06/05/2024
Latest:
საზოგადოება

დასაქმების პრობლემა – როგორ დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო სამუშაოს მაძიებლებს

ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით „შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა” ჩატარდა. დასაქმება ერთ-ერთი მუდმივი პრობლემაა, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში რჩება. რა გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი, რატომ ვერ საქმდებიან ადამიანები, რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო პროფესიების არჩევის პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, რატომ არ ცდილობს ბიზნესი დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებას – ამ და სხვა თემებზე ვახო სანაიას გადაცემაში „სოციალური პოლიტიკა” ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი გამყრელიძემ ისაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს გთავაზობთ:

– უპირველეს ყოვლისა მოდით ამ კვლევის მიზნებსა და ამოცანებზე ვისაუბროთ, რა სურათის დანახვა გსურდათ და რა მიიღეთ?

– ეს არის მნიშვნელოვანი კვლევა, რადგან ამის უკან დგას ისეთი საკითხები, რომლებიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, როდესაც კვლევაზე ვსაუბრობთ, მიზანი არის ის, რომ გვქონდეს ციფრებით გამყარებული მტკიცებულებები. ანუ როდესაც ჩვენ დავიწყებთ უშუალოდ პოლიტიკის შემუშავების პროცესში სხვა პროგრამების დაგეგმვას, აუცილებელია გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მიგნებებს, ანუ კვლევის შედეგებს და კვლევამ წარმოაჩინოს ის აქტუალური მხარეები, რომლებიც არის უკვე გადასაწყვეტი. მეორე – თავად კვლევის მიზანი არის, რომ გვქონდეს უფრო დეტალური ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული ტენდეციების შესახებ. მაგალითად, როგორია დასაქმება ეკონომიკური სექტორების მიხედვით, გეოგრაფიულ ჭრილში. როგორია შემოთავაზებული ხელფასი სხვადასხვა პოზიციების მიხედვით და ა.შ.

– რა იყო თქვენი აზრით მთავარი მიგნება ამ კვლევაში?

– როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უმუშევრობაზე, უმუშევრობას აქვს თავისი ახსნა-განმარტება და აუცილებელია პროფესიონალურად ვისაუბროთ ამაზე. უნდა გავიაზროთ, რა სახის უმუშევრობასთან გვაქვს საქმე – როდესაც მოთხოვნა მიწოდებას შორის არის საკმაოდ დიდი დისბალანსი, ან ეს არის უმუშევრობა, როდესაც შრომის ბაზარზე არ არის სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრები. ერთ-ერთი მიგნება იყო ის, რომ თვითონ მოთხოვნის კომპონენტი არის საკმაოდ დაბალი იმ პერიოდში, როდესაც კვლევა მიმდინარეობდა. ანუ იმ პერიოდში შეიქმნა 48 000 სამუშაო ადგილი, ხოლო 40 000 შესაბამისად დაიხურა.

რაც შეეხება კვალიფიკაციას, ჩვენ ამ კვლევის ფარგლებში ვმუშაობდით ორ კომპონნეტზე – რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტზე. ამ უკანასკნელმა კარგად აჩვენა ბიზნესის საჭიროებები და დამოკიდებულება კვალიფიციური კადრების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დაბალი ზრდის ტემპი და მოთხოვნა არ არის დიდი, ჩვენ გამოვავლინეთ ტენდენცია, რომ საკმაოდ გასათვალისწინებელია, ის რაზედაც ბიზნესი საუბრობს. რაოდენობრივი კვლევის მიხედვით გამოჩნდა, რომ აპლიკანტები არ აკმაყოფილებენ ყველა საჭირო მოთხოვნა. აქ გვაქვს რამდენიმე მიმართულება, ერთი- ვაკანტური ადგილი რჩება ვაკანტურად ან მეორე დამსაქმებელი ცდილობს უცხოელი კადრების შემოყვანას.

ჩვენ გვჭირდება ცნობიერების ამაღლება. თვითონ კვლევამაც აჩვენა, რომ ბიზნეს სუბიექტები ცდილობენ კვალიფიციური კადრების მოძიებას, მაგრამ ამ კადრებში რამდენს იხდიან და რამდენის გადახდის საშუალება აქვთ ეს უკვე მეორე თემაა. კვალიფიციური კადრის მოძიება შესაძლებელია და შეიძლება კვალიფიციური კადრის გაზრდაც. სასურველია, ყველა კომპანიას ჰქონდეს ასეთი დამოკიდებულება ადამიანური რესურსების კუთხით. კომპანიისთვის კაპიტალდაბანდება არ არის მხოლოდ ტექნოლოგიების განახლება, არამედ ის მუდამ უნდა ზრუნავდეს დასაქმებულის განვითარებაზე…

– თუ შეგიძლიათ გვითხრათ დამსაქმებლების მოთხოვნები?

– ამ კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო აქტუალური პროფესიების წარმოჩენა. 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო და შეიმუშავა მომზადება-გადამზადების პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა 50-მდე პროფესიაში მიგვეღო საჭირო ცოდნა.

– აქტიურობა როგორი იყო, სარგებლობდენენ მოქალაქეები?

– აქტიურობა არ იყო ძალიან დიდი, არ ვიცი რამ განაპირობა ეს. მაგრამ 2016 წელს ისევ იგეგმება აღნიშნული პროგრამის განხორციელება და მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში.

– რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს პროგრამა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს პროგრამები წინაასაარჩევნოდ და შემდეგ შეჩერდება ხოლმე…

– აქტიური პოლიტიკა არ არის მორგებული რომელიმე წელზე, მისი მთავარი მიზანი არის რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოხდეს ფართო სპექტრში და ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებას მომავალშიც ვგეგმავთ…

– რატომ არ ამაღლებს ბიზნესი მათ კვალიფიკაციას, ვინც უკვე დასაქმებული ჰყავთ?

– ამაზე პასუხი არის ძალიან რთული. ქართული კაპიტალიზმი არის დამგროვებლური, ანუ განიცდის არასტაბილურობას და ცდილობს ყველაფერი რაც შეიძლება მალე ამოიღოს და ეს შეიძლება ერთ-ერთი განმაპირობებელი იყოს. აქვე უნდა ვისაუბროთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, იმიტომ რომ ცალკე აღებული საწარმო არ არსებობს. რა თქმა უნდა, აუცილებელია ბიზნესი დაინტერესდეს კადრების მომზადებით, რადგან ეს ისევ ამ საწარმოს მოუტანს წარმატებას… ჩვენი სამინისტრო გეგმავს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნას. ეს იქნება წარმოდგენილი ვებპორტალის სახით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ ინფორმაცია ორი მიმართულებით, პირველი ეს იქნება კარიერული დაგეგმვა და განვითარება, მეორე – ეს იქნება უშუალოდ ანალიტიკა. ანუ მიიღებენ ინფორმაციას რომელი სექტორია წარმატებული, გეოგრაფიულ ჭრილში ნახავენ დასაქმების ტენდეციებს და ა.შ.

– ეს გაკეთდება, მაგრამ დღეს ამის შესახებ არც სახელმწიფოს აქვს სრული ინფორმაცია და არც მოქალაქეებს…

– მართალი ხართ, დღეს რომ გავიგოთ რას ეფუძნება, მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანის გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას, ძალიან რთულია. განათლება ჩვენთან მოიაზრება, როგორც უმაღლესი განათლება. მაგრამ ჩვენ გარკვეული ეტაპიდან უნდა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე. რაციონალურ აზროვნებაზე უნდა გადავიდეთ, რაც ეფუძნება კვლევებსა და ფაქტებს, ანუ გვეცოდინება რატომ ვირჩევთ პროფესიებს.

– როდისთვის დასრულდება ამ სისტემაზე უშაობა?

– ამაზე ჩვენ წელსაც ვმუშაობთ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათთან ვინც შეძლებს მის განხორციელებას, ეს არ იქნება უბრალო ვებგვერდი. მომხმარებელმა ეს უნდა გაიგოს, ჩვენი მიზანია ინფრომაციის მოძიება, გაანალიზება და საბოლოო ჯამში მომხამრებლისთვის მიწოდება, ისე რომ მათ ეს გაიგონ.

წყარო: http://politcommersant.ge/