05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ეკონომიკის წინააღმდეგ

რეფინანსირების განაკვეთი 8% გახდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ისევ გაამკაცრა. ინფლაციის გაჩერება კი ვეღარ ხერხდება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბერში 6,3-იანი ინფლაცია დააფიქსირა, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს 1,3%-ით აჭარბებს. ამიტომაც, ეკონომისტების ნაწილი ეროვნული ბანკის გააქტიურებას დაგვიანებულად აფასებს და აღნიშნავენ, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად მის ხელთ არსებული ბერკეტები უფრო ადრე უნდა გამოეყენებინა.

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს რომ გაზრდიდა, ამაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. სებ-ში იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ინფლაციაზე დადებითად ამჯერად მაინც ასახება და თუ სხვა დამატებითი “შოკები” არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მოსალოდნელი არ არის.

“მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მომდევნო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და 5%-იან მიზნობრივ ნიშნულამდე წლის მეორე ნახევარში შემცირდება”, – აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.

სამომხმარებლო ფასების ზრდას ეროვნულ ბანკში წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირებასა და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა უკავშირებენ. ასევე განმარტავენ, რომ ინფლაციაზე გავლენა ელექტროენერგიის ერთჯერადმა ზრდამ მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგია თბილისში სექტემბერში გაძვირდა, რეგიონებში კიდევ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილება სექტემბრისა და ოქტომბრის ინფლაციაზე ერთხელ უკვე აისახა, შესაბამისად, ელექტროენერგიის ერთჯერადი ზრდა ყოველთვიურ ინფლაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამიტომ, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის ყოველ გამკაცრებაზე ამ არგუმენტის მოყვანა ცოტა გაუგებარია.

ეროვნულ ბანკში, ამასთანავე განმარტავენ, რომ საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ, პოზიტიური ტენდენციები გრძელდება. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ დააჩქარა იმპორტის კორექტირების პროცესი. ბოლო სამ თვეში იმპორტის წლიურმა კლებამ 18 პროცენტი შეადგინა (ერთჯერადი იმპორტის გათვალისწინების გარეშე).

“შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის”, – განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ინფლაციას ვერ აჩერებს, ამასთანავე სესხებს უძვირებს იმ მსესხებელს, რომლებსაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ვალდებულებები აქვთ. მიუხედავად ამისა, ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მაინც დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ინფლაციის ზრდის ტემპების შესამცირებლად ეს გადაწყვეტილება მართებულია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2015 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5838 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2726 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხი 8564 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის პირველ ოქტომბერთან შედარებით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 12-ით გაიზარდა, ხოლო ბიზნესსესხის რაოდენობა კი 35-ით შემცირდა. ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 2015 წლის 23-ით არის შემცირებული.

საბანკო სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს სხვა გამოსავალი არ აქვს, ვინაიდან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს კარგა ხანია გასცდა.

“მართალია ეროვნული ბანკი, როდესაც ამბობს, რომ ლარის კურსზე ზეწოლის ფუნდამენტური ფაქტორები ამოწურულია და მთავარი საკითხი მონეტარული ინსტრუმენტების სწორად გამოყენება რჩება. თუმცა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები დაგვიანებულია და მას მონეტარული ბერკეტები უფრო ადრე უნდა აემოქმედებინა”, – აცხადებს გოჩა თუთბერიძე და ამასთანავე დასძენს, რომ ეროვნული ბანკის მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს კომპლექსურად ვერ იყენებს.

“ვფიქრობ ეროვნულ ბანკს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე ჩამოყვანა მომდევნო ორ კვარტალშიც გაუჭირდება”, – ფიქრობს გოჩა თუთბერიძე.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუას აზრით, თუკი ეროვნული ბანკი შეასრულებდა სავალუტო ფონდის რეკომენდაციას და გადავიდოდა მაკრო პრუდენტულ მართვაზე, მხარს დაუჭერდა ეკონომიკის უფრო მეტად დაკრედიტებას და შეზღუდავდა სამომხმარებლო სესხებს ეროვნული ვალუტა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, ხოლო ინფლაციაზე ზეწოლა ნაკლები.

“ეროვნული ბანკი მხოლოდ მონეტარული მეთოდების იყენებს, ეს ქმედება კურსის სტაბილურობისთვის და მცირედით გამყარებისთვის არის საკმარისი. დავაზუსტებ, რომ სავალუტო კურსის რეკომენდაციით, 2015 წელს ეროვნული ბანკი უნდა გადასულიყო ბაზელი 3-ის პრინციპზე, უნდა შემოეღო კაპიტალური ბუფერების რეჟიმი, უნდა მომხდარიყო საცალო სესხის შეზღუდვა შემოსავალთან მიმართებით პრინციპის დაცვით.  სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ყოველი მესამე სესხის ამღები, თავის შემოსავლის მესამედზე მეტს იხდის ვალდებულებებში. სწორედ ეს უნდა შეეზღუდა ეროვნულ ბანკს, შესაბამისად დღეს უფრო ძლიერი ეროვნული ვალუტა  და ნაკლები ინფლაცია გვექნებოდა”, – ამბობს მიხეილ დუნდუა.

ასე რომ, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთი წლის თავზე მთავრობის ახალი საზრუნავი ინფლაციის შეჩერება გახდა. ერთი წლის წინ ეროვნულ ბანკს ეკონომისტები აფრთხილებდნენ, რომ მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტურად და გაბედულად ეწარმოებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის მასშტაბური გაუფასურება ინფლაციის საფრთხეებს გააჩენდა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი ქართული ვალუტის ისტორიაში შავი ფურცელზე ჩაიწერება. ეს ის პერიოდია, როდესაც რამდენიმე წლიანი სტაბილურობის შემდეგ ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. ანალიტიკოსების განცხადებით, წელს მსგავსი კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მოსალოდნელია სამომხმარებლო პროდუქტზე მსოფლიო ფასების ზრდა და მთავრობა, წინასაარჩევნოდ, შეიძლება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგეს.  

მაკა ვარადაშვილი