04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

დაკარგავს თუ არა საქართველო აზერბაიჯანულ გაზს ?!

აზერბაიჯანული მედია საქართველოს მიერ გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების მცდელობებთან დაკავშირებით სტატიების მთელ ციკლს აქვეყნებს 

ერთერთი გავლენიანი აზერბაიჯანული სააგენტო trend.az წერს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის, გაზის მიწოდების საკითხზე მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები, რაც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაუგებრობებსა და მთელ რიგ შეკითხვებს ბადებს.

„კერძოდ, საინტერესოა მიზეზები, რომელთა გამოც ქვეყანა, რომელიც არანაირ პრობლემას არ განიცდის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით ასე ისწრაფვის, დაარღვიოს კავშირები ისეთ სანდო პარტნიორთან და მომწოდებელთან, როგორიც ბაქოა. ჩნდება კითხვა: ვინ უფრო მეტად წააგებს ასეთი პოლიტიკისგან – თავად საქართველო თუ აზერბაიჯანი?“– წერს trend.az და აღნიშნავს, რომ ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია კიდევ ერთი „საიდუმლო“ შეხვედრის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შორის.

„კონკრეტულად რა დგას საქართველოს ხელმძღვანელობის მისწრაფების უკან, დაუბრუნდეს რუსული გაზის ნემსს, ამის გაგება რთულია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მთელი ევროპა ცდილობს ამ ნემსიდან ჩამოსვლას. ერთი რამ ნათელია – პრობლემა არის არ არის SOCAR–ის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში. SOCAR Energy Georgia–ს ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მოქმედებს გრძელვადიანი შეთანხმება, რომლით გათვალისწინებული ვალდებულებებსაც აზერბაიჯანი სრულად ასრულებს,“ – წერს აზერბაიჯანელი მიმომხილველი და კიდევ ერთ ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რეალური კავშირი მიმდინარე მოლაპარაკებებსა და მზარდ მოხმარებას შორის. მისი განცხადებით, ყოველწლიურად საქართველოში გაზის მოხმარება დაახლოებით ორ მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, მოხმარების ზრდა კი მხოლოდ 8–10 პროცენტია და ამას ითვალისწინებს აზერბაიჯანი, რომელსაც აღნიშნული მოცულობის მიწოდება ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლია.

„აზერბაიჯანი უზრუნველყოფს საქართველოში გაზის მოხმარების თითქმის 80%–ს,  გასული წლის 11 თვეში SOCAR–მა ამ ქვეყანას 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. ამასთან, „შაჰ დენიზის“ პროექტის ფარგლებში საქართველო აზერბაიჯანიდან შეღავათიან ფასად – ათას კუბურ მეტრზე 55 დოლარად, იღებს გაზს,“ – აღნიშნავს სტატიის ავტორი და სოციალურ ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ იმაზე, რომ “სოკარი“ საქართველოში აქტიურ გაზიფიკაციას ახორციელებს და 2017 წლისთვის აპირებს ქვეყნის გაზიფიკაციის დონე 82 %–მდე გაზარდოს.

„განახორციელებს „გაზპრომი“ საქართველოში იგივე სამუშაოებს? პასუხი ნათელზე ნათელია,“– წერს trend.az–ის მიმომხილველი და დასძენს, რომ საქართველოს მიერ ასეთი პოლიტიკის წარმოების ყველაზე სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ თბილისს სურს რუსეთთან მოლაპარაკებებით შექმნას მოჩვენებითი კონკურენცია გაზის ბაზარზე, რათა აიძულოს „სოკარი“ შეამციროს ფასები მიწოდებულ გაზზე, რომელიც ისედაც საკმარისად იაფია.

„ასე მაგალითად, ამჟამად თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი ათას კუბურ მეტრზე 190 დოლარია, რეგიონებში კი 170–დან 210 დოლარამდე. კომერციული მომხმარებლისთვის SOCAR Georgia–ს გაზის ფასი 350 დოლარია. ამასთან, „სოკარი“ არ აპირებდა საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდას. იმავდროულად უნდა გვესმოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მაინც მოილაპარაკებს რუსეთთან,

აზერბაიჯანული გაზი მაინც მოთხოვნადი იქნება. ის მოცულობები, რომლებიც ახლა საქართველოს გაზგამანაწილებელ ქსელში მიდის, აზერბაიჯანი შეძლებს გადაამისამართოს თურქეთში ან ევროპაში და ის უფრო მომგებიან ფასად გაყიდოს. თურქეთიც და ევროპული ქვეყნებიც მოხარულნი იქნებიან, მიიღონ დამატებითი მოცულობები რუსეთის გაზის ალტერნატიული გაზის სახით. ამ სიტუაციაში აშკარაა პასუხი შეკითხვაზე:  ვინ უფრო მეტს დაკარგავს საქართველოს მიერ აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლებით?“– წერს აზერბაიჯანელი მიმომხილველი.

კომერსანტი