22/05/2024
Latest:
საზოგადოება

Deutsche Welle: უკრაინაში „სააკაშვილის პარტია“ იქმნება

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის მიერ დაარსებული კორუფციასთან ბრძოლის საზოგადოებრივი მოძრაობა მოსალოდნელია, პოლიტიკურ პარტიად იქცეს.

განგრძობადი პოლიტიკური კრიზისისა და არსებული პარტიების მიმართ ნდობის მკვეთრი ვარდნის პირობებში ექსპერტები ახალი პარტიების გამოჩენას ელოდებიან. ყველაზე ხშირად კი ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილსა და მისი ინიციატივით დაარსებულ „წმენდის მოძრაობას“ განიხილავენ.

მოძრაობის დამაარსებლები, რომელთა შორისაც რუსეთის ყოფილი მოქალაქე და უკრაინული „ფორბსის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ ფედორინიცაა, ფართომასშტაბიანი ანტიკორუფციული კოალიციის შექმნას აპირებენ. ფედორინი, რომელსაც პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ამავდროულად არის თანადამფუძნებელი Bendukidze Free Market Center – ანალიტიკური ცენტრის, რომელიც უკრაინის რეფორმების პროგრამაზე მუშაობს.

„ანტიკორუფციული გეგმა აერთიანებს მემარცხენეებსაც, მემარჯვენეებსაც და ცენტრისტებსაც“, – განმარტავს ფედორინი. მოძრაობის საქმიანობის მეტ-ნაკლებად შესამჩნევ მხარეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ფორუმები, რომელთაგან პირველი დეკემბრის ბოლოს კიევში გაიმართა, თებერვლიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საოლქო ცენტრებშიც დაიწყო.

ფედორინის თქმით, ის ამოცანები, რომლებიც მოძრაობამ თავიდან დაისახა მიზნად, ამ დროისათვის შესრულებულია. ყურადღება ანტიკორუფციული გეგმის მიმართ უკრაინაში იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისეთი ტაქტიკური მიზანი, როგორიცაა მთავრობის ცვლილება, უახლოეს მომავალში მიიღწევა. ასეთ ვითარებაში ბრძოლის გაგრძელება არა მოძრაობის, არამედ პოლიტიკური პარტიის ფორმით, ფედორინის აზრით, სრულიად ლოგიკური იქნება.

სკეპტიკოსები „წმენდის მოძრაობას“ ახასიათებენ, როგორც ოდესის გუბერნატორის აგიტაციურ პროექტს, რომლითაც საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკის უმაღლეს ლიგაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. დეკემბერში დაიწყო საუბრები, რომ ამ გზით სააკაშვილი საფუძველს უყრის თავის მომავალ პოლიტიკურ პარტიას.

ორი კვირის წინ „სააკაშვილის პარტიის“ შექმნა დააანონსა ოდესის გუბერნატორის მოადგილემ, საშა ბოროვიკმა, თუმცა ისევე, როგორც მანამდე, სააკაშვილმა ასეთი გეგმების არსებობა უარყო.

გასულ ოთხშაბათს უმაღლესი რადის დეპუტატმა პოროშენკოს ბლოკიდან და ამავდროულად „წმენდის მოძრაობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სერგეი ლეშენკომ ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ მოძრაობა, ალბათ, გადაკეთდებოდა პოლიტიკურ პარტიად. ამჯერად, სააკაშვილმა ლეშენკოს სიტყვები არც უარყო, არც დაადასტურა. ხოლო Deutsche Welle-ს მის პრესსამსახურში უთხრეს: „როგორც კი ამ თემაზე რამე სათქმელი გვექნება, განცხადებას გავაკეთებთ“.

ის, რომ მოძრაობის შემადგენლობაში ცხარე დისკუსიაა პარტიად შესაძლო გადაკეთების შესახებ, Deutsche Welle-ს ვლადიმირ ფედორინმაც დაუდასტურა.

სააკაშვილი კი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ფრთხილად ეკიდება, თუმცა მან არ უარყო ლეშენკოს ბოლო განცხადება, რომ ანტიკორუფციული მოძრაობა შესაძლოა, სააკაშვილისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო ფონის შექმნას ემსახურებოდეს. ეფექტიანი პოლიტიკის ფონდის ხელმძღვანელი მიხაილ მინაკოვი კი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს, თუმცა მისი ინიციატივების წარმატება, შესაძლოა, მას საქართველოში ახლებურად პოზიციონირებაში დაეხმაროს.

დიდ პოლიტიკაში ტრამპლინისთვის „წმენდის მოძრაობა“ პირველ რიგში ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსებს განიხილავს. „არის ახალგაზრდობა, რომელიც იღწვის ძალაუფლებისკენ, ოცნებობს საკვანძო თანამდებობებზე მოხვედრაზე. სააკაშვილისთვის ეს არის პოლიტიკური პროექტი. სრულიად შესაძლებელია, რომ გამოიყოს გარკვეული ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდება“, – განმარტავს მინაკოვი.

მოძრაობის დაყოფას არ გამორიცხავს არც ფედორინი: „კარგი იქნებოდა ბოლომდე ერთად დარჩენა, თუმცა განსხვავებული ვარიანტებიც შესაძლოა, განვიხილოთ. მათ შორის ისიც, რომ სხვადასხვა მიმართულებად დავიშალოთ. ვიღაცეები შექმნიან პარტიას, ვიღაცეები სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში გააგრძელებენ ბრძოლას“. ფედორინი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ ფრონტს დაუჭერს მხარს, რადგან საქართველოს ექსპრეზიდენტი, ფედორინის თქმით, „სულით ხორცამდე პოლიტიკოსია“.

როგორი შეიძლება იყოს მომავალი პარტია, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ლეშენკოს თქმით, პარტიაში არ იქნებიან პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებსაც სხვა პარტიის წევრობის გამოცდილება აქვთ. ბოროვიკი კი ამბობს, რომ საუბარია მემარჯვენე-ცენტრისტულ და სოციალ-ლიბერალურ პროგრამაზე. მიხეილ მინაკოვის თქმით, სწორედ ეს ნიშაა ამჟამად თავისუფალი უკრაინულ პოლიტიკურ მოედანზე.

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილები თავად სააკაშვილის მიმართ, – განმარტავს პროექტ „გერმანულ და ევროპული კვლევების“ კოორდინატორი ფელიქს შიმანსკი-გაიერი. მისი თქმით, ემოციურობისა და პიარზე ორიენტირებულობის გამო, ოდესის გუბერნატორს დასავლეთში ეჭვის თვალით შეხედეს. ამასთან, დასავლეთში კარგად ახსოვთ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადაში საქართველოში მმართველობის ავტორიტარული ტენდენციები შეინიშნებოდა.