იანვრიდან) ამოქმედდება. წინასწარი გათვლებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი წინასწარი შეფასებით, აღნიშნულ პროცესში 1000-მდე სპეციალისტი მომზადდება და დასაქმდება”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო წარმატებით შეასრულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, რითიც მოხდება საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ სტანდარტებთან საქართველოს სტანდარტების ჰარმონიზაცია.

„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეფორმის განხორციელების შემდეგად მოხდება: ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის მინიმუმადე დაყვანა; საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების, აგრეთვე საავტომობილო გზების, საგზაო ნაგებობებისა და ტვირთის დაცულობის გაუმჯობესება”, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმების ეტაპობრივად გატარებას.

„ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირების შემოღებითა და სათანადო ინფრასტრუქტურის გამართვით ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრობლემა, რაც დადებითად აისახება როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა კომპანიების მიმართ, რომლებიც ინტერესთა გამოხატვაში მიიღებენ მონაწილეობა არის საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, კომპანია ტესტირებას უნდა ატარებდეს სულ მცირე სამ ქვეყანაში.