საზოგადოება

ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერში ხე-მცენარეები ვანდალურად გაანადგურეს

გამთენიისას, ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერში ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები.

როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი. ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა შეგახსენებთ, რომ შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ, 11 აპრილს გაიხსნა. ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული. აქვეა განთავსებული 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, ადაპტირებული ატრაქციონები და პანდუსებიანი საპირფარეშო. ტერიტორიაზე მოწყობილია სადრენაჟო სისტემა, დაგებულია ფილები და ბორდიურები. ასევე დამონტაჟებულია გარე განათება და ჩატარებულია გამწვანების სამუშაოები.

ჯამში 7 ათასი კვ მეტრი ტერიტორია გამწვანდა. პარკში უკვე განთავსდა 90 საბაღე სკამი და მოეწყო სასმელი წყლის შადრევნები. პარკის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მონოლითი 2005”-მა შეასრულა. აღნიშნული სკვერი უკვე მეოთხეა ბათუმში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოეწყო. გასულ წელს 3 სკვერი მოეწყო ჯავახიშვილის, ფრიდონ ხალვაშისა და ბესიკის ქუჩებზე. ახალ სკვერს შინდისის გმირების სახელი 2008 წლის აგვისტოში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული 17 ქართველი მეომრის ხსოვნის უკვდავსაყოფად ეწოდა