ეკონომიკა

კვირიკაშვილის 100 დღე – მეტი ვიდრე უბრალოდ პრემიერი

სამი თვე გავიდა რაც საქართველოს ახალი პრემიერი ჰყავს. თუმცა, გიორგი კვირიკაშვილმა განვლილ კვარტალში მოსალოდნელზე მეტი ინიციატივა თუ დაპირება გააჟღერა, რომელთაგან უმეტესობის განხორციელებას მთავრობა უკვე შეუდგა.

ჯერ კიდევ იანვარში პრემიერ-მინისტრი 4 ახალი ინიციატივით გამოვიდა.  ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა შემდეგი მიმართულებები გამოყო: საგადასახადო რეფორმა; ჩართულობის, გამჭვირვალობის რეფორმა; რეგიონების განვითარება და ძირეული საგანმანათლებლო რეფორმა. როგორც შემდგომ პრემიერმა დააკონკრეტა განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანრგვა იგეგმება.

„ჩვენ გავატარებთ გადასახადების ადმინისტრირების რეფორმას, რათა ეს სისტემა მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული. საგადასახადო ინსპექტირება განხორციელდება მკაცრად დადგენილ ვადებში და მას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო უწყება. ხოლო, ანგარიშების დაყადაღება განხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გარდა ამისა, დღგ მოიხსნება იმპორტირებულ ტექნიკაზე. ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური დარღვევების დეკრიმინალიზაციაზე. ჩვენი რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია დამწყები ბიზნესების მხარდაჭერა. საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მაგრამ ახალგაზრდების წარმოდგენაში პოსტსაბჭოთა აზროვნება მაინც არსებობს. ახალგაზრდები საჭიროებენ ბიზნესზე ორიენტირებულ ცოდნას. ამის მაგალითია ტექნოლოგიური პარკი, რომელიც დაეხმარება მათ ბიზნესზე ყურადღების გამახვილებაში. ამ პარკს ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ახალგაზრდების დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ინიციატივებიდან განსაკუთრებული ინტერესი საგადასახადო რეფორმამ გამოიწვია. მთავრობამ პარლამეტში უკვე შეიტანა საგადასახადო კოდექსის რეფორმირებული ვარიანტი, რომლის თანახმადაც 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში რეინვესტირებულ თანხებზე მოგების გადასახადის გაუქმდება. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ესტონეთის მაგალითიდან იქნა გადმოღებული სადაც წარმატებით განხორციელდა და უკვე წლებია მუშობს.

რას გულისხმობს ესტონეთის მოგების გადასახადის რეფორმა? კომპანია, რომელიც შემოსავალს უკან ბიზნესის განსავითარებლად/გასაფართოებლად დააბანდებს თავისუფლდება მოგების 15%-იანი გადასახადიდან. ანუ, მოკლედ, რომ ვთქვათ რეინვესტირებული თანხები თავისუფლდება მოგების გადასახადიდან. ამ რეფორმის განხოციელება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ თხოვნის შემდგომ მისი ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრისთვის გადაიდო. მიზეზად ბიზნესმა გართულებული საბუღალტრო აღრიცხვა დაასახელა.

“დღეს კომპანია იხდის როგორც მოგების გადასახადს, ასევე შემდეგი წლისთვის ყოველთვიურად წინასწარ იხდის ავანსს. ანუ თუ წელს მოგების გადასახადი ჰქონდა 1000 ლარი, ყოველ კვარტალში 250 ლარი ავანსად უნდა გადაიხადოს, ანუ დამატებითი წნეხია და საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა კომპანიებისთვის და თუ მათ მიეცემათ საშუალება, რომ ეს თანხა ისევ კომპანიების განვითარებისთვის გამოიყენონ, ეს მხოლოდ წაადგება ეკონომიკას და გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, მეტი ბიზნესი ნიშნავს ნაკლებ სოციალურ პასუხისმგებლობას იგივე ხელისუფლებისთვის და პლუს მეტ შემოსავალს სხვა გადასახადებისგან, როგორიც არის ქონების, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ,” – ასე აფასებს ესტონური მოგების გადასახადის მოდელს „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარე გიგა მიქაუტაძე.

ესტონური მოდელის დანერგვის შემთხვევაში საქართველს ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შეთხელება მოუწევს. მთავრობის განცხადებით, მათ დათვალეს შესაძლო საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგები და პირველ წელს სახელმწიფო ხაზინას 500 მილიონი ლარი დააკლდება. თუმცა რეინვესტირებული მოგების ეკონომიკაში დატოვება მომდევნო წლებში ეკონომიკის სწრაფ ზრდას და შესაბამისად ბიუჯეტში შემოსავლების ზრდას გამოიწვევს.

გიორგი კვირიკაშვილი მხოლოდ საგადასახადო კუთხით ინიციატივებზე არ გაჩერებულა და თებერვალში, პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა. ამჯერად კვირიკაშვილის განცხადებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი კომპონენტი, „უმასპინძლე საქართველოში” დაემატება, ახალი კომპონენტის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა, ააშენოს ახალი სასტუმრო, გააფართოოს/გადააიარაღოს არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. შესაბამისად სასტუმროს ბიზნესი შეძლებს სახელმწიფოს დახმაებით იაფი კრედიტების აღებას.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად რჩება, ამაზე მოწმობს ბოლო დროინდელი სტატისტიკაც. 2016 წლის პირველ 3 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 მლნ-ს მიაღწია. ეს მონაცემი 14.7%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. 2014 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა 1.8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება 2015 წელს, გასულ წლის განმავლობაში საქართველომ ტურიზმიდან 1,935 მლრდ. დოლარი მიიღო, რაც 148 მლნ-ით მეტია 2014 წელთან შედარებით. 2009-2014 წლების შუალედში ტურიზმის საშუალო ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი 27 %-ს შეადგენდა.

ახალ პრემიერს უყურადღებოდ არც მცირე და საშუალო ბიზნესი დარჩენია. მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას კვირიკაშილმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს „სტარტაპების“ სისტემის შემოღებაზე, რომელიც ინოვაციური იდეების დაფინანსებას მოხმარდება.

„მეწარმეობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მცირე საწარმოებს და ინიციატორი, დამწყები ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობას. უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი, მდიდრდება პროგრამა – “აწარმოე საქართველოში”, იწყება მისი ახალი ქვეპროგრამები, მათ შორის “უმასპინძლე საქართველოში”, რომელიც მცირე სასტუმროების ქსელების წახალისებას ახდენს და დაფინანსების მოპოვების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ძალიან მნიშვნელოვანია “სტარტაპის” დაფინანსება, რათა დამწყებმა ბიზნესმა უზრუნველყოფის გარეშე შეძლოს დაფინანსების მოპოვება და ქვეყანაში დაფინანსდეს ინოვაციური იდეები საფინანსო ინსტიტუტებში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას.

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, მოგების ესტონური მოდელის დანერგვა, ბიზნესისთვის ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება, განათლების სისტემის რეფორმა, „სტარტაპების“ დაფინანსება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინიციატივებისა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის 3 თვიან პერიოდში მოსაწრო.

აღსანიშნავია, რომ მისი გაპრემიერების შემდგომ საქართველოს ეკონომიკაში, რაიმე განსაკუთრებული დადებითი ძვრები არ მომხდარა, თუმცა მოლოდინები რადიკალურად შეიცვალა. ამაზე ISET-ის კვლევაც ნათლად მეტყველებს. ბოლო თვეებში

საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსი მკვეთრად გაუმჯობესდა და -100/100 ბალიანი შკალით 11-დან 14 პუნქტამდე გაიზარდა. „კვირიკაშვილის ეფექტი“ – სწორედ ასე უწოდებენ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევრები საქართველოს გაუმჯობესებულ მონაცემებს. მათი მოსაზრებით, იმის ფონზე რომ საქართველოში მაკროეკონომიკური კუთხით რაიმე მასშტაბური ცვლილება არ მომხდარა, ბიზნესის ნდობის ინდექსის განმტკიცება შეიძლება ჩაითვალოს ნდობის ვოტუმად საქართველოს პრემიერ-მინისტრგიორგი კვირიკაშვილისთვის ბიზნესწრეების მხრიდან.

ISET აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის პირველ რამდენიმე თვე გამოირჩა ბიზნესის დახმარებისკენ მიმართული უამრავი ინიციატივით, მათ შორის საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით.

„ბიზნესის მოლოდინების კუთხით დაფიქსირდა მოულოდნელი და აუხსნელი გაუმჯობესება. ბიზნესსექტორის ენთუზიაზმი შესაძლოა, იმით იყოს გამოწვეული, რომ კვირიკაშვილისთვის ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და კერძო სექტორის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღება პრიორიტეტულია“, – წერს ISET.

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი ოპტიმისტური განცხადება გააჟღება. მისი თქმით საქართველო 10 წლის შემდეგ ნამდვილი ევროპული სახელმწიფო იქნება, რომელსაც მზარდი და დინამიური ეკონომიკა ექნება. დღევანდელი ეკონომიკური ზრდით მომდევნო ათწლეულში ეროპული ქვეყნის დონის მიღწევა შეუძლებელია. იმისათვის, რომ საქართველო საშალო ევროპულ ქვეყანას დაეწიოს მომდევნო 10 წელიწადში საშუალოდ მინიმუმ 7-8%-იანი ზრდა არის საჭირო. რამდენად შეძლებს „კვირიკაშილის ეფექტი“ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩარებას ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოლოდინები პოზიტიურია. ასე რომ, დაველოდოთ კვირიკაშვილის მომდევნო ნაბიჯებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.

მერაბ ჯანიაშილი