ეკონომიკა

“ძალიან კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ მოახერხა, შეენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდის ტემპი”

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,3 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და არსებული სიტუაციის შესახებ გვესაუბრება თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრი გიორგი ომანაძე:

– როგორ ფიქრობთ, ზრდის აღნიშნული მაჩვენებელი რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არის თუ არა რეალობასთან შესაბამისი ან საკმარისი?

– პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირებულია ზრდა და, ბუნებრივია, ეს მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ აღნიშნული ზრდის ფონზე, წლის პირველ ცხრა თვეში ინფლაცია უკვე გაცდა მიზნობრივ მაჩვენებელს, ეს დამაფიქრებელი მომენტია.

მოგეხსენებათ, რომ რეგიონში საკმაოდ არასტაბილური სიტუაციაა და რიგ ქვეყნებში ფიქსირდება ვარდნა, თუმცა, საქართველოს მთავრობამ მოახერხა, რომ შეენაჩუნებინა ზრდის ტემპი.

რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის თუნდაც 3%-იანი ზრდა არ არის საკმარისი და გვჭირდება ორნიშნა ციფრში გამოხატული ეკონომიკური ზრდა, თუმცა, საქართველოსნაირი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის შეუძლებელია გარე ფაქტორებს არ მიექცეს ყურადღება და ამან თავისი როლი არ ითამაშოს.

– რა უმთავრეს პრობლემებს გამოყოფდით, რაც აფერხებს დღეს ეკონომიკურ ზრდას?

– როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, უნდა აღვნიშნოთ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა, რაც აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე დადებითად ან უარყოფითად. როდესაც ამ საკითხს ეხება საქმე, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესები უნდა გადადონ გვერდზე და ერთობლივად მიხედონ საქმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასტაბილურმა სიტუაციამ შეიძლება ქვეყანა გაკოტრებამდე მიიყვანოს. შემაფერხებელი ფაქტორებიდან ასევე აღსანიშნავია რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაცია, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ექსპორტს, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიური მოლოდინები.

– საქსტატი აქვეყნებს საწარმოთა საქმიანობის შედეგებს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იკვეთება, – რეგიონების მიხედვით, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში კვლავ თბილისი ლიდერობს, სადაც პროდუქციის მთლიანი გამოშვების 64.6 პროცენტი მოდის, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე უმნიშვნელო წილი. იგივე მდგომარეობაა დასაქმების კუთხით, ანუ თბილისზე მოდის დასაქმებულთა 62.8%. რაზე მიუთითებს აღნიშნული დისბალანსი და რა უნდა ქნას მთავრობამ, რომ ეს შეუსაბამო მაჩვენებლები გრძელვადიან პერსპექტივაში გამოასწოროს?

– საქართველოში არსებული კომპანიების ბრუნვების 70%-ზე მეტი მოდის დედაქალაქში არსებულ კომპანიებზე, რაც ძალიან დიდი ციფრია. აუცილებელია მოხდეს ბიზნესების დეცენტრალიზაცია, რომ რეგიონებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა იყოს წარმოებაში, თუ ასეთი არსებობს. ამ კუთხით, მრავალი მასტიმულირებელი გზა არსებობს, რაც მთავრობას შეუძლია გამოიყენოს. ასევე, შეგვიძლია საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით, მეწარმეობის სურვილი გავუჩინოთ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების რეფორმას სათანადო ყურადღება მიექცეს, ვინაიდან ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული განათლება ძალიან დეფიციტურია საქართველოში. ამ მხრივ მთავრობამ აქტიური პოლიტიკა უნდა გაატაროს რეგიონებში, იგივე გადამზადების და სხვადასხვა, პრაქტიკული ცოდნის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელებით.

– 2015–2016 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილს იკავებს. საქართველოს პოზიცია გასულ წელთან შედარებით, 3 პუნქტით გაუმჯობესდა. 2014–2015 წლების რეიტინგში საქართველოს 69–ე ადგილი ეკავა, თუმცა წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა არ შეცვლილა და ის კვლავ 4,22-ს შეადგენს. რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მსგავს რეიტინგებს და რაზე მიუთითებს ეს მცირედი გაუმჯობესება?

– რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის რეიტინგები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო არენაზე ინვესტორების დასაინტერესებლად. მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა აქცენტირებული არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ნებისმიერ რეიტინგში დაწინაურება ჩვენთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. რაც შეეხება მიმდინარე 66–ე პოზიციას, როგორც აღნიშნეთ, პოზიცია გაუმჯობესდა, თუმცა, სარეიტინგო ქულა არ შეცვლილა, რაც ძირითადად განპირობებულია სხვა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით, ჩვენ კი შევძელით იმ უპირატესობების შენარჩუნება, რაც გვქონდა.

აღსანიშნავია, რომ შეფასების კოეფიციენტი შემცირებულია ისეთ კომპონენტში, როგორიც არის ინფრასტრუქტურა, რაც რეალურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ გაზრდილია შეფასების მაჩვენებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის კუთხით, რაც ცალსახად დადებითია და ასევე განათლების კუთხით გვაქვს წინსვლა. ყველაზე დაბალი შეფასება გვაქვს ინოვაციურ ბიზნესში, ეს ჩვენი ერთ–ერთი მინუსია, შარშანაც ანალოგიურად იყო, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მთავარი მიმართულება არის ინოვაციური ბიზნესის განვითარება და ჩვენც უნდა ვიზრუნოთ, რომ როგორმე ეს სფერო გამოვაცოცხლოთ.