საზოგადოება

ავტოგაზი გაიაფდა – ბუნებრივი აირის ფასი 10 თეთრით შემცირდა

როგორც იქნა ავტოგაზის მომხმარებლებმაც იგრძნეს საერთაშორისო ტენდენციით გამოწვეული ფასდაკლება. გაზგასამართ სადგურებზე 1 კბ/მ ბუნებრივი აირის ფასი 10 თეთრით შემცირდა. რომ არა საქართველოს მთავრობის პრინციპული დამოკიდებულება, საავტომობილო აირი ახლაც ძვირად გასაღდებოდა.

კომპანია „ველოგაზ პლუსის“ დირექტორი როინ ნოზაძე ადასტურებს, რომ აზერბიჯანულმა კომპანიამ 1000 კუბურ მეტრზე გაზის საფასური 46 დოლარით შეამცირა, რაც სამომხმარებლო ტარიფზეც შესაბამისად აისახა. მისი ინფორმაციით, ადრე 1000 კუბურ მეტრ გაზს 316 დოლარად ყიდულობდნენ, ახლა კი 270 დოლარად მიიღეს. ფასის ცვლილების შემდეგ კომპანიამ მომწოდებელთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და ახალი ტარიფი დაადგინა.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, როინ ნოზაძე აცხადებს, რომ მომხმარებლებისთვის გაზის საფასურმა 1 აპრილის შემდეგ 10 თეთრით დაიწია და ახლა 1,15 ლარს შეადგენს.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფასის დაკლება დადებითად აისახა რეალიზაციაზე და გაყიდვები 30%-ით გაეზარდათ.

„სოკარის“ მიერ ფასის კლებას ადასტურებენ გაზგასამართი სადგურების კომპანია „თიბიეს ჯგუფშიც“. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, 1000 კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით 40 დოლარით შეუმცირდათ და სამომხმარებლო ტარიფსაც 10 თეთრი დააკლეს.

ავტოგაზის საფასურის შემცირებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა ენერგეტიკული გარჩევები უძღოდა. ქართული მხარე საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად ბუნებრივი აირის ტარიფის კორექტირებას მოითხოვდა.

დიდი გარჩევების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ ამ რამდენიმე კვირის წინ მზადყოფნა გამოთქვა, რომ გადაეხედა საფასო პოლიტიკაზე. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1000 კბ/მ-ის კომერციული ფასი 35-40 აშშ დოლარით შემცირდებოდა. მალე ეს რეალურად განხორციელდა და ახლა ქართველ მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მანქანები შედარებით იაფი გაზით გამართონ.

ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული ენერგოკომპანია ფასების დაწევას აპირებდა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაავრცელა.

„სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ/მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი“,- აღნიშნული იყო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა განსხვავებული ვითარებაა თხევადი საწვავის ბაბზარზე. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 44 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც თითქმის 65%-იან გაძვირებას ნიშნავს. საქართველოში ალგ-ალაგ უკვე შეინიშნება ბენზინისა და დიზელი ფასის ზრდა.

„1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი არის 44-დოლარიან ნიშნულზე, რაც გასული წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენთან საწვავის ფასი ორ ფაქტორზეა დამოკიდებული – ლარის კურსი და საერთაშორისო ფასები. ლართან დაკავშირებით ვითარება ოპტიმისტურია. თუკი საერთაშორისო ბაზარზე მოცემულობა არ შეიცვალა და ეს ფასები დარჩა, ყველაფერი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.

იგი არ გამორიცხავს, რომ ლარის გამყარების შემთხვევაში, საწვავზე ფასი აღარ გაიზარდოს, ან მატება მხოლოდ არაბრენდირებულ ან ისეთ კომპანიებს შეეხოს, რომლებსაც პროდუქტი ძვირად აქვს ნაყიდი.

წყარო: for.ge