ეკონომიკა

“ეროვნული ბანკი ვერ ერკვევა ფინანსური სისტემის მართვის საბაზო პრინციპებში”

საბანკო სექტორი უნდა იყოს მთავრობისთვის პრიორიტეტული და დღეს ამ სექტორს სისტემური ცვლილებები ჭირდება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ამის შესახებ „კომერსანტს“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა ფინანსისტმა კახა ჩარგეიშვილმა განუცხადა.

მან „ქართული ოცნების“ მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული ხედვა წარუდგინა. თუმცა, როგორც ამბობს, ხელისუფლებამ მისი გეგმა უპასუხოდ დატოვა.

კახა ჩარგეიშვილის თქმით, გეგმა ასევე ცნობილი უნდა ყოფილიყო როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი პრემიერისთვის. თუმცა ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურების მმართველობაში არსებული ინერტულობისა და არაპროფესიონალიზმის გამო, სტრატეგიის განხილვა არ შედგა.

როგორც ჩარგეიშვილი ამბობს, მისი სტრატეგია ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის უმოკლედ ვადებში გამოსწორებას გულისხმობდა.

კახა ჩარგეიშვილი მოღვაწეობას კვლავ ამერიკულ ფინანსურ სექტორში აგრძელებს. „კომერსანტი“ მას ნიუ-იორკში დაუკავშირდა და ესაუბრა საქართველოში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე.

„პოსტ საბჭოთა პერიოდში, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს პოლიტიკურმა მმართველმა გუნდებმა ვერ შეძლეს ქვეყნის ეკონომიკის გარდაქმნა. ქვეყანაში კვლავ ჭარბობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, და შემოსავლების დონე არ შეესაბამება განვითარებადი ქვეყნების მახასიათებლებს. საერთაშორისო ეკონომისტები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, თანხმდებიან, რომ არაფერი არ გაკეთებულა ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის, გარდა იმ კოსმეტიკური ცვლილებებისა, რომლებიც „მესამე სამყაროს“ ქვეყნების რეფორმებისთვისაა დამახასიათებელი“, – აცხადებს ფინანსისტი.

მისი თქმით, ზოგადად, პოლიტიკური ძალის ცვლილება ჯანსაღი მოვლენაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. როგორც ამბობს, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ისტორიული შანსი ქვეყნის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.

„მე ჩავთვალე, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი ქვეყნისთვის და ამ მიზნით შევქმენი საერთაშორისო კაპიტალის მართვის პოსტულატებზე დაფუძნებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმა და შევთავაზე „ქართული ოცნების“ მთავრობას. მაგრამ ხელისუფლებამ ჩემს შეთავაზებაზე რეაგირება არ მოახდინა. დღევანდელი ეკონომიკური სიტუაციაც სტაგნაციურია და საჭიროებს დაუყოვნებლივ სისტემურ ცვლილებებს,“– აცხადებს კახა ჩარგეიშვილი.

2012 წელს, წინა მთავრობის მიერ დატოვებულ ეკონომიკას, ფინანსისტი ახასიათებს, როგორც „უმუშევრობისასტრონომიული დონის მქონე და კრიმინალურ საბანკო სისტემას“.  მისი თქმით, რეგულაციის არარსებობის პირობებში, ქართული საბანკო სისტემა არ განსხვავდება სხვა განვითარებადი სისტემებისგან, მათ შორის რუსულისგან. საქართველოში 20 ბანკიდან 15 უცხოურია, და დარჩენილი 5 ბანკის მაჟორიტარი მფლობელები არ არიან ქართველები. ეს, როგორც ჩარგეიშვილი ამბობს, გარდა აშკარად გამოკვეთილი პრობლემისა, მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი ვერ ერკვევა ფინანსური სისტემის მართვის საბაზო პრინციპებში და შესაბამისად ვერც ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

მისი გეგმა, რომლის შესახებაც მაშინდელი და ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრები, ივანიშვილი და ღარიბაშვილი უნდა ყოფილიყვნენ საქმის კურსში, როგორც მისი ავტორი თავად ამბობს, კომპლექსურია და მოითხოვს კოორდინირებულ ქმედებებს. გეგმა მოიცავს სტრატეგიული დონის ხედვას და იმ რეფორმების ნუსხას, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდება 10%-მდე და რეალური ხელფასები და პენსიები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„პოზიტიური შედეგები იქნებოდა სახეზე პირველი წლის განმავლობაში,“ – აცხადებს კახა ჩარგეიშვილი.

მისი აზრით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პროგრესული საგადასახადო მოდელის შექმნას, სრულყოფილ და ფუნქციონირებად საბანკო სისტემას და თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას. მაკროეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით უნდა განისაზღვროს ეროვნული ვალუტის რეალური ღირებულება და საპროცენტო განაკვეთები, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და მშპ–ის ზრდას. კახა ჩარგეიშვილის თქმით, საქართველოში ასეთი პოლიტიკა პრაქტიკულად არ არსებობს.

ერთ-ერთ პრობლემად ფინანსისტი ასევე ასახელებს ბანკთაშორისი ლიკვიდურობისა და ლარის ჰეჯირების ინსტრუმენტების არარსებობას, რაც ხელს უშლის ფინანსური კაპიტალის ბაზრის შექმნას და რეალური უცხოური ინვესტიციების ზრდას.

„გასული 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო კაპიტალის ბაზარი ფუნდამენტურად შეიცვალა. ასეთ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო ფაქტორების გათვალისწინებაც ეკონომიკის წარმატებით განვითარებისთვის. 90–იანი წლების ეკონომისტების უმრავლესობა ამ ცვლილებებში კარგად ვერ ერკვევა,“ – ამბობს კახა ჩარგეიშვილი.

მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი პროფესიონალების ნაკლებობაა საჯარო სექტორში.

„არაკომპეტენტურობა და უცოდინრობა ისეთ დონეზეა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კრიმინალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც შეიძლება იყოს საჭირო. ზემოთაღნიშნულის შესაბამისად კეთდება დასკვნა: მთავრობამ ვერ გაამართლა ქართველი ხალხის მოლოდინი ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეკონომიკა უნდა გადავიდეს სხვა ორბიტაზე და ქვეყანაში არსებული პოტენციალის გათვალისწინებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ეკონომიკური სიძლიერე არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულყოფილ გაწევრიანებაში. ჩვენ, სამწუხაროდ ვერ შევძელით განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკური მოდელის გარდაქმნა და მხოლოდ სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ვცდილობთ. ამიტომ დღეს აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკური რგოლის მმართველობის შეცვლა, რათა მოხდეს სტრატეგიული მიმართულებების სწორად განსაზღვრა. ნათელია, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს,“– აცხადებს ფინანსისტი.

კახა ჩარგეიშვილის შესახებ – მას აქვს 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო საბანკო სფეროში. მისი კარიერა უკავშირდება გლობალურ ფინანსურ კომპანიებს – Citigroup, Bank of America, და Merrill Lynch. კახა ასევე მართავდა BCS Global Investment Bank–ს, უმსხვილეს ევროპულ ფინანსურს ჯგუფს, რომელიც ახორციელებს 500 მილიარდ აშშ დოლარის ოპერაციებს. კახა ჩარგეიშვილი ხშირად აკეთებს კომენტარს CNN-ზე და მსოფლიოს სხვა წამყვან ტელევიზიებში.

კომერსანტი