დიმიტრი ქუმსიშვილი – 2012 წლიდან მოყოლებული უმუშევრობა 2,7%-ით არის შემცირებული
2012 წლიდან მოყოლებული უმუშევრობა 2,7%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კერძო სექტორში ბრუნვა არის გაზრდილი 13,9%-ით და 9 თვეში ეს არის 37,8 მილიარდი ლარი. ასევე გაზრდილია ხელფასები 8,3%-ით, ასევე გაზრდილია დასაქმება.
“მნიშვნელოვანია ხელფასების ნაწილი და ამაზე მინდა შევჩერდე. ხელფასებთან მიმართებაში ჩვენთან ყოველთვის არის საუბარი ინფლაციურ მაჩვენებელსა და ხელფასს შორის, ანუ რამდენად მსყიდველუნარიანია ხელფასი, რომელიც მიეცა ადამიანს იმასთან შედარებით, რაც იყო შარშან. ჩვენ გაცილებით ნაკლები გვაქვს ინფლაცია, ვიდრე იყო ხელფასის მატება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული 2,7%-ით არის უმუშევრობა შემცირებული. აქვე ქუმსიშვილმა მეთოდოლოგიაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ხდება გამოთვლა.
“მეთოდოლოგია არის იგივე. ხანდახან გვეუბნებიან ჩვენი ოპონენტები, რომ შეიცვალა. არაფერი არ შეგვიცვლია, იგივე მეთოდოლოგიაა, აქედან გამომდინარე, აქ ციფრები არის რეალური”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
წყარო: bpn.ge