04/05/2024
Latest:
საზოგადოება

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის და დარჩენის წესები მარტივდება

ევროკავშირში არაწევრი ქვეყნის სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის ახალი წესები ამოქმედდება. ოთხშაბათს მიღებული დოკუმენტის თანახმად მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ბინადრობის წესები მარტივდება. კერძოდ, ახალი წესები შეეხებათ სტუდენტებს, მკვლევარებს, მოხალისეებსა და სკოლის მოსწავლეებს.

სტუდენტებსა და მკვლევარებს სწავლისა/კვლევის დასრულების შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დარჩენა 9 თვის განმავლობაში შეეძლებათ. როგორც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილზე სამუშაო ადგილის მოძებნას და კურსდამთავრებულების უნარების ევროკავშირისთვის გამოყენებას.

ასევე მარტივდება სტუდენტებისა და მკვლევარების გადაადგილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. აღნიშნულ პირებს აღარ მოუწევთ სავიზო განაცხადის ხელახლა შევსება, თუ მათ სემესტრულად ევროკავშირის სხვა ქვეყანაში მოუწევთ სწავლის გაგრძელება. მკვლევარებისთვისაც სხვა ქვეყანაში გადაადგილების პერიოდი ხანგრძლივდება.

კიდევ ერთი ცვლილება მკვლევარების ოჯახის წევრებს შეეხება, – კერძოდ მკვლევარის ოჯახის წევრებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მუშაობის უფლება ენიჭებათ.

სტუდენტებს კი კვირაში 15 საათით მუშაობის უფლება ენიჭებათ.

დირექტივა ევროპის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, თუმცა წევრ ქვეყნებს ორი წელი აქვთ იმისთვის, რომ აღნიშნული დირექტივის მათ კანონმდებლობასთან ჰარმონიზება მოახდინონ.