ჭინჭარი, ასკილი, თხილი, ღვინო – ქართული ბიოპროდუქციისთვის ევროპული ბაზარი ღიაა
65 გირვანქა სტერლინგი (235 ლარი) ერთ ბოთლ საფერავში, – ამ ფასად შეგიძლიათ დააგემოვნოთ ძმები ჯაყელების ღვინო ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ „მიშელინის“ ვარსკვლავიან რესტორანში. ქართული ღვინისთვის საარაკო ფასს საგემოვნო თვისებების გარდა, შემადგენლობაც განაპირობებს- ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია.
პროფესიით ეკონომისტმა ძმებმა, მალხაზ და ზაზა ჯაყელებმა, ორგანული ვენახის ჩაყრა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში 2001 წელს დაიწყეს, მაშინ როცა საქართველოში თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცოდა, რას ნიშნავდა სიტყვა „ბიო“. იმის გამო, რომ ვენახის მოსავლელად ქიმიურ საშუალებებს ვერ იყენებენ, კარგი ხარისხის ყურძნისა და ღვინის მისაღებად უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება მოუწიათ. რვაწლიანმა მცდელობამ გაჭრა – ჯაყელებს დღეს ღვინო ექსპორტზე ინგლისის გარდა, შვეიცარიასა და პოლონეთშიც გააქვთ.
„უცხოელებს ჩვენი ღვინო ძალიან მოსწონთ, ხშირად ჩამოდიან და ადგილზე აგემოვნებენ კიდეც, პროდუქციის ნახევარს საქართველოშიც ვყიდით, ძირითადად, პრესტიჟულ სასტუმროებში, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ას ლარამდე ღირს. მოთხოვნა მაღალია როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც, მაგრამ ვერ ვაკმაყოფილებთ – ღვინოს მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ, სულ – 6-7 ათას ბოთლს წელიწადში“, – აცხადებს ზაზა ჯაყელი.
როგორც მეწარმე აღნიშნავს, ყურძენი თავის დროზე მხოლოდ 5 ჰა-ზე გააშენეს, ორგანული ვენახი კი ჩვეულებრივთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებ მოსავალს იძლევა (2-3 ტონა/ჰა-ზე), ჯაყელებმა გადაწყვიტეს, წარმოება გაზარდონ და ასორტიმენტში რქაწითელის ქვევრის ღვინოც დაამატონ, პროექტში კი მეზობელი ფერმერების ჩართვას აპირებენ.
„ვენახი ნიშანს 5 წლის შემდეგ იძლევა, მაგრამ სრულ მსხომიარობაში 8-9 წლის შედის. გარდა ამისა, ერთი ჰა-ს გაშენება 15-20 ათასი დოლარი ჯდება, ჩვენთვის საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირი ინვესტიციაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მეზობლებს დავეხმაროთ, ვენახი ორგანულად გარდაქმნან და საჭირო რაოდენობის ყურძენი მათგან შევისყიდოთ“, – აცხადებს ჯაყელი.
ჯაყელების მომავალ პარტნიორებს, სამი წელი დასჭირდებათ, რათა საკუთარი მეურნეობიდან ბიოლოგიურად სუფთა ხილი მიიღონ – სწორედ ეს ვადაა განსაზღვრული მრავალწლოვანი კულტურებისთვის, თუმცა, მანამდე მიწის ანალიზები უნდა აიღონ დასადგენად, რამდენად დაბინძურებულია მძიმე მეტალებით.
„მეწარმეებმა, რომლებიც ბიომეურნეობის მოწყობას გეგმავენ, პირველ რიგში, მიწის ნაკვეთი სწორად უნდა შეარჩიონ, მეურნეობა ავტობანისა და ცენტრალური გზების, ასევე გადამამუშავებელი ქარხნებისგან მოშორებით უნდა მდებარეობდეს, შემდეგ კი მიჰყვნენ მცენარეთა თუ ცხოველთა მოვლის საშუალებების გამოყენების საერთაშორისოდ აღიარებულ ინსტრუქციას“, – აცხადებენ კომპანია „კავკასსერტში“. ეს ერთადერთი ორგანიზაციაა დღეს საქართველოში, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს და ბიოსერთიფიკატსაც გასცემს.
„აზრი, რომ მხოლოდ ორგანული სასუქები და შეწამვლის საშუალებები გამოიყენება, არასწორია. მაგალითად, ყურძნის შემთხვევაში, რომელსაც ჭრაქი და ნაცარი უჩნდება, აუცილებელია შაბიამანით შეწამვლა და ეს დაშვებულია, მიუხედავად იმისა, რომ სპილენძის ბაზაზე მზადდება. სამაგიეროდ, აკრძალულია სინთეზური, მათ შორს, აზოტოვანი და ფოსფორიანი მცენარეთა დაცვის საშუალებები“,– აღნიშნავს „კავკასსერტის“ დირექტორი, ზურაბ ნადარეიშვილი.
ძვირადღირებულ ქიმიკატებზე გაწეულ ეკონომიას მთლიანად ფარავს ჩვეულებრივზე მეტი მუშახელის გამოყენების ხარჯები. როგორც ზაზა ჯაყელი აცხადებს, იმის გამო, რომ მოვლის ორგანული საშუალებები ეფექტური გამოდგეს, უარი თქვეს ტრაქტორით სარგებლობაზე და ყველა ოპერაციას ხელით ატარებენ, სამაგიეროდ, ერთ ლიტრ ღვინოში, კლიენტები, დაახლოებით, 30 ლარს უხდიან.
ჯაყელების მსგავსად დღეს საქართველოში კიდევ 16 მეღვინეა, რომლებიც გარანტირებული ბაზრისა და მაღალი ფასების იმედად ორგანულ მეურნეობას მისდევენ (11 მათგანი კონვერსიის, ანუ, გარდამავალ პერიოდშია), – აცხადებენ „კავკასსერტში“. მათი ინფორმაციით, ამ მიმართულებით ინტერესი საქართველოში მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება, ყველაზე მეტად სწორედ მეღვინეები აქტიურობენ და ბიომეწარმეთა ნახევარს შეადგენენ.
„ძირითადად, ის მეურნეობები გვიკავშირდებიან, რომლებსაც ექსპორტი აინტერესებთ, მეღვინეთა გარდა, აქტიურობით გამოირჩევიან ველურად მზარდი მცენარეების გადამამუშავებლები, რადგან ამ შემთხვევაში, ბიოსერთიფიკატი რამდენიმე თვეშიც შეიძლება, მოიპოვონ, მთავარია, მეწარმემ შეარჩიოს ტყის, თუ გეოგრაფიული გარემოს ისეთი უბანი, რომელიც ქიმიურად არ არის დამუშავებული. ვინაიდან მსგავს ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის სააგენტო ატარებს, შესაბამის ცნობასაც ის გასცემს. ჩვენი სპეციალისტები აკვირდებიან შეგროვებისა და გადამუშავების პროცესს და სერთიფიკატს გასცემენ“, – განუცხადა eugeorgia.info-ს „კავკასსერტის“ დირექტორმა, ზურაბ ნადარეიშვილმა.
ველურად მზარდი მცენარეების ექსპორტს კომპანია „ჯეოფლაუერი“ უკვე რამდენიმე წელია, ახორციელებს. თავიდან გერმანელმა პარტნიორმა ვაშლის ჩირი დაუკვეთა, რომელსაც ხილის ჩაიში ურევს და აფასოებს („ჯეოფლაუერის“ დამფუძნებლები იმავდროულად „ჯეოპლანტის“ მესაკუთრეებიც არიან, რომელიც ჩაის ექსპორტიორი და ადგილობრივი ბრენდის „გურიელის“ მწარმოებელია). როგორც კომპანიის დირექტორი, მინდიახურციძე, აცხადებს, უცხოეთიდან ბიომცენარეებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, როგორც რაოდენობაზე, ასევე ასორტიმენტზეც. ამ ეტაპზე „ჯეოფლაუერი“ რაჭაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში მდებარე საწარმოებში ვაშლთან ერთად მთებში მოსულ ასკილს, ველურ მოცვს, მაყვლის ფოთლებს, ქაცვსა და ჭინჭარსაც კი აშრობს, შედარებით დაბალი ზონებიდან კი ძირტკბილას ფესვებს, რომელსაც სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულება აქვს.
„მოცულობაზე არ არის შეზღუდვა, მთავარია, მათ გარანტირებული რაოდენობა მიაწოდო, უფრო მეტიც, ხშირად პროდუქცია საკმარისი არ არის. მაგალითად, შარშან 60 ტონა ხმელი ასკილი ვაწარმოეთ, წელს მხოლოდ -25 ტონა, ფიზიკურად არ იყო. შესაბამისად, იყო პერიოდები, როდესაც ჩვენს მომწოდებლებს ერთ კილოგრამში ლარსაც კი ვუხდიდით, ახლა მისი ფასი 70-80 თეთრია“, – აღნიშნავენ „ჯეოფლაუერში“.
კომპანია მოსახლეობისგან 1 კგ ველურ ვაშლს წელს 15 თეთრად იბარებდა, ნედლ ჭინჭარს – 1,35 ლარად, ძირტკბილას კი – 46 თეთრად.
„შემგროვებლებს ვასწავლით, როგორ და სად უნდა მოკრიფონ ეს მცენარეები, სპეციალურ ტარას ვაძლევთ, თითოეულ მომწოდებელზე დაწვრილებით ინფორმაციას აღვნუსხავთ, როდის და რა მოცულობით ჩაგვაბარა პროდუქცია, სინჯები ყველა პარტიიდან მოწმდება როგორც ჩვენთან, ასევე უცხოეთში, დანიშნულების ადგილზე“, – აღნიშნავს მინდია ხურციძე.
კიდევ ერთი ქართული ბიოპროდუქტი, რომელსაც მალე ევროპის ბაზარი იხილავს, თხილია. მის ექსპორტს კი შვეიცარიული ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია „ანკა ფეარ თრეიდი“ წელს პირველად გეგმავს. კომპანია აქამდე ჩვეულებრივი თხილის რეალიზაციით იყო დაკავებული, თუმცა, ევროპელმა პარტნიორმა ორგანული პროდუქციის წარმოებაც შეუკვეთა. „ანკა ფეირ თრეიდმა“ სამ კოოპერატივთან სამეგრელოსა და გურიაში, რომელთა წევრების საერთო რაოდენობა ასს აღწევს, საპილოტე პროგრამა წამოიწყო.
„22 ტონა მაინც უნდა ჩაგვაბარონ, რომ ტრანსპორტირების ხარჯი გაამართლოს. ყოველდღე ველოდებით, როდის დასრულდება მათი სერთიფიცირების პროცესი. თუ კარგად ავეწყობით, თანამშრომლობასაც გავაფართოებთ. საწყის ეტაპზე ფასნამატის სახით კოოპერატივებს 5%-ს დავუმატებთ, თუმცა, შემდეგ შეიძლება ეს ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განუცადა „ eugeorgia.info-ს კომპანიის დირექტორმა ნინო გაბრავამ.
ბიოპროდუქციის შეტანას ევროპულ ბაზარზე შედარებით აიოლებს ის ფაქტი, რომ მისი სერთიფიცირების პროცესი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე, მაგალითად, GlobalGap -ის შემთხვევაში, რომელიც ჩვეულებრივი ხილისა, თუ ბოსტნეულის ექსპორტირებისთვის არის საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ „კავკასსერტი“ საქართველოშია, 10 -ჰა ორგანული მეურნეობის სერთიფიცირება, საშუალოდ, 1500-2000 დოლარი ჯდება, მაშინ როცა GlobalGap-ის მისაღებად უცხოელი ექსპერტების მივლინებისა და კონსულტაციების ხარჯებმა, შესაძლოა, 20-25 ათასს დოლარს გადააჭარბოს.
პერსპექტიულობის მიუხედავად, საქართველოში ბიომეურნეობების ფართობი ზღვაში წვეთია არათუ მსოფლიოს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან შედარებით: 2013 წლისთვის მხოლოდ 2 ათასი ჰა იყო ორგანული (ან კონვერსიაში მყოფი), აქედან 1400 ჰა ველურად მზარდი მცენარეებისთვის გამოყოფილი (ანუ, პრაქტიკულად, დაუმუშავებელი). 12 მეზობელ ქვეყანას შორის, საქართველო მხოლოდ სომხეთს უსწრებს ფართობით (1000 ჰა). ლიდერი კი, ქვეყნებს შორის, დაახლოებით, 400 ათასი ჰა-თი, უკრაინაა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები მცირემიწიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, წილობრივად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
ორგანულ მეურნეობათა ფართობი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (ჰა)
უკრაინა | – 393 000 | მოლდავეთი | – 22 000 |
ყაზახეთი | – 290 000 | აზერბაიჯანი | – 23 000 (ძირითადად, ველურად მზარდი) |
ლიტვა | – 200 000 | ტაჯიკეთი | – 12 700 |
ლატვია | – 166 000 | ყირგიზეთი | – 2 900 |
ესტონეთი | – 155 000 | საქართველო | – 2 000 |
რუსეთი | – 144 000 | სომხეთი | – 1 000 |
ბიოპროდუქცია „ მოდურია“
ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ორგანული პროდუქციის გაყიდვებმა მსოფლიოში 2013 წელს (უახლესი მონაცემებით) 72 მილიარდი დოლარი შეადგინა, 1999 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა.
მომხმარებლებისთვის ბიოსურსათის მიღება ცხოვრების წესი გახდა, თუ ერთი ნაწილი მის გემოვნურ თვისებებსა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას, დანარჩენისთვის ბუნებასა და ეკოსისტემებში ადამიანის მინიმალური ჩარევის გამო გახდა მისაღები.
ჯანსაღი პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები განვითარებული ქვეყნები არიან – 90%-ზე მეტი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, დანარჩენი კი – აზიაზე (ძირითადად, ჩინეთზე).
ყველაზე დიდი ბაზრები აშშ (24,3 მლრდ დოლარი), გერმანია (7,6 მლრდ ევრო) და საფრანგეთი ( 4,4 მლრდ ევრო). ქვეყნები, რომელთა ორგანული სურსათის გაყიდვები მილიარდ დოლარს აჭარბებს, დიდი ბრიტანეთი , იტალია და შვეიცარიაა. ერთ სულზე დანახარჯებით კი ლიდერობენ შვეიცარია (წელიწადში 210 დოლარი), დანია (163 დოლარი) და ლუქსემბურგი (157 დოლარი).
ორგანული პროდუქციის მომხმარებელი ქვეყნები, ხშირად, ყველაზე მსხვილი მწარმოებლებიც არიან, თუმცა, საკუთარი პროდუქცია მოთხოვნის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს აკმაყოფილებს.
ორგანული ფართობები მსოფლიოში ბოლო 15 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა და 43 მლნ ჰას მიაღწია, ველურ ბუნებასთან ერთად კი, რომელსაც სხვადასხვა მიზნებით (სამკურნალო მცენარეები, აკვაკულტურა, ტყე და ა შ. ) იყენებენ, 78 მლნ ჰა-ს აჭარბებს. დამუშავებული ფართობების 40% – ევროპაშია, თუმცა, ქვეყნების მიხედვით, ლიდერობენ ავსტრალია (17,2 მილიონი ჰა), არგენტინა (3,2 მლნ ჰა) და აშშ (2,2 მლნ ჰა).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით განვითარებადი ქვეყნებიც აქტიურობენ, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აფრიკასა (7%) და აზიაში (6,5%) დაფიქსირდა. ამ პროცესში დღეს მსოფლიოში ჩართულია 2 მილიონამდე მეწარმე და ფერმერი.
ორგანული მეურნეობებით დაინტერესება ბიოსურსათზე მზარდ მოთხოვნას და შედარებით მაღალ ფასებს უკავშირდება. ამასთან, ის საშუალებას იძლევა ტრადიციული მეურნეობების შეხამებას თანამედროვე ტენდენციებიდან, ამავე დროს დამატებით ღირებულებას ქმნის და ფასიც გაცილებით ძვირია.
სამთავრობო პროგრამები:
იმისთვის, რომ მზარდი მოთხოვნა უზრუნველყონ, ევროპული ქვეყნები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ ბიომეურნეობის წახალისებისთვის. 2007-2013 წ.წ. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ორგანულ მეურნეობებზე გრანტებს გასცემდნენ, რომლებიც მათ მოდერნიზაციას და დამატებითი ღირებულების შექმნას ემსახურებოდა. გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანაში შიდა სამთავრობო პროექტებიც ხორციელდება. მაგალითად, საფრანგეთმა 2008 წელს დაიწყო სპეციალური ოთხწლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფერმერებს თავიანთი მეურნეობის ორგანულად გარდაქმნისთვის ფინანსურად ეხმარება. გერმანია 2007 წლიდან ყოველწლურად ამ მიმართულებით 16 მილიონ ევროს გამოყოფს. იტალიის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს, ითვალისწინებს სამამულო ბიოპროდუქციის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე, მის განვითარებასა და მხარდაჭერას როგორც წარმოების, ასევე მიწოდების ჯაჭვში და მომხმარებელთა ინფორმირებას.
მოთხოვნა მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე
აშშ – მსხვილი ექსპორტიორია და ამავე დროს – იმპორტიორიც. ძირითადი სასაქონლო ჯგუფში შედის ყავა, ღვინო, სოიო და ზეითუნის ზეთი.
გერმანია – ბიოპროდუქციის 40%-ის იმპორტს ახორციელებს, მათ შორის, ყველაზე მეტად საჭიროებს ხილსა და ბოსტნეულს (როგორც ნედლს, ასევე გადამუშავებულს). ქვეყანაში შეაქვს ციტრუსი (აქედან ნახევარზე მეტი – იტალიიდან, ასევე ესპანეთიდან, სამხრეთ აფრიკასა და საბერძნეთიდან). ბოსტნეულის 30% შედის ნიდერლანდებიდან, დანარჩენი ესპანეთიდან, იტალიასა და ისრაელიდან. ნედლი ხილის 80% იმპორტირებულია (ტროპიკულის ჩათვლით), რომელთა მიმწოდებლები არიან იტალია, ესპანეთი, ეკვადორი და კოსტა-რიკა. გერმანიაში საიმპორტო ბიოპროდუქციაა თხილი, ჩაი, ყავა, კაკაო, სანელებლები, კულინარული ზეთები და ცხიმები, ასევე ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შედის განვითარებადი ქვეყნებიდან.
ჩეხეთი – ბიოპროდუქციის 60% უცხოეთიდან შემოაქვს, მათ შორის: ჩინეთიდან (ჩაი, ცილოვანი კულტურები), ეგვიპტიდან (ჩირი, მწვანილი და ზეითუნის ზეთი), ფილიპინებიდან (ჩირი), თურქეთიდან (ჩირი, თხილი, ზეთის ხილი), პერუდან (კაკაო და ყავა), ჩილედან (ღვინო), უკრაინიდან (მწვანილი, გაყინული ხილი, წვენები და მარცვლელული), შრი-ლანკიდან (მწვანილი).
დანია – ორგანული სურსათის იმპორტის 90% ევროპიდან შეაქვს, უმეტესად, ჰოლანდიის გავლით. ძირითადი პროდუქციაა ხილი (მათ შორის, კენკრა), ბოსტნეული და მარცვლეული. ასევე ჩირი და თხილი. თუმცა, განვითარებადი ქვეყნების მწარმოებლებმა დანიაში საინტერესო ნიშა შეიძლება იპოვონ: ამ ქვეყანაში კარგადაა განვითარებული ბიოპროდუქციის გადამამუშავებელი ინდუსტრია, შესაბამისად, აქტიურად ეძებენ ნედლეულის წყაროებს მიმზიდველ ფასად.
საფრანგეთი – ორგანული პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ბაზარია. თუმცა, ლიმიტირებულია ბიოხორცეულის (მათ შორის, ფრინველისაც), კვერცხისა და ღვინის იმპორტი, სამაგიეროდ, აქტიურად შეაქვს ტროპიკული ხილი, ყავა, ჩაი, სოიო, აკვაკულტურა, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული და თაფლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
იტალია – მომხმარებული ორგანული სურსათის 80% -ს თავად აწარმოებს, იმპორტზე კი შეაქვს ძირითადად, ხორბალი, შედარებით მცირე რაოდენობით ბარდა, კარტოფილი კივი და წვენების კონცენტრატები.
შვედეთი – შვედეთს შეაქვს ძირითადად, პროდუქცია, რომელსაც თავად ვერ აწარმოებს, მაგ, ხილი . სადაც ყველაზე დიდი წილი ბანანს უკავია, ასევე ბოსტნეულს. გარდა ამისა, ახორციელებს ბიოთხილის, ჩირის და სანელებლების იმპორტს, რომელსაც 12% უკავია საერთო მოცულობაში.
ორგანული მეურნეობების სტრუქტურა მსოფლიოში
მსოფლიოს ბიომეურნეობებში ყველაზე დიდი ფართობი მარცვლეულს უკავია – 3,3 მილიონი ჰა, მას მკვეთრად ჩამორჩება მწვანე მასა, ბალახი (2,4 მილიონი ჰა), ზეთოვანი კულტურები – 780 ათასი ჰა, ბოსტნეული – 305 ათასი ჰა, მნიშვნელოვანი წილი უკავიათ სამედიცინო დანიშნულების მცენარეებს, ხილს, კენკრასა და შაქრის ლერწამს. 3,2 მილიონი ჰა მრავაწლოვან ნარგავებს აქვთ დათმობილი, წამყვანი კულტურებია – ყავა, კაკაო და ზეთის ხილი (ამ უკანასკნელის ფართობი 600 ათას ჰა-ს აღწევს), თუმცა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ თხილს (322 ათსი ჰა), ყურძენს (316 ათასი ა), ციტრუსს (80 ათასზე მეტი), ტროპიკულ და სუბტროპიკულ ხილს, ასევე ჩვეულებრივ, ზომიერ სარტყელში მოყვანილ ხილს (213 ათასი ჰა).
კულტურები, რომლებიც საქართველოშიც მოდის
მარცვლეულის ფართობი ბოლო ათ წელიწადში სამჯერ გაიზარდა. ძირითად სახეობებს ხორბალი, შვრია, ქერი, სიმინდი და სხვა სახეობები წარმოადგენს. პირველ ადგილზე ფართობის მიხედვით, ჩინეთია (600 ათასი ჰა), მას ორჯერ ჩამორჩება აშშ (330 ათასი ჰა), შემდეგ ადგილებს კანადა (300 ათს ჰა), გერმანია (200 ათასი ჰა) და იტალია (190 ათასი ჰა) ინაწილებენ.
ციტრუსების ფართობი 82 ათასი ჰაა, ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რადგან ციტრუსის უდიდეს მწარმოებლებს – ბრაზილიას, ნიგერიას და ინდოეთს, არ გააჩნიათ ინფორმაცია ბიომეურნეობების შესახებ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ზუსტად აღნუსხავენ ამ სტატისტიკას, პირველ ადილზე იტალიაა -28 ათასი ჰა-თი, მას მოსდევს მექსიკა -12 ათასი ჰა და ჩინეთი – 11 ათასი ჰა. გამოირჩევა განა. სადაც ორგანულ ციტრუსს საერთო ფართობში 29% უკავია.
ორგანული არატროპიკული ხილის (ვაშლი, ატამი, მსხვალი, ქლიავი, ბალი) ფართობი 200 ათას ჰა-ს აღწევს, თუმცა, ეს მაჩვენებელი არაზუსტია. რადგან ხილის უმსხვილესი მწარმოებლები ინდოეთი, ირანი და რუსეთი სტატისტიკას ბიომეურნეობაზე არ აწარმოებენ. ოფიციალურად ყველაზე დიდი ფართობი ბიოხილის მიმართულებით დაფიქსირდა პოლონეთში (42 ათასი ჰა), ჩინეთში (35 ათასი ჰა), იტალიაში (28 ათასი ჰა), აშშ-ში (18 ათასი ჰა), თურქეთში (12 ათასი ჰა) და საფრანგეთში (10 ათასი ჰა).
ამ ქვეჯგუფში ნახევარზე მეტი ფართობი ვაშლს უკავია, რომლის მეოთხედი – პოლონეთზე მოდის.
ზეთოვანი კულტურების ნათესები 2003-2013 წლებში ექვსჯერ გაიზარდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან მსხვილ მწარმოებლებს – ყაზახეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას ბიოპროდუქციის ფართობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ გააჩნიათ. ზეთოვანი კულტურების ფართობის მესამედი უკავია სოიოს, 20% – მზესუმზირასა და მიწის თხილს ერთად, რაფსას – 70 ათასი ჰა, მას მოსდევს სეზამი (58 ათასი ჰა) და სელი (51 ათასი ჰა). ოფიციალურად ყველაზე მაღალი წილით ორგანული ზეთოვანი კულტურების წარმოებაში გამოირჩევა პერუ (21 %) და აწარმოებს, ძირითადად, სოიოსა და მიწის თხილს. ელ სალვადორი – სეზამს, ავსტრია – სოიოსა და მზესუმზირას, ისრაელი – ჟოჟობას, ყაზახეთი – სელსა და რაფსას.
ბოლო ათ წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა ცილოვანი კულტურების ფართობი და 300 ათას ჰა-ს მიაღწია. ძირითადი მწარმოებლები არიან საფრანეგთი, ესპანეთი, კანადა, იტალია და შვედეთი (ამ უკანასკნელის ბიოწარმოება მთლიანი ცილოვანი კულტურების ნათესების 70%-ს აჭარბებს).
ორგანული ბოსტნეულის ნათესების ფართობმა 2003 წლიდან სამჯერ მოიმატა და და 300 ათას ჰა-ს გადააჭარბა, ძირითადი მწარმოებლები არიან დანია, ავსტრია, შვეიცარია, გერმანია და ჩინეთი.
ველურად მზარდი მცენარეებისა და თაფლის მწარმოებელი მეურნეობების ფართობი ერთად მსოფლიოში 34 მილიონ ჰა-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ბიოთაფლის წარმოებაში ლიდერი ზამბია ( 6 მლნ ჰა) და ინდოეთია (5 მლნ ჰა), კენკრის ფართობის მიხედვით კი ფინეთია პირველ ადგილზე – (9 მლნ ჰა). სულ მსოფლიოში 1,1 მლნ ორგანული სკაა, აქედან, 190 ათასზე მეტი აღრიცხულია ზამბიაში, 140 ათასი იტალიაში, ხოლო 117 ათასი- ბულგარეთში. მათი რაოდენობა 2007 წლიდან ორჯერ გაიზარდა.
eugeorgia.info